მიხეილ ჯანელიძე: აგვისტოს ომის შემდეგ, ჩვენს დავკარგეთ ის მინიმალური დაცვის მექანიზმები, რაც გვქონდა

“გასულ ათწლეულში, საერთაშორისო თანამეგობრობის უუნარობამ, გადაეჭრა გაჭიანურებული კონფლიქტები და თავიდან აეცილებინა ახალი კონფლიქტების წარმოქმნა, დაგვანახა არსებული უსაფრთხოების არქიტექტურის ფუნდამენტური ნაკლოვანებები”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამართული დებატების დროს განაცხადა.
ჯანელიძემ საქართველოში არსებულ კონფლიქტებზე – რუსეთის აგრესიაზე ვრცლად ისაუბრა. მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერ მოახერხა, ეფექტიანი რეაგირება მოეხდინა აღნიშნული მოვლენების მომასწავებელ ადრეულ ნიშნებზე.
„უპირველეს ყოვლისა, მსურს მადლობა გადავუხადო უკრაინას, როგორც უშიშროების საბჭოს პრეზიდენტს, ამ დროული და ძალზე მნიშვნელოვანი დებატის გამართვისთვის, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს რეგიონზე და ვიმსჯელოთ, თუ როგორ ვუპასუხოთ უსაფრთხოების კუთხით ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებსა და ჩვენს კონტინენტზე არსებულ არასტაბილურ გარემოს. მსურს, მადლობა გადავუხადო გენერალურ მდივანს, ბატონ ანტონიო გუტერეშს და ეუთოს გენერალურ მდივანს, ბატონ ლამბერტო ზანიერის დებატებში მონაწილეობისა და კონტრიბუციისათვის.
ბატონო პრეზიდენტო, გაერო შეიქმნა ომის დასასრულებლად, როგორც კონფლიქტების პრევენციის, მშვიდობის დამყარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო ინსტრუმენტი. მიუხედავად ამისა, დღეს ძნელად თუ მოიძებნება რეგიონი, რომელიც არ დგას დაპირისპირებებისა თუ უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე. ევროპაში არსებულ კონფლიქტებს შორის მრავალი მსგავსება და საერთო მახასიათებელია ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვის სახით. პირველად, ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ აგრესია საქართველოში, შემდეგ – უკრაინაში და შესაძლებელია, ეს სხვაგანაც განმეორდეს, თუკი დღეს არაფერს მოვიმოქმედებთ.
ევროპაში არსებული თანამშრომლობის პოლიტიკური კულტურა, რაც ასახული იყო ეუთკ/ეუთო-ს ძირითად დოკუმენტებში საპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. ჩვენ დავუბრუნდით მუქარისა და ძალის გამოყენების პოლიტიკას. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ არსებული უსაფრთხოების არქიტექტურა შეგნებულად ირღვევა უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მიერ, რომელიც თავად უნდა იდგეს საერთაშორისო პრინციპების სადარაჯოზე. გასულ ათწლეულში, საერთაშორისო თანამეგობრობის უუნარობამ, გადაეჭრა გაჭიანურებული კონფლიქტები და თავიდან აეცილებინა ახალი კონფლიქტების წარმოქმნა, დაგვანახა არსებული უსაფრთხოების არქიტექტურის ფუნდამენტური ნაკლოვანებები.
ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ 90-იანი წლებიდან დაწყებული, 16 წლის განმავლობაში, საქართველოში კონფლიქტზე უშიშროების საბჭომ მიიღო 39 რეზოლუცია, რომლებიც ადასტურებს ჩემი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, გმობს ეთნიკურ წმენდას და ხაზს უსვამს „სერიოზული ძალისხმევის აუცილებლობას იძულებით ადგილნაცვალი პირების და ლტოლვილების ღირსეული დაბრუნების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, მათი უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით”. საქართველოს გამოცდილებით, კონფლიქტმა, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, კულმინაციას 2008 წელს მიაღწია, საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციისა და ჩვენი ტერიტორიების შემდგომი ოკუპაციის სახით. საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერ მოახერხა ეფექტიანი რეაგირება მოეხდინა აღნიშნული მოვლენების მომასწავებელ ადრეულ ნიშნებზე. უფრო მეტიც, აგვისტოს ომის შემდეგ, ჩვენს დავკარგეთ ის მინიმალური დაცვის მექანიზმები, რაც გვქონდა, რადგან 2009 წელს, UNOMIG და ეუთოს მისიები რუსეთმა ცალმხრივად დაბლოკა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ამ მისიების ადგილზე ყოფნისა და ვითარების მონიტორინგის მზარდი საჭიროება.
ეს ნათლად ადასტურებს, რომ ყველა გაჭიანურებული თუ მიძინებული კონფლიქტის შემთხვევაში, მუდმივად არსებობს ესკალაციის საფრთხე. აღნიშნული გარემოება ქმნის უშიშროების საბჭოს მხრიდან რეგულარული მონიტორინგის აუცილებლობას, ნაცვლად ცალკეულ შემთხვევებში უკვე წარმოშობილ კრიზისულ ვითარებაზე რეაგირებისა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გენერალურმა მდივანმა უშიშროების საბჭოს წარუდგინოს პერიოდული ანგარიშები გაჭიანურებული კონფლიქტების შესახებ.
ქალბატონებო და ბატონებო, მაშინ, როდესაც გაერო, ეუთო და ევროკავშირი უკვე 8 წელია თანამოდერატორების სახით არიან ჩართულნი რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, უფრო მეტი უნდა გაკეთდეს ხელშესახები შედეგის მისაღწევად, რაც უპირველეს ყოვლისა, ყველა მხრიდან პოლიტიკურ ნებასა და მზადყოფნას საჭიროებს. აუცილებელია უფრო მეტი ჩართულობა თანათავმჯდომარეებისა და გენერალური მდივნის მხრიდან, ისევე, როგორც მათ მიერ პროცესის საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე წარმართვა. ჩვენ ყველა უნდა დავეხმაროთ გენერალურ მდივანს, რათა უფრო ძლიერი ლიდერის როლი შეასრულოს.
ბატონო პრეზიდენტო, ჩემი ქვეყანა უკვე დიდი ხანია შერიგებისა და ნდობის აღდგენის კონსტრუქციული და მშვიდობიანი პოლიტიკის ერთგულია. მსურს ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს სურს, ჰქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობები და ისწრაფვის, რომ რეგიონში დამყარდეს მშვიდობა. სწორედ ამ სულისკვეთებით, საქართველომ ცალმხრივად აიღო ძალის არგამოყენების ვალდებულება, რასაც საპასუხო ქმედება არ მოჰყოლია“, -განაცხადა ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები