მიხეილ ჯანელიძე: კონფლიქტის მოგვარების გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი რუსეთის საოკუპაციო ძალების გაყვანა იქნება (ვიდეო)

“ჩემი ქვეყანა უკვე დიდი ხანია, შერიგებისა და ნდობის აღდგენის კონსტრუქციული და მშვიდობიანი პოლიტიკის ერთგულია”, – ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ გაეროს უშიშროების საბჭოს ღია დებატებზე განაცხადა.
მინისტრმა გაეროს მარალი ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ვითარებაზე და რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკაზე.
მისი თქმით, საქართველოს სურს, ჰქონდეს კეთილმეზობლური ურთიერთობები და ისწრაფვის, რომ რეგიონში დამყარდეს მშვიდობა. როგორც მიხეილ ჯანელიძემ განმარტა, სწორედ ამ სულისკვეთებით, საქართველომ ცალმხრივად აიღო ძალის არგამოყენების ვალდებულება, რასაც საპასუხო ქმედება არ მოჰყოლია.
„2012 წლის შემდეგ, საქართველოს მთავრობა ცდილობს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დეესკალაციას, კონსტრუქციული და პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის გზით.
რაც შეეხება ურთიერთობას ჩვენს თანამემამულეებთან, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზები და ოსები არიან ჩვენი ისტორიისა და მომავალის განუყოფელი ნაწილნი, მიუხედავად ამჟამად არსებული ხელოვნური ბარიერებისა.
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეცვალოს თავისი უკანონო პოლიტიკა, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს მისცეს ოკუპირებულ რეგიონებში წვდომის საშუალება, უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, როგორც ეს აღნიშნული მისიის მანდატით არის გათვალისწინებული, ასევე, ხელი შეუწყოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას და საშუალება მისცეს ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა და ლტოლვილს, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მზად არის, მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოაგვაროს კონფლიქტი რუსეთთან, შესაბამის საერთაშორისო შეთანხმებებზე დაყრდნობითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების სრული დაცვით.
მისი თქმით, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება რუსეთის საოკუპაციო ძალების გაყვანა საქართველოდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები