გიორგი მარგველაშვილი: დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მიმართებაში უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მიმართებაში უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა, – ამის შესახებ პრეზიდენტმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემა “არჩევანში” განაცხადა.
ამასთან, როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, დაკავებული დეკანოზის უფლებების დამცველებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა ისაუბრონ ამ საკითხზე, რადგან ცალმხრივად გაკეთებული განცხადებები, მხარეებს შორის არათანაბარ პირობებს ქმნის.
ამდენი დღის განმავლობაში, როცა გაკეთდა უამრავი განცხადება უმაღლესი ტრიბუნებიდან, ჩვენ დავინახეთ რომ ერთი ადამიანის არც ბრალეულობაზე, არც უდანაშაულობაზე საუბარს ვაპირებ და არც პოზიცია გამაჩნია, მაგრამ მას გააჩნია უფლებები და ამ უფლებების ფარგლებში ნამდვილად შეილახა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია. ამ შელახული უდანაშაულობის პრეზუმფციის ფონზე შეილახა ჩვენი ინფორმირებულობის საკითხიც, რადგან ჩვენ ვიყავით მუდმივი პოლიტიკური განსჯის სივრცეში. შესაბამისად, ის შეჯიბრობითობა, რომელიც უნდა წარიმართოს, შეიძლება ლეგიტიმურად შეიზღუდოს სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ამ საკითხებზე ეთერში უნდა გვქონდეს დუმილი ორივე მხრიდან. თუ სახელმწიფოს სჭირდება ამ ინფორმაციის შეზღუდვა, ყოველ დღე არ უნდა ვისმენდეთ სხვადასხვა სატელევიზიო არხით პოზიციებს ადამიანებისგან, რომელთაც არავითარი კომპეტენცია არ უნდა ჰქონდეთ და თუ აქვთ, უკვე დარღვევაა. ნათლად ვხედავ იმის საჭიროებას, რომ როგორც საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც გააჩნია უფლებები, ბრალდებულს, რომელიც დაპატიმრებულია და შეზღუდული აქვს წვდომა მედიასთან, მის ადვოკატებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, ჩაგვაყენოს ყველა საქმის კურსში და ჩვენ არ ვიყოთ ფარულად გავრცელებული ვიდეომასალის მნახველების ინფორმაციაზე დამოკიდებული.
როდესაც მთელი სახელმწიფო აპარატი მამა გიორგი მამალაძის ბრალმდებელად გამოდის, მის მხარეს უნდა მიეცეს პასუხის საშუალება. ადამიანს რომ ბრალს დებ, არ შეიძლება ის ადამიანი გააჩუმო. მას უნდა მისცე შესაძლებლობა თავის თუნდაც რაღაც ვერსია გაგიზიაროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები