მამა მიქაელ ბოტკოველი: ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ საგამოძიებო სტრუქტურებს

პატრიარქის პრესმდივნის მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, საპატრიარქომ და პრემიერმა მთავარი პროკურორისგან პირადად მოისმინეს საქმის დეტალები.
როგორც მამა მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნა, საპატრიარქოს წარმომადგენლები გამოძიებას სრულ ნდობას უცხადებენ.
“საქართველოს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა, მისი უწმინდესობის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ გიორგი კვირიკაშვილის. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები, დიდი ჯგუფი ეკლესიის მღვდელმთავრების. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა საქართველოს გენერალური პროკურორი და მივიღეთ დამატებითი ინფორმაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც დაკავშირებულია დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მიმართებაში. ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ ჩვენს საგამოძიებო სტრუქტურებს. გვჯერა, რომ ისინი ობიექტურად შეისწავლიან და საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას, რომელიც იქნება აბსოლუტურად დამაჯერებელი და სადაც იქნება ჭეშმარიტება ასახული. სინოდის წევრებს და მის უწმინდესობას ჰქონდათ სურვილი, ცოტა მეტი ინფორმაცია მიეღოთ მთავარი პროკურორისგან. ბატონი ირაკლი იმყოფებოდა საპატრიარქოში. ახლაც იქ არიან. მათ იმსჯელეს ამ საკითხებზე და რამდენადაც შესაძლებელი იყო და რამდენადაც აუცილებელი იყო, წმინდა სინოდის წევრებსა და საქართველოს პატრიარქს საგამოძიებო სტრუქტურებმა ეს ინფორმაცია მოგვაწოდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ წუთისთვის ვერ შევაფასებთ მამა გიორგის ბრალეულობის ხარისხს. დაველოდოთ გამოძიებას და იმ დასკვნას, რომელსაც დადებს საგამოძიებო სტრუქტურა”, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.
მისივე თქმით, აუცილებელია ბრალდებულის მხარესაც ჰქონდეს საშუალება, საკუთარი არგუმენტები წარადგინოს.„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბრალდებულის მხარესაც უნდა ჰქონდეს საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება. ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისაკენ“, – განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.
საქართველოს საპატრიარქოში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერები – ალექსანდრე ჯეჯელავა და კახა კალაძე, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ირმა ჭკადუა და სასულიერო პირები ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები