ნანა კაკაბაძე: ე.წ. ციანიდის საქმის ჩანაწერი ყველა სასულიერო პირმა მოისმინა და ყველა თანხმდება, რომ გამოძიება დროულად უნდა დასრულდეს

 

ე.წ. ციანიდის საქმის ჩანაწერი ყველა სასულიერო პირმა მოისმინა და ყველა თანხმდება, რომ გამოძიება დროულად უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ჩანაწერი პატრიარქს არ უნახავს. როგორც კაკაბაძემ აღნიშნა, ჩანაწერთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს მეუფე პეტრეს, რომლის პოზიციაც კაკაბაძისთვის გაუგებარია.
“ჩანაწერები ნახა თითქმის ყველა სასულიერო პირმა და ყველანი თანხმდება, რომ გამოძიება დროულად უნდა დასრულდეს. ასევე თანხმდებიან, რომ გიორგი მამალაძე თავდებით არ უნდა გამოვიდეს, რადგან ეს თავად მისთვის იქნება სახიფათო. ერთადერთი განსხვავებული პოზიცია აქვს მამა პეტრეს, მე ვერ გეტყვით, ზოგადად, რა პოზიციაზე დგას მამა პეტრე. გაუგებარია მისი პოზიცია. პატრიარქს ეს ჩანაწერი არ უნახავს, ყოველი შემთხვევისთვის – ამ დრომდე. ამ წუთების შემდეგ რა მოხდება, ამაზე ვერაფერს გეტყვით. შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან ამ წუთებში მიმდინარეობს და ალბათ დამატებითი დეტალები შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი”, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
საპატრიარქოში შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. შეხვედრას სასულიერო პირები, ე.წ ციანიდის საქმის ერთ-ერთი მოწმე ირმა ჭკადუა და ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილიც ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები