მთავარ პროკურატურაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებს უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გოგაძემ და ევროპის საბჭოს პროექტის უფროსმა ოფიცერმა, გიორგი გიორგაძემ გახსნეს.
პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მიზანს მონაწილეებს შორის გამოცდილების გაზიარება, ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და კოორდინირებული საქმიანობის გაზრდა წარმოადგენდა. ღონისძიება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება საქართველოში და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ მხარდაჭერით განხორციელდა.
ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტმა, ჯიმ მერდოკმა მონაწილეებს ადამიანის უფლებების სწავლებასთან მიმართებაში ევროპის საბჭოს პოლიტიკა გააცნო და თანამედროვე მეთოდებისა და HELP-ის დისტანციური სწავლების პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებით ესაუბრა.
სამუშაო შეხვედრაში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, ჩართული იყო იუსტიციის სასწავლო ცენტრის, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, საქართველოს შსს აკადემიის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრის, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის, სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის, სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 50-მდე წარმომადგენელი. სამუშაო პროცესში მონაწილეებმა თავიანთი ორგანიზაციების 2017 წლის გეგმები და პრიორიტეტები წარმოადგინეს. დისკუსიის ფორმატში განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების, ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობა, რაც საერთო მიდგომების დანერგვასა და კოორდინირებული საქმიანობის გაგრძელებას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები