ბავშვთა უსაფრთხო მოძრაობის თემაზე „კვირას“ პრესკლუბში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

 „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელობამ „კვირას“ პრესკლუბში იმ პროექტის პრეზენტაცია გამართა, რომელიც მიუსაფარ ბავშვთა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას ეხება. პროექტის ორგანიზატორთა განცხადებით, მიუსაფარ ბავშვებთან მუშაობა რამდენიმე კვირაა დაწყებულია. პროექტის დასრულების შემდეგ, საგზაო მასალები მომზადდება, ასევე ბავშვები აღიჭურვებიან სამკლაურებით, რის საშუალებითაც მძღოლს შეეძლება მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს ბავშვებთან მიმართებაში.
პროექტში ჩართულია საპატრულო პოლიციაც. პროექტი თბილისიდან დაიწყო და მალე რეგიონებსაც მოიცავს. კვლევების ეტაპი ერთი თვის ვადაში დასრულდება. „პროექტი„საქართველოს გზებზე მიუსაფარ ბავშვთა უსაფრთხოება“ მიზნად ისახავს მიუსაფარი ბავშვების საგზაო რისკებისგან დაცვას. პროექტი მოიცავს მონაცემების ანალიზსა და მაღალი რისკის შემცველი ადგილების კვლევას, საგანმანათლებლო აქტივობებს, ადვოკატირებისა და მედიაკამპანიას. ცენტრები განთავსებულია თბილისის, რუსთავის, ქუთაისის მასშტაბით. 2017 წელი ავირჩიეთ ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების მიზნით, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოსთან და UNICEF-ის პარტნიორობით მიმდინარეობს. ზოგადად, ვიცით, რომ 2016 წელს 17 ბავშვი გარდაიცვალა, ჩვენი დაკვირვებით გამოიკვეთა, რომ მიუსაფარი ბავშვები წარმოადგენენ რისკის ჯგუფებს. მათ უნდა ესმოდეთ ქუჩაში გადაადგილების წესები, მიუხედავად ბევრი მიწოდებული მასალისა, ამ ბავშვებს სჭირდებათ ცნობიერების ამაღლება“,-განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ფონდ „საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვანელმა, ირაკლი იზორიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე. სოციალური სააგენტოს წარმომადგენლების ინფორმაციით, მნიშვნელოვანია მიუსაფარი ბავშვების ადგილმდებარეობის აღწერაც.
„მნიშვნელოვანია ვიცოდეთ განსაკუთრებით ღამის საათებში ამ ბავშვების ადგილმდებარეობა. ჩვენი ცენტრები ფუნქციონირებს თბილისში, ქუთაისში და რუსთავში, სურვილი გვაქვს მოვიცვათ რეგიონებიც“, – განაცხადა სოციალური სააგენტოს წარმომადგენელმა, ნატალია კორკოტაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე. პროექტის ორგანიზატორები მთავარ პრობლემად ბავშვების მიერ ოჯახების რჩენის საკითხს ასახელებენ, მათი ინფორმაციით, ზოგ ბავშვს ხშირად ოჯახში საარსებოს შეტანა უწევს, რაც გარკვეულწილად, კავშირშია უსაფრთხოების რისკებთან.
„როცა ხერხდება, მობილური ჯგუფი მიდის და აფასებს ოჯახს, ხშირად ამ ბავშვებს უწევთ ოჯახში საარსებოს შეტანა, ზოგიერთ მათგანს არ აქვს ოჯახი. მტკივნეული თემაა, როცა ბავშვი ქუჩაში მოიხმარს ალკოჰოლს , თამბაქოს, ჩვენ ვცდილობთ, ბავშვები ავარიდოთ ამ ნივთიერებებს და გადავრთოთ ჯანსაღ ცხოვრებაზ, თუმცა ქუჩაში ეს საკმაოდ რთულია. მოხარულები ვართ, რომ ეს პროექტი დაიწყო, რადგან, როდესაც გავდივართ ქუჩაში, ვხედავთ, რომ ეს ბავშვები მოწყალებას ითხოვენ შუქნიშანთან, რაც ძალიან დიდ რისკს შეიცავს. ვფიქრობთ, რომ ამ პროექტით ავარიდებთ ბავშვებს გარკვეულ რისკებს, თუმცა პრევენციისთვის საჭიროა პოლიციის მეტი ჩართულობა და უნდა იყოს კომპლექსური მიდგომა“, – განაცხადა საქველმოქმედო ფონდის, „საქართველო კარიტასების“ წარმომადგენელმა, ირინა აბულაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები