ირაკლი კობახიძე გერმანიის ბუნდესტაგის წევრსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ბუნდესტაგის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წევრი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის დელეგაციის ხელმძღვანელი – აქსელ ფიშერი მიიღო.
ირაკლი კობახიძემ აქსელ ფიშერს გერმანიის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისივე განცხადებით, საქართველოს პარლამენტისთვის პრიორიტეტულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტთან თანამშრომლობის გაღრმავება.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე და ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ მიმდინარე წელს, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღინიშნება.
აქსელ ფიშერი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობით, მიზნებითა და მიმდინარე აქტუალური საკითხებით დაინტერესდა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კომისიის მთავარი მიზანი და გამოწვევა საქართველოს კონსტიტუციის საფუძვლიანი რეფორმირება და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციაა. ირაკლი კობახიძემ სტუმარს საქართველოს პარლამენტის საქმიანობა გააცნო და აღნიშნა, რომ მისთვის, როგორც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელისთვის, მნიშვნელოვანია პარლამენტში არსებულ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კონსტრუქციული ურთიერთობების განვითარება და მათთან საქმიანი თანამშრომლობა.
საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ქვეყნის მკაფიო დასავლურ მისწრაფებებს ადასტურებს საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წლის დეკემბერში მიღებული რეზოლუცია საგარეო პოლიტიკის შესახებ, სადაც ხაზგასმულია, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი.
ამასთან, აქსელ ფიშერი დაინტერესდა საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებით. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გერმანიის ბუნდესტაგის წევრს სოციალურ პოლიტიკასთან, ეკონომიკასთან, ჯანდაცვასა და განათლებასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე წლის სექტემბერში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაგეგმილი ფედერალური არჩევნების შესახებაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები