„ჯერ მიწაზე პირქვე დაგვყარეს… მერე, კედელთან ტყვეებივით მიგვაყენეს და იარაღი მოგვიშვირეს!“

 „ვარდოსანთა“ მძევლები -„ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლები 2004 წლის 19 თებერვალს იხსენებენ.
2004 წლის 19 თებერვალი, დილის 9 საათი… ვაშლიჯვარი, სარაჯიშვილის ქუჩა N15… აქაურობა შავფორმიანებითაა სავსე… ყველგან – ეზოსა თუ შენობების სახურავებზე, ავტომატიანი ხალხი დგას… სხვა დრო რომ იყოს, ადამიანი იფიქრებდა, „ომეგა ჯგუფის“ კომპანიებს ყაჩაღები დაესხნენ და ძარცვავენო, მაგრამ შავ-ბნელი 90-იანები წარსულს ჩაბარდა, ახლა სხვა დროა – ვარდებითა და ნათელი მომავლის იმედით გაცისკროვნებული დრო. მაშ, რა ჯანდაბა ხდება ან ეს ნიღბოსნები ვინ არიან, რატომ ყვირიან და იგინებიან? სწორედ ამ კითხვას დაუსვამს ციცო პატარაია ერთ-ერთ შეიარაღებულს, რომელიც დედისტოლა ქალს პასუხის ღირსად არ ჩააგდებს და მხარში ძლიერად დაარტყამს. ქალბატონი წაიქცევა და… უნებურად აფხაზეთის ომი გაახსენდება, თუმცა მაშინ სეპარატისტთა ტყვეობას გადაურჩა და სოხუმი, ოჯახთან ერთად, გემით დატოვა… – ესენი კარგი ადამიანები არ უნდა იყვნენ… ალბათ, სიგარეტის წაღება უნდათო, – გაიფიქრებს ქალბატონი ციცო და დარბაზის შუაგულისკენ გახოხდება. დევნილ ქალბატონს არ ეშინია, რადგან ჯერ ერთი, მსგავსი სიტუაცია უკვე უნახავს, მეორეც, ხედავს, რომ თანამშრომელი მამაკაცები ავტომატიანების ბრძანებას არ ემორჩილებიან – დანადგარებს არ რთავენ და მუშაობას აგრძელებენ, მაგრამ თავდამსხმელები ურჩებს იარაღის კონდახს ურტყამენ… აგერ, ბესოსაც დაარტყეს კაკაურიძეს. ბესო მექანიკოსია, ორი მცირეწლოვანი შვილის მამა. ბესომ ტრადიციას არც იმ დღეს უღალატა, სამსახურში დროულად მივიდა და საქმეს შეუდგა. ანაზდეულად, ქალბატონის ხმა მოესმა, თავს დაგვესხნენო. ვერაფერს მიხვდა, მაგრამ მარინა ჩხეიძის შეშინებულ სახეს თვალი რომ მოჰკრა, გულმა რეჩხი უყო, თუმცა ვიდრე რამეს გაიაზრებდა, თავს ნიღბოსნები წამოადგნენ… – დაწექით, თქვენი დედაც..! – ღრიალებდნენ მომხდურები და ყველას – ქალსა თუ კაცს აიძულებდნენ, პირქვე დაწოლილიყო და ხელები თავზე დაეწყო. ბესო ბრძანებას დაემორჩილა, მაგრამ ახალგაზრდა კაცს თავმოყვარეობამ უფლება არ მისცა, პირქვე დამხობილიყო და გვერდულად დაწვა, ერთ-ერთმა მოძალადემ დაარტყა… აი, სწორედ ამ დროს შეეშინდა ციცო პატარაიას და ინსტინქტურად, თავისთვის რომ ეშველა, ნაგვის ყუთში ჩაძვრა.

16830319_1638783622804288_2021135787_n

„არ ვიცი, იმხელა ყუთში როგორ ჩავძვერი, არც ის მახსოვს, რამდენ ხანს ვიმალებოდი. მერე, ერთ-ერთმა ავტომატიანმა მომაგნო და მითხრა, ცუდი ხალხი არ ვართ, აქ რაღაცის გასარკვევად შემოვედით, მალე ყველაფერს გაიგებთო და ყუთიდან ამომიყვანა… დარბაზში სიჩუმე იყო… ეზოში გამიყვანეს და რაც იქ ვნახე, არასოდეს დამავიწყდება – თანამშრომელი მამაკაცები, იმ სიცივესა და ყინვაში, მიწაზე ჰყავდათ დაყრილი და განძრევის საშუალებას არ აძლევდნენ. საშინელი შეურაცხყოფა ვიგრძენი და გავიფიქრე, ეს რა ცუდ ქვეყანაში ვცხოვრობთ-მეთქი“, – ასე იხსენებს „ომეგა ჯგუფის“ „ვარდოსნულ ოკუპაციას“ ქალბატონი ციცო, რომელიც 2004 წლის 19 თებერვლის მერე, ლამის 10 თვე უმუშევარი იყო – სწორედ ამდენი ხანი იდგა სპეცრაზმი „ომეგა ჯგუფში“ შემავალ კომპანიებში. სწორედ ამდენი ხნის განმავლობაში ასობით ადამიანი, რომელსაც მანამდე გარანტირებული და სტაბილური სამუშაო ჰქონდა, შიმშილის პირისპირ აღმოჩნდა. ეს შეიძლება, უტრირებული ნათქვამია, მაგრამ მას შემდეგ, რაც „ნაციონალური ოკუპაცია“ დამთავრდა, ათასობით თანამშრომელი, რამდენიმეს გამოკლებით, „ომეგა ჯგუფში“ დაბრუნდა, ანუ მათ სხვა სამსახური ვერ უშოვეს! „ის, რაც 2004 წლის 19 თებერვალს გადავიტანეთ, ჩვენი პიროვნული ტრაგედიაა, – ამბობს სტამბა „ომეგა თეგის“ მენეჯერი და ცვლის უფროსი იაგო მისრიაშვილი, – მახსოვს, ღამის ცვლაში მე და ორი მბეჭდავი ვმუშაობდით. დილის 9 საათი იქნებოდა, ცვლას ველოდებოდით. ამასობაში, ერთ-ერთი თანამშრომელი გაფითრებული შემოვარდა, ყაჩაღები დაგვესხნენო. ბიჭებს ვუთხარი, დავიმალოთ-მეთქი და მეორე გასასვლელისკენ წავედით, მაგრამ თვალი მოვკარი, რომ მთელი ეზო უნიფორმიანებით იყო სავსე და მივხვდი, რომ ყაჩაღები კი არა, სპეცრაზმელები იყვნენ. ერთი ნიღბიანი და იარაღიანი შენობაში შემოვიდა, რომელსაც მეორეც მოჰყვა. გვაგინებდნენ და გვიყვიროდნენ, დაწექითო. მოკლედ, იატაკზე პირქვე დაგვყარეს და ხელები თავზე დაგვაწყობინეს. დამლაგებელ ქალბატონს, ამ დღეში რომ დაგვინახა, შიშისგან გული წაუვიდა. დათო ტაბატაძე ინსტინქტურად წამოდგა და ჩაილაპარაკა, წყალს მოვუტანო, მაგრამ თავში ავტომატის კონდახი ჩაარტყეს… ცოტა ხანში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულებიც მოვიდნენ, რომლებმაც გვითხრეს, პროკურატურის გამომძიებლები ვართო და რაღაცების ძებნა დაიწყეს. ჩვენ კი გარეთ გაგვიყვანეს… ეზო მიწაზე დაყრილი ხალხით იყო სავსე… კედელთან დაგვაყენეს, გეგონება, ტყვეები ვიყავით, თან გვიბრძანეს, ხმა არ ამოიღოთ და არც ჩვენ შემოგვხედოთო. დოკუმენტურ ფილმებში მაქვს ნანახი, ფაშისტები ევროპას რომ იპყრობდნენ, ბოშებსა და ებრაელებს სწორედ ასე ექცეოდნენ! სიკვდილს თვალებში ჩვენც ჩავხედეთ – იარაღს გვიშვერდნენ, „გვაჩმორებდნენ“! ამ ხნის კაცი ვარ და ასეთი შეურაცხყოფა არავის მოუყენებია! ისე, მერე ვკითხე: ბიჭებო, ასე წივილ-კივილითა და დედის გინებით შემოსვლა რა საჭირო იყო-მეთქი. გაეცინათ, ასეთი ბრძანება გვქონდაო, ანუ უნდოდათ, დავეშინებინეთ. ჩვენთვის ბოდიში არავის მოუხდია, მაგრამ თუ მოიხდიან, ალბათ, ვაპატიებთ! ამ მხრივ, ჩვენ „პიონერები“ ვიყავით და თავიდან ბევრს არ სჯეროდა – მაშინ საზოგადოება, ალბათ, მზად არ იყო, გვერდში დაგვდგომოდა. მერე კი მასობრივი ტერორი და ბიზნესის წართმევა დაიწყეს… ეს თითოეული ჩვენგანის პიროვნული ტრაგედია იყო, რომლითაც მხოლოდ მორალურად კი არა, ფინანსურადაც დავბეჩავდით – 10-11 თვე საწარმოები დახურული იყო, რამაც ჩვენს სოციალურ მდგომარეობაზე ძალიან ცუდად იმოქმედა!..“ 2004 წლის 19 თებერვლის მოვლენებს უემოციოდ ვერც სტამბა „ომეგა თეგის“ თანამშრომელი დავით ტაბატაძე იხსენებს. დათო მაშინ 20 წლის იყო და როგორც იტყვიან, ცხოვრებაში პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამდა, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის სათავეში ხალხის ინტერესების დაცვის ეგიდით მოვიდა, ახალგაზრდებს ავტომატის „კონდახით“ „გაუმასპინძლდა: „ნიღბოსნები თავიდან ყაჩაღები გვეგონნენ, მაგრამ შავ ფორმაზე ეროვნული დროშა რომ დავინახეთ, ცოტა დავწყნარდით… თანამშრომელ ქალბატონს, იატაკზე დაყრილები რომ დაგვინახა, გული წაუვიდა, ვიფიქრე, წყალს მივუტან-მეთქი და წამოვდექი, მაგრამ ავტომატიანმა, რას ჰქვია, დგები, შენი დედაო და ზურგზე ჯერ „კონდახი“ ჩამარტყა, მერე – წიხლი. მაშინ 20 წლის ვიყავი, ასპარეზზე გამოვდიოდი და სწორედ ამ დროს ხელისუფლება „კონდახით“ „გამიმასპინძლდა“ – ღირსება შემილახა, რაც არასოდეს დამავიწყდება! სხვათა შორის, სპეცრაზმელები ცინიკურად გვექცეოდნენ – მახსოვს, ეზოში, ასფალტზე რომ ვიწექით, ერთმა თქვა, მახველებს, ცუდად ვარო და სპეცრაზმელმა მიუგო, რახან გახველებს, გაზონზე დაგაწვენთო და სველ ბალახზე გადააწვინეს – ეს ცინიზმია, აბა, რა არის?!“ გოჩა მეშველიშვილი, „ომეგა 2-ის“ საწყობის გამგე: „19 თებერვალს, დაახლოებით, ცხრის 20 წუთი იქნებოდა, ხმაური რომ შემომესმა. საწყობიდან მაშინვე გარეთ გავედი და სახურავზე ნიღბიანები დავინახე. ჩემი თანამშრომლები კი მიწაზე იწვნენ. მეგონა, ყაჩაღები დაგვეხსნენ-მეთქი და საწყობში დამალვა დავაპირე, მაგრამ ერთმა ნიღბიანმა დამინახა და მეც მიწაზე დამაგდო, ხელები კი თავზე დამაწყობინა. არ გვაგინებდნენ, მაგრამ თუკი ვინმე წინააღმდეგობას გაუწევდა, სცემდნენ, მეც დამარტყეს. ვეკითხებოდით, ვინ ხართ და რა გინდათო, მაგრამ ხმას არ იღებდნენ. ბოლოს, ძალიან რომ შეგვცივდა, კედელთან დაგვაყენეს, ხელები აგვაწევინეს და იარაღი მოგვიშვირეს. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ასე, ალბათ, ერთ საათს ვიდექით. მერე, სასადილოში შეგვიყვანეს, „მობილურები“ ჩამოგვართვეს და ისევ ავტომატიანები გვდარაჯობდნენ. ნაშუადღევს, ალბათ, ორის ნახევარი იქნებოდა, გამოგვიშვეს. ამასობაში, გავარკვიეთ, რომ ყაჩაღები კი არა, სპეცრაზმელები იყვნენ, თუმცა ვერ მივხვდით, რა უნდოდათ. შეურაცხყოფილები ვიყავით – აბა, ასფალტზე რომ დაგაწვენენ, შეურაცხყოფა არაა? კედელთან ისე მიგვაყენეს, თითქოს ტყვეები ვყოფილიყავით. დიახ, ჩვენ ხელისუფლების ტყვეები ვიყავით! რამდენიმეს ტუალეტში მოუნდა და ამის უფლებაც არ მისცეს! ისე, „ვარდების ხელისუფლებას“ თავის დროზე ხმა მივეცი და ნამდვილად არ მეგონა, ასე თუ მოგვექცეოდა! ამიტომ, იმ დღეს ვინანე, რომ ხმა ნაციონალებს მივეცი!.. იმ დღიდან სამსახურში აღარ გვიშვებდნენ – 10 თვე დახურულები ვიყავით და ამდენი ხნის განმავლობაში, უხელფასოდ ვცხოვრობდით!“ ისე, „ომეგას“ „ვარდოსნულ ოკუპაციას“ უსისხლოდ არ ჩაუვლია, რასაც ეს ორი სევდიანი ამბავიც მოწმობს: „ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანიის სასადილოში ფერადი იადონი ცხოვრობდა და თავისი გალობით თანამშრომლებს ახალისებდა, მაგრამ შავნიღბოსნებს ფრინველისთვის არც წყალი მიუციათ და არც საჭმელი. ჰოდა, ბუნების ამ ლამაზ არსებას ორ დღეში სული განუტევებია… მერე, „თაფლაც“ მომკვდარა. „თაფლა“ მეწველი ძროხა ყოფილა, იქვე, ბოსელში უცხოვრია. მართალია, წითელი კრამიტით გადახურულ ბოსელში ბლომად თივა ჰქონია, მაგრამ „თაფლა“ ნახირთან ერთად ბალახობდა, იმ შეჩვენებულ ნიღბოსნებს კი „თაფლაც“ დაუტყვევებიათ – საბალახოდ აღარ უშვებდნენ. ჰოდა, თავი რომ გადაერჩინა, ზამთრისთვის გადანახულ თივას მისძალებია „თაფლა“. საღამოობით, სპეცრაზმელები ყელს, თურმე, რძით „იკოკლოზინებდნენ“. დღე დღეს მისდევდა, თვე – თვეს… იქაურობას დატყვევებული „თაფლას“ ბღავილი აყრუებდა… ამასობაში, დაზამთრდა, თივა გათავდა… „თაფლა“ ჩამოხმა, ჩამოდნა და… ერთ დღესაც აღარ დაუბღავლია… „ომეგა ჯგუფის“ ეზოში პატარა ვენახიც ყოფილა და ზამბახებით, შროშანებითა თუ ვარდებით სავსე ყვავილნარიც – მუშებს გაუშენებიათ, მაგრამ მოძალადე „ვარდოსნებს“, ადამიანების გულს, ფიქრსა და იმედებს ვინ ჩივის, ეს ვარდებიც მანქანა-დანადგარებსა და სამუშაო პროგრამებისა არ იყოს, გაუთელავთ, გაუნადგურებიათ, მიწასთან გაუსწორებიათ…

„ომეგა ჯგუფის“ „ვარდოსნული“ იავარქმნიდან მეთოთხმეტე წელი დაიწყო – ნელ-ნელა მანქანა-დანადგარებიც აღდგა, სამუშაო პროგრამებიც, ადამიანთა ფიქრიც და იმედიც… აი, „ომეგას“ ათასობით თანამშრომელი კი თავს დღემდე ღირსებაშელახულად თვლის. ამ ღირსებაშელახვის და, საერთოდ, 2004 წლის 19 თებერვლის სიმბოლოდ კი, შესაძლოა, იადონი და მეწველი ძროხა „თაფლა“ მივიჩნიოთ. ისე, „ვარდოსნები“ ბიზნესს ხომ მეწველი ძროხასავით უყურებდნენ, მაგრამ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ვერ გატეხეს. ამიტომაც, შური იადონსა და „თაფლაზე“ იძიეს! ამ შემთხვევაში, იადონი, „თაფლას“ მსგავსად, ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სხვა არაერთი კომპანიის სიმბოლოა, რომლის ხელში ჩაგდებასაც „ვარდოსნები“ მონდომებით ცდილობდნენ და საწადელს ნაწილობრივ მიაღწიეს – შპს „ომეგა მოტორსი“, შპს „ილიონი“, შპს „ოჯთ“ და შპს „ომეგა 2“ ლამის ერთი წელი გაჩერებული იყო, ტელეკომპანია „იბერიას“ კი ლიცენზია იძულებით ჩამოართვეს და თავიანთთვის სასურველ პირს ერთ დღეში გადაუფორმეს, თუმცა 9 წლის შემდეგ სამართლიანობა აღდგა – 2013 წელს, „იბერიას“ ჩამორთმეული ლიცენზია კანონიერ მფლობელს მოდიფიცირებული (სპეციალიზირებული/გასართობი) სახით დაუბრუნდა, ერთი წლის წინ კი, „იბერია“ ეთერში საერთო მაუწყებლით გავიდა და, მცირე დროის მიუხედავად, რეიტინგულიც გახდა – „იბერია“ მაყურებლისთვის ინფორმაციის სანდო და ობიექტურო წყაროა! სხვათა შორის, დღეს, 20 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში „იბერიას“ ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევა-გადაფორმების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც გამოძიება ერთი წლის წინ დამთავრდა და რომელზეც ბრალდებულები ყოფილი მთავარი პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მის მოადგილე გიორგი ლაცაბიძე არიან, მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება. რაც შეეხება „ომეგა ჯგუფის“ სხვა კომპანიებს, შპს „ომეგა მოტორსმა“, შპს „ილიონმა“, შპს „ოჯთ“-მ და შპს „ომეგა 2“-მა მუშაობა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „ნაციონალური ოკუპაციიდან“ ერთი წლის შემდეგ ანუ 2005 წლის დასაწყისში განაახლეს და მას შემდეგ არათუ გაცილებით მეტი ადამიანი დაასაქმეს, არამედ, მსხვილი გადამხდელებიც არიან. ამასთან, 2016 წელს, საერთაშორისო კვლევების ორგანიზაცია „გორბიმ~ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი წლის საუკეთესო ინვესტორადაც დაასახელა. „ვარდოსნები“ კი, ხატოვნად რომ ვთქვათ, შორს, ბუზისტოლადღა მოჩანან. მოკლედ, 2004 წლის 19 თებერვალი, მინიმუმ, იმიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხალხზე მსგავსი ძალადობის ცდუნება სხვა მთავრობებსაც არ გაუჩნდეთ! არადა, ეს ხალხი, ბესო კაკაურიძის თქმისა არ იყოს, “ნაციონალებმა” მხოლოდ იმიტომ დასაჯეს, რომ შრომობდა!
ნინო დოლიძე
წყარო: “ვერსია”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები