გულის ჯიბეში შენახული ენძელები – რატომ მიეყარა ნაცარი 17 დახვრეტილი ბიჭის ხსოვნას?

მძიმე და ტკივილიანი ცხოვრება განვლო. საბჭოთა რეპრესიები უშუალოდ მის ოჯახს შეეხო და ერთადერთი ძმა – ნიჭიერი მწერალი და მოაზროვნე კოტე ხიმშიაშვილი იმსხვერპლა. მას 1942 წლის 17 ოქტომბერს 16 მეგობართან ერთად უმოწყალოდ მოუსპეს სიცოცხლე – დახვრიტეს. თავადაც წერდა. მისი კალამი ათეულობით წლის განმავლობაში საბავშვო მწერლობას, სიკეთეს და სიყვარულს ემსახურებოდა…
დღეს, 20 თებერვალს, განსაკუთრებით ღელავს, რადგან საქართველოს მწერალთა სახლში კოტე ხიმშიაშვილის დაბადების 100 წლის საიუბილეო საღამო ტარდება.
რუბრიკა „პერსონის“ სტუმარია 94 წლის საბავშვო მწერალი, დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორია, დიდი და საინტერესო ცხოვრებისეული განცდებით.

დოდო

– კოტე 6 წლით უფროსი იყო ჩემზე. ასაკთან შედარებით – განათლებული ჭკვიანი, ხალისიანი, კარგად იცნობდა საქართველოს ისტორიას, ლიტერატურას. ეს ცოდნა მას ოჯახმა მისცა. მამა-ალექსანდრე ხიმშიაშვილი უზომოდ განათლებული პიროვნება იყო. ხშირად შევსწრებივარ, როგორ კამათობდნენ მამა და კოტე  საქართველოს წარსულზე, ლიტერატურაზე. დედა – თამარი წერეთლებისა და ბაგრატიონთა გვარის ჩამომავალი იყო. ჩემი დიდედა აკაკი წერეთლის ბიძაშვილი იყო.
ყველაფერში კოტეს ვბაძავდი, რომელიც გამუდმებით კითხულობდა, წერდა. კოტეს ძალიან უყვარდა ტყეში მარტო სიარული, მამასთან ერთად სანადიროდ წასვლაც უხაროდა. ტყიდან ყოველთვის რაღაც სახსოვარი მოჰქონდა ჩემთვის – ხის სოკო, ან მიტოვებული ბუდე, რაიმე უცნაური ყვავილი…
თავიდან ქუთაისში ვცხოვრობდით, მერე ოჯახი კოჯორში დასახლდა. იქ ახლაც დგას ჩვენი სახლი. მამა ცნობილი მონადირე იყო, თან აფთიაქის გამგედ მუშაობდა. ტრადიციებს მისდევდა, თავადური ცხოვრების წესი სიცოცხლის ბოლომდე არ მოუშლია.
ულამაზეს დაბა კოჯორში გავატარე ბავშვობა. შევიძინე მეგობრები. ბევრ მათგანთან დღემდე ვმეგობრობ. ძალიან მიყვარდა ბიძასთან და ბიცოლასთან სტუმრობა, გურიაში, ულამაზესი სოფელია ქვაყუდე. მეორენაირად ბერძნის წყაროსაც ეძახიან. ჩემი წიგნი „ვინ მივა პირველი საქართველოში“, ძირითადად, ამ სოფელზეა დაწერილი. და მაინც წიგნს წითელ ზოლად გასდევს ჩემი ძმის სახება. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 17 წელიწადი ვიყავით ერთად -კოტეს დახვრეტამდე.
– კოჯრიდან ოჯახი თბილისში გადმოსახლდა… სწორედ ამ პერიოდში  იწყება კოტე ხიმშიაშვილის გზა მწერლობაში…
ეს
– ამ დროს კოტე 16 წლის იყო. მან ბრწყინვალედ ჩააბარა გამოცდები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე. მას ასწავლიდა პროფესორი ერეკლე ტატიშვილი.
1934 წელს ჟურნალ „მნათობში“ კოტეს პირველი მოთხრობა „ბებია ელისაბედი“ გამოქვეყნდა. სიუჟეტი პატარა ბიჭზეა, რომლის პროტოტიპი ჩვენი ბიძაშვილი იყო. მიტო მამულაიშვილის დედის ბებიას 1924 წელს ვაჟიშვილი დაუხვრიტეს, მალე შვილიშვილიც გარდაეცვალა. ხანში შესულ ქალს სამი წლის მიტო დარჩა, რომელსაც 1937 წელს თეთრი ოფიცერი, ოქროს იარაღით დაჯილდოებული მამაც დაუხვრიტეს. და ერთ დღეს ამ პატარა ბიჭს წითელ ყელსახვევს გაუკეთებენ. ბებია დაინახავს, რომ მიტო 1 მაისის აღლუმზე პირველი მიდის და დოლს უკრავს. ამის შემხედვარე ბებია ცუდად გახდება. ნაწარმოებმა მაშინვე მიიქცია გერონტი ქიქოძის, ლეო ქიაჩელის, კონსტანტინე გამსახურდიას, მიხეილ ჯავახიშვილის… ყურადღება, რომ ქართულ მწერლობაში დიდი მომავლის მქონე პროზაიკოსი მოვიდა ახალი სათქმელით. 17 წლის ჭაბუკის მიერ საკმაოდ გაბედული იყო ასეთი მოთხრობის დაწერა. ამას მოჰყვა სხვა მოთხრობები და რომანი „ჯონქა ხორნაული“.
მოთხრობა „გლობუსმა“ პრემიაც კი აიღო. თუმცა კოტეს დასწამეს, რომ მთავარ გმირ იორღულაში სტალინი იგულისხმებაო. არადა, იორღულა ნამდვილად ცხოვრობდა კოჯორში, უბრალო კაცი იყო. ერთ დღეს იყიდა გლობუსი და არ იცოდა, რისთვის გამოიყენებდა… ნოველა ამ ქარგაზეა აგებული. იორღულას დედამიწა უჭირავს და უმიზნოდ ატრიალებს. როგორც ჩანს, მოთხრობაში საშიშროება მაინც დაინახეს და კოტეს არ სწყალობდნენ..
– ძმის რეაბილიტაციამდე არაერთი დაბრკოლება გხვდებოდათ ცხოვრებაში…Levan_Taqtaqishvili_99
– უნივერსიტეტი საქართველოს ისტორიის განხრით დავასრულე, ასპირანტურაში მინდოდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ კოტეს გამო უარით გამომისტუმრეს. თუ სადმე, რომელიმე გამომცემლობაში სამუშაო გამოჩნდებოდა და მივმართავდი, დამაწერინებდნენ განცხადებას, მაგრამ მერე უკან მიბრუნებდნენ, წითელი ფანქრით გადახაზულს. ვერც საზღვარგარეთ ვერ წავედი ვერცერთხელ. როცა იუგოსლავიიდან საბავშვო ლიტერატურის მსოფლიო სიმპოზიუმზე მიმიწვიეს, რომელსაც ჯანი როდარი უნდა დასწრებოდა, სიხარულით ცას ვეწვიე, მაგრამ არ გამიშვეს.
– კოტეს მეგობრები…
– კოტე მეგობრობდა მაშინდელი ახალგაზრდობის საუკეთესო ნაწილთან – მირზა გელოვანთან, ლადო ასათიანათან, გიორგი კალანდაძესთან, ალექსანდრე საჯაიასთან, რევაზ მარგიანთან, ლადო ავალიანთან, გიორგი ძიგვაშვილთან… ისინი ჩვენს ოჯახშიც ხშირად მოდიოდნენ.
მაშინ ვაკეში ვცხოვრობდით, კოტე გიორგი შატბერაშვილთან მეგობრობდა. გიორგი 30-იან წლებში გადაასახლეს და, 5 წლის შემდეგ, გადასახლებიდან დაბრუნებული პირდაპირ ჩვენთან მოვიდა. ფანჯარაზე დაგვიკაკუნა. გოგის ხმის გაგონებისთანავე კოტემ ჩაიცვა და მის შესახვედრად ფანჯრიდან გადახტა. ის დღე ორივემ მეგობარ პოეტებთან გაატარეს.
რაც შეეხება ალექსანდრე საჯაიას, ალექსანდრე ცუგრი თევზაძის გამოქვეყნებული წერილებით ვიცი, არსებობდა გერმანელი კანცლერის დაშიფრული ბარათი. თუ გერმანელები კავკასიონს გადმოლახავდნენ, ცუგრი თევზაძეს ბარათი სამხედრო კომენდანტისთვის უნდა გადაეცა. მანამდე კი ბარათი ინახებოდა ერეკლე ტატიშვილთან. ალექსანდრე საჯაიამ ეს ბარათი თითქოს კოტესაც გადასცა, მაგრამ დოკუმენტურად წერილი კოტეს საქმეში არ ჩანს. თუმცა მან ბარათის არსებობის შესახებ იცოდა, დაკითხვაზე, დიდი წამების მიუხედავად, მეგობრები არ გასცა, ალექსანდრე საჯაია და რამდენიმე მეგობარი გადაარჩინა.16810513_1358822550843427_1212621384_o
კარგად მახსოვს ჩვენს ოჯახში სტუმრად მოსული ლადო ასათიანი. ის ხშირად ავადმყოფობდა. კოტეს დაბადების დღეზე მოდიოდნენ: ერეკლე ტატიშვილი, შოთა რევიშვილი; პოეტების მუზა, ულამაზესი ეთერ სვანიძე, კოტეს მეუღლე, ნუნუ ქადეიშვილი. მან თავად კოტეს მიერ შედგენილი წიგნი დიდი რუდუნებით შემოინახა და მოგვიანებით წიგნად გამოიცა.
მახსოვს, კოტეს რეაბილიტაციის შესახებ სუკ-ში განცხადების შეტანის დღე. ამ საქმეში დიდი გულისხმიერება გამოიჩინა კოტეს უახლოესმა მეგობარმა, მწერალთა კავშირის მაშინდელმა თავმჯდომარემ გრიგოლ აბაშიძემ. ხუთსაათნახევარი ვიჯექი სუკ-ში დაკითხვაზე. 1942 წლის შეთქმულებას ახალგაზრდები იკვლევდნენ, კოტეს შესახებ არაფერი იცოდნენ. მკითხეს, თქვენი ძმის ფოტო თან ხომ არ გაქვთო? რა თქმა უნდა, მქონდა. კოტეს სურათს მუდამ თან დავატარებ. ვაჩვენე, რა მშვენიერი ყოფილაო, მოეწონათ. აღსანიშნავი იყო ის, რომ ისინიც დადებითად მოიხსენიებდნენ.
ერთი უცნაურობა მოხდა მაშინ, კოტეს საქმეში სურათი არ იდო. კონვერტი ცარიელი აღმოჩნდა. დღემდე ვერ გავიგეთ, სად გაქრა სურათი.
– და არც საიდუმლო დაშიფრული ბარათის არსებობა იკვეთება დღემდე, მისი კვალიც დაკარგულია… თუ გერმანიის ჯარები გადმოლახავდნენ კავკასიონს, ერთ-ერთ შეთქმულს სოლომონ (ცუგრი) თევზაძეს ეს ბარათი უნდა გადაეცა სამხედრო კომენდანტისთვის. ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი ცდილობდა, საქართველოსთვის ფაშისტური საფრთხე ამ გზით აერიდებინა… ბარათის არსებობა უშუალოდ უკავშირდებოდა კოტე ხიმშიაშვილს…
16833111_1358822574176758_1420018699_o
– მაგრამ ბარათი არ ფიგურირებს საქმეში. ეს ბარათი გერმანიიდან გამოუგზავნეს თბილისში მცხოვრებ გერმანული ენის მასწავლებელს. ის რომ დააპატიმრეს, მან ბარათი უნივერსიტეტის პროფესორს, ერეკლე ტატიშვილს დაუტოვა. ბატონმა ერეკლემ კი სოლომონ (ცუგრი) თევზაძეს გადასცა.
შემდეგ ცუგრი თევზაძემ გადასცა პოეტ ალექსანდრე საჯაიას. ეს იყო უმოკლესი გზა კოტე ხიმშიაშვილამდე. ეს ამბავი ვიცი ცუგრის მეუღლისგან. რეაბილიტაციის შემდეგ მწერალთა კავშირში კოტეს ძალიან დიდი საღამო რომ გაიმართა, მოვიდა ცუგრის ცოლი და გამეცნო. მე არ ვიცნობდი ცუგრის, თუმცა  გაგონილი მქონდა, რომ ძალიან კარგი პიროვნება და ნამდვილი პატრიოტი იყო. რომ გადავეხვიეთ ერთმანეთს, მომიყვა ეს ამბავი.  ვიცით, რომ წერილი მივიდა ალექსანდრე საჯაიასთან, მაგრამ უცნობია, მერე სად გაქრა.
საჯაია ჭლექით იყო დაავადებული. რევაზ მარგიანმა სვანეთში, თავის სახლში გააგზავნა, რომ გამოეკვებათ და ფეხზე დაეყენებინათ, მაინც არ უშველა არც სვანეთმა და, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.
– დღეს კოტე ხიმშიაშვილის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა…
– ეს თარიღი 100 წელი ჩემთვის ძალიან უჩვეულოა, ვერ წარმომიდგენია, რომ ჩემი ძმა, რომელიც 25 წლის იყო, როცა წავიდა ამ ქვეყნიდან,  100 წლისაა. ძალიან ხშირად მიფიქრია, რომ ამ შეთქმულთა ჯგუფს სალოცავად ჰქონდა ის, რაც ჩვენ გვაქვს სალოცავებში: უფალო, დიდება შენდა ღმერთო, გაამთლიანე და გადაარჩინე საქართველო“. არ მეგულება ერი, რომ ეს სატირალი ჰქონდეს დასაბამიდან დღემდე. ეს სატირალი, წუხილი ჰქონდათ ამ ახალგაზრდებს, და ისინი უბრალო ახალგაზრდები არ იყვნენ, ესენი იყვნენ უნივერსიტეტელები, შესანიშნავი სტუდენტები და წარმატებული ასპირანტები. ყველა მათგანს უკვე დისერტაცია  ჰქონდა მზად დასაცავად. ბრწყინვალე ახალგაზრდები, დიდი პატრიოტები, დინჯები, ლამაზები, ერთმანეთის და  ქვეყნის მოყვარულები იყვნენ….  სულ, როგორც უწოდებდნენ, ანტისაბჭოთა შეთქმულებაში  მონაწილეობის ბრალდებით 33 ადამიანი დააპატიმრეს. აქედან 17 კაცი ერთად დახვრიტეს. რაც 1942 წლის ოქტომბრის 17-ს მოხდა, ნამდვილი გენოციდი იყო.
შეთქმულთა შორის ისინი, ვინც არ დახვრიტეს, მრავალი მაღალჩინოსანი სამხედრო იყო. ზოგი ბაქოს ციხეში  გარდაიცვალა გაუსაძლისი პირობების გამო, მაგალითად, ერთი უნივერსიტეტელი დოცენტი, შესანიშნავი აბო ფარეშიშვილი მოკვდა ბაქოს ციხეში. ვინც ჩამოვიდა, ყველა, გოგი კალანდაძე თუ კიტა ბუაჩიძე მძიმე ავადმყოფი დაბრუნდა… ჩემი კოტეს გარშემო ყველა არაჩვეულებრივი იყო.კოტე და დოდო
მე პატარა, 6 წლით უმცროსი ვიყავი მათთან შედარებით. მაშინ შევედი უნივერსიტეტში, როცა ეგენი წავიდნენ და უნივერსიტეტი სასაფლაოს დაემსგავსა. დაიჭირეს პროფესორები. ახლა ირკვევა, რომ ამ შეთქმულებაში ჩაბმულნი იყვნენ აკადემიკოსები, უნივერსიტეტის პროფესურა და დიდი საქმე უნდა გაკეთებულიყო, გადაერჩინათ საქართველო და დამოუკიდებლობა მოეპოვებინათ.
მაგრამ როდესაც კიტა ბუაჩიძე დაბრუნდა გადასახლებიდან, მოვიდა ჩვენთან, რაღაც დრო გასული იყო, მამას უკვე სისხლი ჩაექცა და ლოგინად იყო ჩავარდნილი.
კარი რომ გავაღე, ვერ ამოვისუნთქე, კოტეს მეგობარი რომ ცოცხალი დავინახე. ხელი მომკიდა და გადამეხვია, დაწყნარდიო, მე ტუჩზე ხელი მივიდე, რომ დედასთან და მამასთან კოტეს დაღუპვის შესახებ სიმართლე არ ეთქვა. მამას ხელზე აკოცა, მამამ უთხრა, დაიხარე, შუბლზე გაკოცოო, დედაჩემი ატირდა.  სამზარეულოში გავიდა და აფუსფუსდა… დადგა კოტეს სურათის წინ, მერე ხელი გადამხვია და მითხრა: ჩემო დოდო, შენ ეს ამბავი არ იცი, როდესაც სიკვდილი მიუსაჯეს ამ ბიჭებს, სპეციალურად ამ პროცესს რუსი გამომძიებლები ესწრებოდნენ, თავს იკლავდნენ, რომ არცერთი ბიჭი არ დახვრეტილიყო, იმიტომ რომ ვერაფერი დაუმტკიცესო.
ჭკვიანურად ჰქონდათ ნამუშევარი, არანაირი მტკიცებულება შეიარაღებული აჯანყების არ იყოო.  ვერაფერი ხელმოსაჭიდი ვერ ნახესო. დაბოლოს, შეთქმულთ უთხრეს, რომ შეგიძლიათ უკანასკნელი სიტყვა თქვათო.
ისინი მოუბრუნდნენ კოტეს და შენ უნდა ილაპარაკოო… კოტე მხნედ იყო თურმე და ეუბნებოდა ბიჭებს, არ დაგვხვრეტენ, არ შეგეშინდეთო. რუსულად ილაპარაკა, რომ  რუსებს გაეგონათ. ერთი რუსი გამომძიებელი გამწარებული  მუშტს ურტყამდა მაგიდას, ისე მოსწონდა თურმე ეს ახალგაზრდა კაცი. მერე მორჩა ყველაფერი…  წაიყვანეს და სად წაიყვანეს, არავინ იცის.
ეს ყველაფერი კიტა ბუაჩიძემ მიამბო და მითხრა, რომ უნდა მოვძებნოთ ეს ოქმიო.
ვინაიდან სამხედროების შეთქმულებად ითვლებოდა, გამიჭირდა ოქმის მოძიება, მით უფრო, რომ  მაშინ საბჭოთა ხელისუფლება იყო… ამდენი წელი გავიდა, თავში კი სულ მიტრიალებს, სად მოვძებნო კოტეს სიტყვის ჩანაწერი? როგორც კიტამ მითხრა, ეს იყო ნამდვილი ეროვნული გმირის სიტყვა. საპროგრამო გამოსვლა საქართველოს მომავალზე. როცა  მოგვიანებით რეაბილიტაციის თაობაზე სუკ-ში 5 საათი ვიყავი დაკითხვაზე, იქ მითხრეს, როგორი ახალგაზრდა იყო და საიდან იცოდა ასეთი რაღაცებიო.
სამწუხაროდ, დღესაც ამ ბიჭების ხსოვნას ნაცარი აქვს გადაყრილი.
– რატომ?მეგობრები 1
– არ ვიცი, მე არაფერი არ დამიკლია, მაგრამ ვერაფრით გადაწყდა, რომ მათი დახვრეტის დღე 17 ოქტომბერი სამგლოვიარო დღედ გამოცხადდეს. არ არიან ღირსნი თუ? ვერ მივაღწიე ამას, ვის არ ვუთხარი, ყურთ არავინ იღო.
ბეთანიის მონასტერში, სადაც კოტეს ხშირად უყვარდა მისვლა, 20 თებერვალს ორი ბეთანიელი ბერის – წმინდა გიორგის და წმინდა იოანეს ხსენებაა და ვთხოვე, რომ კოტესთან ერთად დაღუპული 16 ადამიანის სულიც მოიხსენიონ. ამ ბერების მეგობარი იყო კოტე. ხან წამლები და საკვები მიჰქონდა მათთან. დედაჩემი ატანდა ხოლმე ნამცხვარს… ისინი იქიდან დედას თაფლს უგზავნიდნენ.
კოტე რომ დაიღუპა, ბეთანიის მონასტრიდან ჩვენს ოჯახში მოვიდნენ თანაგრძნობისთვის. კოჯორში, ჩვენი სახლის აივნის პირდაპირ შესანიშნავი წმინდა ნინოს ეკლესია ჩანდა, დადგებოდა ხოლმე კოტე და ჩუმად უყურებდა იმ ეკლესიის ჯვარს… ბებია გვყავდა ძალიან მორწმუნე, თავის ოთახში  ოცი ხატი მაინც ჰქონდა დაბრძანებული.
ამ დროს მე მოუნათლავი ვიყავი. როცა გავთხოვდი, მოვკიდე ხელი ჩემს მეგობრებს, წავედით ქაშუეთში, მოვინათლე და ჯვარიც დავიწერე, სუკ-ი  იყო ჩვენს უკან და არ შემეშინდა. 1946 წელი იყო. ისროდნენ ჩემი მეუღლის მეგობრები და ყურთან გამიწუილა ერთმა ტყვიამ. მაგრამ გადავრჩი, ამცდა ტყვია… ვფიქრობ, ამ წმინდა საქმემ გადამარჩინა მაშინ…
– თქვენი მოთხრობები და ზღაპრები კეთილ ადამიანებზეა, რომლებიც მრავლად იყვნენ თქვენ გარშემო. ასეთი იყო მეუღლე, ხელოვნების მოღვაწე სიკო ვადაჭკორია…
– სიკო ჟურნალ „თეატრალურ ხელოვნებას“ რედაქტორობდა. არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. ჭირსა და ლხინში ჩემ გვერდით იდგა. ცდილობდა, ცხოვრების სიმძიმე არ მეგრძნო.
კოტეზე დარდით ლოგინად ჩავარდნილ მამას არასდროს უგრძნია, რომ ვაჟიშვილი არ ჰყავდა. ეს ჩემი მეუღლის დამსახურება იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ისიც გარდაიცვალა.
– კოტე ხიმშიაშვილის რომანი „ჯონქა ხორნაული“ იმ 30-იანი წლების სულს გადმოსცემს, ადამიანურ გაცდებს და არა რაიმე საბჭოთა სულისკვეთებას… 30-იანი წლების თბილისი და რუსთაველის გამზირი  ძალიან ლამაზად არის აღწერილი. ეს არის დედაქალაქის მთავარი ქუჩის დიდი და ლამაზი სიმფონია… თქვენი თვალით დანახული თბილისი…
16809818_1358820604176955_48566630_n– ასაკის გამო, უკვე 95-ს მივუკაკუნე, იშვიათად გავდივარ ქალაქში, მაგრამ თუ გამიყვანენ ჩემი ოჯახის წევრები, ფეხით გავივლი ხოლმე, ეს უკვე არ არის ის რუსთაველი, რაც უწინ იყო… მახსოვს, მეუღლესთან ერთად გავიარე და ყოველ ნაბიჯზე მაჩერებდნენ, დოდო, დოდოო. და ბოლოს მითხრა, შენ რა მთელი თბილისი გიცნობსო, ძლივს გავიარეთ რუსთაველი, იმდენი  ნაცნობი შეგვხვდა, ბიჭები, გოგოები, ჩემი მეგობრები. კლასელები და უნივერსიტეტელები და ნათესავები. ახლა ისე ჩაივლი მთელ რუსთაველს და ვაკეს, ერთი ადამიანი სალამს არ გეტყვის. ჩემი ხნის არავინ აღარ არის, ცოტა ხნის წინ ერთ თვეში, ორი უსაყვარლესი მეგობარი დავკარგე.
– ზოგს ძველი თბილისის დიდი ნოსტალგია აქვს, რომ ის თბილისი აღარ არის…
– არა, თბილისი არის, ღმერთმა ნუ ქნას, რომ არ იყოს.  მე რომ თვალს დავხუჭავ და წარმოვიდგენ, ჩემს თბილისს ვხედავ…  ჩემი სკოლა, მადლობა ღმერთს, რომ ისევ არსებობს პირველი სკოლა…
– ამ სკოლასთან დაუვიწყარი მოგონებებიც გაკავშირებთ…
– ორი კლასი, როგორც ერთი კლასი, ისე ვმეგობრობდით. ძირითადად, დაპატიმრებულთა შვილები ვიყავით. მერვე კლასში აგვრიეს, რომ მეგობრობა დაეშალათ, პირიქით კი მოხდა, უფრო დავმეგობრდით..
ჩვენი კლასის დამრიგებელი იყო არაჩვეულებრივი პიროვნება  ივან ფიოდოროვიჩ ნიჟარაძე. რუსულს გვასწავლიდა. პეტერბურგიდან გამოიწვია ივანე ჯავახიშვილმა, უნივერსიტეტში რომ ემუშავა. მან უარი უთხრა, რადგან პირველი გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული, მოვიდა და დაიწყო გიმნაზიაში მუშაობა. სკოლას დაუბრუნდა, უკვე 80 წლის იყო… გავიხედეთ და ერთ დღეს გაიღო კარი, შემოვიდა ვიღაც მახინჯი კაცი, რომელსაც ჩვენი დირექტორი შემოჰყვა, და ეს კაცი გვიცხადებს, ადექით, ვის ჰყავს დაჭერილი მშობელიო. არავინ ადგა. მესამედ რომ თქვა, მივიხედე უკან, ჩურჩულმა გადაუარა კლასს და ყველა ერთად ავდექით. მთელი კლასი ადგა.
ეს კაცი ისარნატყორცნივით გავარდა კლასიდან.
მაშინვე მოვძებნეთ ჩვენი ივან ფიოდოროვიჩი და რას ვხედავთ? ჰქონდა საკლასო ოთახის  დიდ სარკმელთან დგას, ზურგით ჩვენკენ. სარკმელი პირდაპირ სუკ-ს გადაჰყურებდა. „ივან ფიოდოროვიჩ“, – ერთად დავიძახეთ ყველამ, შემოტრიალდა და… ღაპაღუპით მოსდის ცრემლები. უცბად გაიღიმა, მუჭებით მოიწმინდა ცრემლები და გვითხრა: ჩემო ძვირფასო და არაჩვეულებრივო ბავშვებო, აიღეთ წიგნები და ალექსანდროვის ბაღში წადით. ხვალ მოდით, დღეს თქვენ არ შეგიძლიათ მეცადინეობაო… ტრავმირებულები ვიყავით და იმ დღეს მთელი კლასი გაგვიშვა. ასეთ პირობებში გაიარა ჩვენმა სიყმაწვილემ…
– კოტე ხიმშიაშვილს  ენძელები გულის ჯიბით დაჰქონდა…16839325_1358820614176954_187998993_n
– კოჯორში გაზაფხულის მოსვლა რაღაც საოცრება იყო ჩემთვის და კოტესთვის. ჩვენ დავრბოდით, ვთამაშობდით იქ. პურის დიდი ყანა იყო და თოვლი იდო… პატარა ჭები ჩნდებოდა თოვლში და ვიცოდით, რომ იმ ჭებში ენძელები იქნებოდა ამოსული. ახალ გაზაფხულზე, ჯერ თოვლი რომ არ არის დამდნარი, მივიდოდით ხოლმე და ფესვიანად ვიღებდით ამ ენძელებს, სახლში მოგვქონდა. ბებიას სილის მსგავსი მიწა ჰქონდა გამზადებული და იმაში ჩააწყობდა ხოლმე. ორი კვირა ცოცხლობდა ენძელები. არაჩვეულებრივი რიტუალივით გვქონდა ამ ენძელების სახლში მოტანა. ისე გვიყვარდა ეს ყვავილი. კოტე მეათე კლასში იყო, კოჯორი რომ დავტოვეთ… და ეს ენძელების ამბავი ყოველ გაზაფხულზე ხდებოდა.
– სამი ლიტერატურული პრემიის – შიო მღვიმელის, მაყვალა მრევლიშვილის და ილია ჭავჭავაძის ლაურეატი ხართ. 30-მდე წიგნი გამოეცით. ახლახან ხელმეორედ გამოიცა თქვენ მიერ თარგმნილი შვედური ზღაპრები. 2013 წელს კი თქვენი მოთხრობების კრებული „ყოჩივარდები“… ახალი წიგნის გამოცემას ხომ არ აპირებთ?
– შარშან მოსწავლეთა სასახლეში ჟურნალმა „დილამ“ გადაიხადა ჩემი იუბილე.  იმ წელიწადს „დილის“ ყოველ ნომერში დოდო წივწივაძე ბეჭდავდა ჩემს ახალ მოთხრობას, სულ 12 ახალი მოთხრობა გამოქვეყნდა. კარგი იქნებოდა წიგნის გამოცემა, ასევე „ლიტერატურულ საქართველოში“ დაიბეჭდა ჩემი მოგონებების გაგრძელება: „ვარდისფერი ყოჩივარდები“  კოტეზე და ჩვენს ოჯახზე.  საკმაოდ დიდი მონაკვეთია.
– დიდი ოჯახი გაქვთ…16830332_1358821137510235_1480125110_n
– ორი ქალიშვილი მყავს, თათული და ზიზი, ასევე – ორი შვილიშვილი ნუგზარი და ნიკუშა. 5 შვილთაშვილი – ირინე, ნიკოლოზი, გიორგი, ლიზა, რუსუდანი. რომ იცოდე, ყველა წერს ჩემს ოჯახში, პატარა შვილთაშვილებიც კი რომ მყავს ჩემს ოჯახში, ეს პატარა რუსუდანი მეხუთე წელშია, ზეპირად მიყვება რაღაცებს. მამა წერდა ძალიან კარგად, თანაც, აკაკი წერეთლის შთამომავლებიც ხომ ვართ და, რა გასაკვირია…
– დღეს მწერალთა სახლში კოტე ხიმშიაშვილის დაბადების 100 წლის სიუბილეო საღამო ტარდება.
–  ჩემთვის საოცარი დღეა, რაც 2017 წელი დადგა, სულ ვფიქრობ კოტეს თარიღზე… 1917 წელი მისი დაბადების წელია. ვფიქრობ, რა უნდა გავუკეთო, რომ ღირსეულად გადავიხადოთ მისი ასი წელი. და რომ კიდევ გაჟღერდეს კოტეს სახელი. კოტეს მოთხრობების ახალი კრებულის გამოცემაც იგეგმება.
ეკრანზე  კოტეს და მისი ოჯახის, მშობლების სურათები იქნება ნაჩვენები, მოვლენ ლიტერატორები, მწერლები, სიტყვით გამოვლენ, ლექსებს წაიკითხავენ.
საპატრიარქოდან ჩოხოსნები და პატრიარქის ნათლულები გვესტუმრებიან. უამრავი ხალხი მოდის. ყველაზე ძალიან ეს მიხარია, რომ ახსოვთ კოტე და ვისაც არ ახსოვს, იციან, რომ არსებობდა ასეთი კაცი და მწერალი – კოტე ხიმშიაშვილი.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები