გვარამია და ახვლედიანი არ აკონკრეტებენ თუ სად შედგა მათ შორის დიალოგი, სადაც 6 მილიონი ფიგურირებს

“რასაც ვიხსენებ, საუბრის ყველაზე დიდი ნაწილი ერთ-ერთ ოჯახში იყო”, – ასე უპასუხა თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ „კვირას“ კითხვას იმის შესახებ, თუ სად შედგა მასსა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენდირექტორს შორის ის საუბარი, რომელიც გავრცელებულ ჩანაწერში ისმის.
საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვერ ადასტურებს, რომ დიალოგი, რომელიც აუდიოჩანაწერში ისმის, მხოლოდ ერთი შეხვედრისას შემდგარი საუბარია. ამასთან, როგორც ახვლედიანი ამბობს, საუბრის შინაარსში სკანდალური არაფერია, რადგან ის აღნიშნულ საკითხზე საჯაროდ სხვა პირებთანაც საუბრობდა.
„რასაც ვიხსენებ, საუბრის ყველაზე დიდი ნაწილი ერთ-ერთ ოჯახში იყო, დანარჩენი არ ვიცი – ავთენტურია? ნაკრებია ?… ამ ტექსტებს, მე რასაც ვსაუბრობ, ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს ნასაუბრები სხვადასხვა ადგილზე, მანდ დასამალი არაფერი არ არის. ფინანსებზე საუბარი მიკერებულია, ეს პრობლემები, რაზეც მე ვსაუბრობ, მაქვს ნასაუბრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან, დაწყებული ყველასთან, ვინც კი ამ სახელმწიფოში არსებობს. ამიტომ მართლა ვერ ვიხსენებ. უბრალოდ, ერთადერთი, რაც გვარამიასთან დაკავშირებით გავიხსენე, ეს არის, რომ შედგა ერთ-ერთ ოჯახში, სადაც ყველაზე დიდი საუბარი შედგა და ამ საუბარს სხვა ადამიანებიც ესწრებოდნენ, საუბარი იყო ამ პრობლემებზე. თუ თქვენ ტექსტს მოუსმენთ, ნახავთ, რომ თანხებთან დაკავშირებით საუბარი საერთოდ არ შემდგარა… სად გადავდექი? მე გადავდექი? „ – განუცხადა „კვირას“ მამუკა ახვლედიანმა.
„კვირამ“ ანალოგიური კითხვით „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიასაც მიმართა. ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ არაფრის დაკონკრეტებას არ აპირებს.
„არ ვაპირებ ამ თემაზე კიდევ საუბარს, რაც სათქმელი მქონდა, უკვე ვთქვი. გამოძიებასაც მივაწოდე ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით, სად რა შინაარსის დიალოგი შედგა. არ ვაპირებ არაფრის დაკონკრეტებას. არ მესმის საერთოდ, რატომ ინტერესდებით ამ დეტალით“, – განუცხადა „კვირას“ ნიკა გვარამიამ.
ამასთან, „კვირას“ კითხვაზე, ხომ არ მიუღია თავის დროზე ნიკა გვარამიას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების – ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის არჩევაში მონაწილეობა, გვარამია აცხადებს, რომ არ ახსოვს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ მას ბევრი მოსამართლის არჩევაში მიუღია მონაწილეობა, თუმცა კონკრეტულად ამ ორი მოსამართლის შემთხვევა არ ახსოვს.
„სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს, თუმცა მე ძალიან ბევრი მოსამართლის არჩევაში მიმიღია მონაწილეობა, მათ შორის იმათშიც, ვინც „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ არაკეთილსინდისიერი და უკანონო განაჩენი გამოიტანა“, -განუცხადა „კვირას“ გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები