“მამა გიორგი მამალაძე როგორც კი მიიღებს კურთხევას, მზად არის ყველაფერს ნათელი მოჰფინოს”

“დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე როგორც კი მიიღებს კურთხევას, მზად არის ყველაფერს ნათელი მოჰფინოს”, -ამის შესახებ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სისხლის სამართლის ადვოკატმა, ლევან ვეფხვაძემ ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მამა გიორგი მამალაძე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელთან, ანა ნაცლიშვილთან შეხვედრის სურვილსაც გამოთქვამს.
“დეკანოზმა აღნიშნა, რომ ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იყენებს დუმილის უფლებას არა იმიტომ, რომ რამე აქვს დასამალი, არამედ იმიტომ, რომ მას სჭირდება შესაბამისი კურთხევა. როგორც კი მიიღებს კურთხევას, მზად არის ყველაფერს მოჰფინოს ნათელი. გარდა ამისა, მან მზაობა გამოხატა, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ჩაერთოს ამ საქმეში და სურვილი აქვს საია-ს თავმჯდომარეს, ანა ნაცლიშვილთან შეხვედრის”, – აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
საია-ს წარმომადგენლის განცხადებით, დეკანოზი კვლავ ითხოვს მისი ოჯახის უსაფრთხოების მაღალ დონეზე აყვანას.
“დეკანოზმა კიდევ ერთხელ გააჟღერა, რომ სურს მისი ოჯახის უსაფრთხოება იყოს მაღალ დონეზე აყვანილი. კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან ისევ შეიკავა თავი, რადგანაც პროკურატურიდან ჯერაც არის გაუთქმელობის დავალდებულება, რაზეც ჩვენი ორგანიზაცია ფიქრობს, რომ ეს არღვევს თანასწორობის პრინციპს – საზოგადოებაში მუსირებს აზრი მხოლოდ ბრალდების მხარისა და ჩვენ ვერაფერს ვიგებთ დაცვის მხარისგან. სწორი იქნება, თუ პროკურატურა დაცვის მხარეს მისცემს საშუალებას, გაამახვილოს ყურადღება საქმის მასალებსა და დეტალებზე.
ბატონი შოთაძის განცხადებიდან არ იკვეთებოდა, რომ საუბარი იყო პატრიარქზე. უმაღლესი იერარქიის პირზე საუბრისას, მოიაზრება მხოლოდ სასულიერო პირი, ამიტომაც არის საჭირო, ადვოკატებს მიეცეთ საშუალება, ისაუბრონ, არის თუ არა ბრალის ნაწილში სასულიერო პირზე საუბარი”, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები