სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მეორე სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფმა დღეს მორიგი სხდომა გამართა.
სამუშაო ჯგუფმა მუშაობა კონსტიტუციის მესამე თავის განხილვით განაახლა, რომელიც საქართველოს პარლამენტს შეეხება, კერძოდ, 51¹ მუხლიდან. აღნიშნული მუხლი პარლამენტის დათხოვნის შემთხვევებს შეეხება.
„ორი კვირის წინ დავიწყეთ პარლამენტის თავის განხილვა, თუმცა ვერ დავასრულეთ და დღეს განვაგრძეთ დისკუსია ამ თავთან და ჯგუფის კომპეტენციასთან დაკავშირებულ კონსტიტუციის სხვა თავებთან დაკავშირებით. ჩვენ შევჩერდით 51¹ მუხლზე და შეგვიძლია დღეს განვაგრძოთ დისკუსია ამ მუხლიდან, რომელიც შეეხება პარლამენტის დათხოვნის საკითხს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რომელიც საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობს.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი საქართველოს კონსტიტუციის მესამე, მეექვსე და მერვე თავებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მუშაობს.
საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია 15 დეკემბერს შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფი მუშაობს.
კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა შეიმუშაოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები