ვიქტორ დოლიძემ, რიგაში ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ლატვიაში, ქალაქ რიგაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის თავდაცვის მინისტრს, რაიმონდს ბერგმანისს და საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანს, ზანდა კალნინა-ლუკაშევიცას შეხვდა.
შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. ლატვიურმა მხარემ საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესი აღნიშნა.
ვიქტორ დოლიძემ 2017 წლის განმავლობაში დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს საკითხი პარტნიორების დახმარებით მუდმივად იქნება ნატოს თუ ევროკავშირის ღონისძიებების დღის წესრიგში.
სახელმწიფო მინისტრმა ასევე ისაუბრა სხვადასხვა ფორმატში ნატოს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.
„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენი ლატვიელი მეგობრებისგან და პარტნიორებისგან, მოვიცავით ძალიან ფართო სპექტრი საკითხებისა, მათ შორის ნატოსა და ევროკავშირის სამიტებზე მხარდაჭერა, ბუნებრივია. ახლა, ამ მხარდაჭერას სჭირდება კონსოლიდირება და კონკრეტული გეგმა-გრაფიკის შემუშავება, რისიც ძალიან კარგი საფუძველი არსებობს, როგორც ლატვიელი, ისე ლიტველი და ესტონელი კოლეგების მხრიდან“, – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
ლატვიური მხარის წარმომადგენლებმა საქართველოს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, თავდაცვის მიმართულებით რეფორმების ეფექტიანად განხორციელებაში წარმატება უსურვეს და ლატვიის მხარიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა დაადასტურეს.
სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების გზებსა და მექანიზმებზე იმსჯელეს ვიქტორ დოლიძემ და ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დირექტორმა, იანის საარტსმა სახელმწიფო მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.
სახელმწიფო მინისტრმა ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის თანამშრომლებს საქართველოს მთავრობის, კერძოდ, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
თავის მხრივ, სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დირექტორმა გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
„სტრატეგიული კომუნიკაციები დღეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა, როგორც ჩვენს ნატოელ, ისე ევროკავშირელ პარტნიორებთან ერთად და ჩვენ ერთად უნდა დავგეგმოთ როგორც ქვეყნის შიგნით, ჩვენი საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ამგვარი სტრატეგიული კომუნიკაცია, ასევე, ჩვენს პარტნიორებთან, რათა ქვეყნის გარეთაც უკვე დაგეგმილ ღონისძიებებზე, განსაკუთრებით უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სფეროში, რაც შეიძლება მეტი ურთიერთკოორდინირებული მუშაობა გავაგრძელოთ“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები