ვახტანგ ხმალაძე: ძირითადი საკითხი კომისიაში მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასაც შეეხო
“გარდა ერთი წევრისა, კომისიაში ყველამ მხარი დაუჭირა პროპორციულ საარჩევნო სისტემას”, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა.
ვახტანგ ხმალაძის ინფორმაციით, პროპორციული სისტემის როგორი სახე იქნება მიღებული, ამაზე საუბარი ჯერ არ დასრულებულა.
„თუ ნაწილი აირჩევა ერთიანი პარტიული სიით, ნაწილი კი სამხარეოთი, ამ შემთხვევაში, მცირდება სამხარეოს მანდატი და გვექნება სამმანდატიანი ოლქები. მე პირადად, ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ერთიანი პარტიული სიებით არჩევნები, დაისვა ასევე საარჩევნო ბლოკების აკრძალვის საკითხიც. იყო ხანგრძლივი დისკუსია, მე როგორც ვხედავ, შეთანხმება მიდის იქამდე, რომ შესაძლებელია აკრძალვა იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო ზღურბლი შემცირდება 2-3 პროცენტამდე და ასეთ შემთხვევაში, პარტიებს აღარ დაუდგებათ ბლოკების შექმნის აუცილებლობა, ორი პროცენტი კი როგორმე უნდა მიიღოს პარტიამ . ეს საკითხები ეხება საპარლამენტო არჩევნებს. ასევე, ვმსჯელობთ, რომ უკვე კანონით უნდა განისაზღვროს პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების საკითხი“,-განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ვახტანგ ხმალაძის ინფორმაციითვე, კომისიაში ყველა თანხმდება, რომ პარლამენტარის ასაკობრივი ცენზი გაიზარდოს 25 წლამდე.