დავით მათიკაშვილი: მოსმენებთან დაკავშირებით გვაქვს დაცვის 5 მექანიზმი, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა

“კანონს როცა ვადგენდით, მოვნახეთ ყველა გზა, რომელიც დაიცავდა ყველა „ობივატელის“ მოთხოვნებს”, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილი თვლის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ორ საკითხზე ამახვილებდა ყურადღებას. ერთი მათგანი იყო, რომ პარალელური წვდომის საშუალება არ უნდა არსებულიყო. მათიკაშვილის ინფორმაციით, საკითხის გადაწყვეტაზე მუშაობდა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორისგან შექმნილი კომისია.
„ამ ვარიანტის გარდა, წარმოდგენილი იყო კიდევ ორი ვარიანტი, ძალოვანი უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან წამოყენებული საკითხები. პარლამენტმა ნაწილობრივ გაიზიარა ორივე და გაითვალისწინა საზოგადოებიგან წამოსული მითითებები, ეს კანონი პასუხობს ზუსტად მოსახლეობისგან წამოსულ მესიჯებს. სახელმწიფოს მიმართ საზოგადოებას გარკვეული ხარისხის ნდობა უნდა გააჩნდეს, სრული უნდობლობის პირობებში, არაფერი არ მოხერხდება. ეს საკითხი წინა არის ბევრად წაწეული, ეს უწყება წარმოადგენს სერვისის მიწოდების უწყებას და ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ – სტრუქტურა, რომლის ხელმძღვანელსაც ირჩევს კომისია და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შეუძლებელია მიყურადება, უნდა ვენდოთ.
იყო მეორე ვარიანტიც, რის მიხედვითაც პარლამენტში უნდა შექმნილიყო ეს სტრუქტურა, თუმცა მიმაჩნია, რომ ის საკანონმდებლო სივრცეში ვერ შეიქმნებოდა, პარლამენტის ქვეშ ასეთი რაღაც რომც გაგვეკეთებინა, მაინც მოგვედავებოდნენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნა ვერ შევასრულეთ, მაშინ, როცა საკონსტიტუციო სასამართლო გვეუბნება, რომ ამ სტრუქტურას არ უნდა ჰქონდეს გავლენა ძალოვანი უწყებებისგან, ამით ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველანაირ დაცულობას“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მათიკაშვილის ინფორმაციით, კომისია არჩევს უწყების სამ კანდიდატს და ამ კანდიდატის შერჩევის დროს, „სუს“-ის როლიც ისეთივეა, როგორც სხვა დანარჩენი კომისიის წევრებისა .
„სუს-ი ამ კომისიაში ვერ შეარჩევს ხელმძღვანელს, რადგან კომისიაში „სუს”-საც ისეთივე უფლებები აქვს, როგორიც სხვა დანარჩენ წევრებს, თუმცა რაღაც, რომ მოხდეს ქვეყანაში, საზოგადოებას პრეტენზია ექნება უსაფრთხოების სამსახურთან და არა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ჩვენ ამ კომისიაში გვაქვს 5 დაცვის მექანიზმი, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა და მსოფლიოში ანალოგი იშვიათად მოეძებნება“, -განაცხადა დავით მათიკაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები