უმრავლესობის დეპუტატმა ოპოზიციას ბოდიშის მოხდა მოსთხოვა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ ოპონენტებს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა მისი კოლეგის მიმართ ცილისმწამებლური და რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელების გამო.
„ერთ ფაქტს მინდა გამოვეხმაურო, რაც თქვენმა კოლეგამ თავის ფეისბუქგვერდზე გაავრცელა დღეს იმის დასადასტურებლად, თუ მთლიანობაში, ნებისმიერ თემაზე, მათ შორის ამ თემაზე სხვათაშორის, როგორ ცდილობთ თქვენ აბსოლუტურად რეალობა დაამახინჯოთ. წარმოადგინოთ თქვენი სპექტაკლები და შემდგომში საზოგადოებას მიაწოდოთ ეს, როგორც სიმართლე. პირდაპირ ვიტყვი, რომ ვარ ძალიან აღშფოთებული, ამ ფაქტით და ვითხოვ თქვენგან ბოდიშს“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.
„მოვითხოვ თქვენგან ბოდიშს ჩვენი კოლეგის, მიშა ყაველაშვილის მიმართ. დღეს, როდესაც, სამართლიანად მიგითითათ, თქვენ მიერ პლაკატის გადმოკიდებისას, იმაზე, რომ არ გაქვთ ამის უფლება. თქვენმა ერთ-ერთმა თანაგუნდელმა გაავრცელა სოციალურ ქსელში ინფორმაცია, თითქოს იგი არის ნასვამი და ამ მდგომარეობით იყო ეს ქმედება გამოწვეული. ცოტა დაფიქრდით, ეს თამაში არ არის. მის ახლობლებს, შვილებს, მეგობრებს, პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. სხდომის დასრულებამდე თქვენგან ამ საკითხზე რეაგირებას ვითხოვ“, – თქვა უმრავლესობის დეპუტატმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე.
აღნიშნულ ფაქტს პარლამენტის სპიკერიც გამოეხმაურა.
„მეც მინდა ამას გამოვეხმაურო, შემაშფოთებელი ფაქტია ნამდვილად. ერთ-ერთმა დეპუტატმა ნამდვილად გაავრცელა ასეთი ცრუ ინფორმაცია. ეს იყო რეალურად ცილისწამება და გთხოვთ, ფრთხილად მოვეკიდოთ ერთმანეთის რეპუტაციას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.