ია ანთაძე: ახალი ნიუსრუმის კონცეფცია მოითხოვს ახალ კვალიფიკაციებს

ახალი ნიუსრუმის კონცეფცია მოითხოვს ახალ კვალიფიკაციებს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველმა ია ანთაძემ „მოამბის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა სეგმენტი უნდა იყოს კონკურენტუნარიანი, რათა ის შეეჯიბროს იმ ტელევიზიებს, რომლებიც კონკურენციის პრინციპებზე არიან აგებული.
„საინფორმაციო პროგრამა ჩვენ წარმოგვიდგენია ბევრად უკეთესი, ვიდრე არის დღეს, ასევე სხვა ფორმატის. გვინდა ასევე ახალი ნიუსრუმის ამუშავება, რომელიც იქნება უპრეცენდენტო. გვაქვს ხედვა და ეს ხედვა არ განსხვავდება დიდად იმისგან, რაც აქ დაგვხვდა ახალი ნიუსრუმის სახით“ – განაცხადა ია ანთაძემ.
მისივე თქმით, ახალი ნიუსრუმის ამოქმედება დაიწყება იმ შენობაში, საიდანაც საზოგადოებრივი დღეს მაუწყებლობს და დასრულდება სხვა შენობაში. როგორც ანთაძემ აღნიშნა, მაუწყებელი იქნება სანდო ინფორმაციის შემქმნელი და მიმწოდებელი.
ანთაძის განმარტებით, ამ ეტაპზე, საუბარია ბიუჯეტის დაზოგვაზე. მისი თქმით, ახალი გადაცემები 2018 წლის პირველი იანვრიდან ჩაეშვება, თუმცა რა ბიუჯეტისა და ხარისხის გადაცემები გავა, დამოკიდებული იქნება იმაზე, რა თანხა იქნება მობილიზებული საზოგადოებრივის ბიუჯეტში იმ დროისათვის.
მისივე თქმით, ფილტრი ყველა გადაცემამ უნდა გაიაროს, მათ შორის, ეს ეხება საზოგადოებრივ რადიოს. როგორც ანთაძე ამბობს, საეთერო ბადეში დარჩება ის გადაცემები, რომლებიც აღმოჩნდება ლიდერი მაუწყებლობის ლიდერ პოზიციასთან.
გარდა ამისა, ია ანთაძემ კადრების ოპტიმიზაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გადაცემების დახურვასთან ერთად, ესეც გამოიწვევს თანხების დაზოგვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები