უმრავლესობის დეპუტატმა ოპონენტებს მედიის თავისუფლებაზე საუბრისას სააკაშვილის რეჟიმი გაახსენა

უმრავლესობის დეპუტატ გედევან ფოფხაძის თქმით, ოპონენტები საპროტეტო ლოზუნგებით მაშინ რომ გამოსულიყვნენ, როცა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა “იბერია” და “იმედი” შტურმით აიღო, ღირსეული საქციელი იქნებოდა.
ასე უპასუხა გედევან ფოფხაძემ მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით უმცირესობის წარმომადგენლების კრიტიკას.
“ხანდახან უბრალოდ სურვილი გეკარგება ამ დარბაზში არსებითად რამეზე ილაპარაკო, იმიტომ, რომ საკითხები კარგავს თავის აზრს და თავის ლოგიკას. როდესაც ჩვენმა ოპონენტებმა დღეს გადმოაფრიალეს თავისი ლოზუნგი და მასმედიაზე შტურმი გააპროტესტეს, ალბათ სხვა დროში და სხვა სივრცეში ეს საქციელი მათი მხრიდან იქნებოდა ძალიან ღირსეული საქციელი, ეს რომ გაეკეთებინათ მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა მართლა შტურმით აიღო ტელეკომპანია “იბერია”, როცა მართლა შტურმით მოხდა ტელეკომპანია “იმედი”-ს აღება. შტურმი არის, როდესაც სპეცნაზი, შეიარაღებული ხალხი, ნიღბიანები, სამართალდამცავები შედიან შენობაში უკანონოდ, იკავებენ ამ შენობას, იარაღის ძალით ჟურნალისტებს აწვენენ იატაკზე და თავზე ადებენ იარაღს.
ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ეს ლოზუნგი ნებისმიერ ჩვენს ოპონენტს მაშინ გადმოეკიდებინა და ამიტომაა ჩემთვის ამ კანონზე საუბარი ძალიან შორს მათი მხრიდან სამართლებრივი ლოგიკისგან და კანონის შინაარსისგან, იმიტომ, რომ ჩვენ კარგად გვესმის ვის რა პოლიტიკური მოტივაცია აქვს, როდესაც ამა თუ იმ თემაზე საუბრობს”,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვისას პლენარილ სხდომაზე.
დეპუტატის განცხადებით, ასეთ ადამიანებს ძალიან სუსტი უსაფრთხოება, სუსტი სამართალდამცავი სტრუქტურები სურთ, რათა მათი რევანშის მიზანი რეალურად იქცეს პოლიტიკურ შედეგად.
“ამიტომ, ყველას კარგად გვესმის, ვის რა მოტივაცია აქვს, როდესაც ამა თუ იმ თემაზე საუბრობს. ამ მოტივაციიდან უნდა გამოვიდეთ და უნდა გვქონდეს ჩვენი მოტივაცია. ჩვენ გვჭირდება ძლიერი სახელმწიფო იმ ხალხისთვის, რომელიც ელოდება ჩვენგან დანაპირებების შესრულებას, ელოდება ძლიერი ქართული სახელმწიფოს შექმნას და ამ ძლიერ სახელმწიფოს სჭირდება ბალანსი უფლებებსა და უსაფრთხოებას შორის. თუ ეს ბალანსი დაირღვევა, რაც უნდათ ჩვენს ოპონენტებს, ჩვენ მივიღებთ სუსტ საქართველოს, სადაც მოხდება მართლა მოძალადეთა რევანში და ქართველი ხალხი დადგება ძალიან დიდი საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე. მე მგონია, რომ აკადემიური სიმშვიდით, გააზრებულად, იმ ლოგიკის კარგი გააზრებით, რაც არის წარმოდგენილი კანონპროექტში, შეგვიძლია მივყვეთ ამ კანონს და შევთავაზოთ საზოგადოებას ის კანონი, რომელიც სრულ ბალანსს შემოგვთავაზებს უფლებებისა და უსაფრთოების. საქართველოს უსაფრთხოება არის გარანტი ნებისმიერი მოქალაქისათვის, რომ ის იქნება დაცული”,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
საკანონმდებლო ორგანო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავს.
კანონპროექტის თანახმად, ქვეყანაში ფარული მოსმენების განსახორციელებლად ახალი უწყება – “ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო” შეიქმნება. რაც შეეხება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, მათი კონტროლი განხორციელდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ, ასევე აღნიშნული სისტემების გამოყენებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები