იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფარული მიყურადების განხორციელებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა

ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების განხორციელების სისტემის რეფორმირებას ითვალისწინებს 18 კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის 14 წევრის მიერ არის ინიცირებული, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა და ხმათა უმრავლესობით, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნია მისი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვა.
საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც ისარგებლებს დამოუკიდებლობის ადეკვატური გარანტიებით და არ ექნება საგამოძიებო, სადაზვერვო ან კონტრსადაზვერვო ფუნქციები. სააგენტოს ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ცალკე ორგანიზაციული კოდით.
წარმოდგენილი კანონპროექტებით, დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტოს უფროსის კანდიდატის შერჩევა განხორციელდება 7 წევრისგან დაკომპლექტებული სპეციალური კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ:საქართველო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – სპეციალური კომისიის თავმჯდომარე;საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელსაც კომისიის წევრად დანიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე;პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;საქართველოს სახალხო დამცველი;საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი შეარჩევს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს უფროსობის არანაკლებ სამ კანდიდატს. საკონკურსო კომისიის მიერ დამტკიცებულ სააგენტოს უფროსის კანდიდატურას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
სააგენტო უფლებამოსილი ორგანოს მომართვის საფუძველზე, სპეციალური ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით, ფარული მეთოდებით საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მართლწესრიგის და სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა შესახებ ინფორმაციისა და სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტობრივი მონაცემების მოპოვების მიზნით განახორციელებს ღონისძიებებს, რომლებიც უკავშირდება სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებას და ჩაწერას, კავშირგაბმულობის არხიდან და კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვებას, გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრას, საფოსტო სატელეგრაფო გზავნილთა კონტროლს, ფარულ აუდიო ან/და ვიდეო ჩაწერას, ფოტო გადაღებას, ინდივიდუალურ და სტრატეგიულ მონიტორინგს.
შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებებს, როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, ისე კონტრდაზვერვითი მიზნებისთვის, ემატება გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა.
წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტში შემავალი „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისად, სააგენტოს მიერ კონტრდაზვერვითი მიზნებისთვის ფარული მიყურადების, ე.წ. ელექტრონული თვალთვალის განხორციელებისას გათვალისწინებულია კონტროლის ელექტრონული სისტემა.
შემოდის ზედამხედველი მოსამართლის ინსტიტუტი, რომელიც გააკონტროლებს და ზედამხედველობას გაუწევს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების აღსრულებას.
ზედამხედველი მოსამართლე განისაზღვრება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით და აღნიშნული ფუნქციის განხორციელება დაეკისრება უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს. ღონისძიებების განხორციელებას ზედამხედველი მოსამართლე გააკონტროლებს კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ღონისძიების განხორციელების სამართლებრივი საფუძვლის შემოწმებით.
რაც შეეხება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, მათი კონტროლი განხორციელდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ, ასევე, აღნიშნული სისტემების გამოყენებით. კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიების – სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადების და ჩაწერის – კონტროლს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი განახორციელებს: ა) კონტროლის ელექტრონული სისტემით; ბ) კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით; გ) მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების საფუძვლის კანონიერების შემოწმებით.
წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კონტროლის გარდა, სააგენტოს საქმიანობაზე, ასევე, გათვალისწინებულია საპარლამენტო, პრემიერ-მინისტრის, სასამართლო და საფინანსო-საბიუჯეტო კონტროლი.
სააგენტოს საქმიანობაზე კონტროლს განახორციელებს საქართველოს პარლამენტი საპარლამენტო კონტროლის ფორმების გამოყენებით, ხოლო კანონის ცალკეული მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საპარლამენტო კონტროლი განხორციელდება საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის მეშვეობით. სააგენტო ყოველწლიურად წარუდგენს ნდობის ჯგუფს სტატისტიკურ და გაწეული საქმიანობის განზოგადებულ ანგარიშს.
სააგენტო, ასევე, ანგარიშვალდებული იქნება პრემიერ-მინისტრის წინაშე და ყოველწლიურად წარუდგენს სტატისტიკურ და განზოგადებულ ანგარიშს მის მიერ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ.
სხდომაზე წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის ძირითად პრინციპებზე ისაუბრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.
მისი განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მომზადდა ცვლილებები, რასაც წინ კვლევა უძღოდა. კვლევის დროს შესწავლილი იქნა ძირითადად აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ბელგიის, გერმანიის, შვედეთის, ესტონეთის მოდელები. „პირველ რიგში ვნახეთ ევროკავშირის დირექტივები, ვნახეთ ევროკავშირის მართმსაჯულების სასამართლოს 2016 წლის გადაწყვეტილება. ეს არის შვედეთის და დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობაზე, სადაც ევროკავშირის მართმსაჯულების სასამართლომ დაადგინა რა ფარგლებში შეიძლება ეროვნული კანონმდებლობა ოპერირებდეს. სასამართლომ თქვა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების წვდომა გაზრდილი საფრთხეების გამო უნდა იყოს ეფექტური, მაგრამ ამავე დროს, უნდა იყოს დაცული ბალანსი და ამ ბალანსის თვალსაზრისით გარკვეული დირექტივები მოგვცა“,- აღნიშნა ეკა ბესელიამ. მისივე თქმით, როგორც წესი, ყველა სასამართლო ადგენს სტანდარტებს, რას უნდა იცავდეს კანონმდებლობა, მაგრამ ვის უნდა ჰქონდეს წვდომა, ამაზე არც ერთი ქვეყნის სასამართლო, როგორც წესი, ასეთ დირექტივებს არ აკეთებს და ამბობს, რომ ხელისუფლების ვალდებულებაა გაითვალისწინოს ყველა ის რისკი, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, უსაფრთხოებას და ა.შ.
ეკა ბესელიას განცხადებით, კვლევის დროს გამოიკვეთა, რომ ყველა ქვეყანაში ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე უფლებამოსილი ორგანო ძალოვანი უწყებაა. „კვლევის დროს, არც-ერთი ქვეყანა არ გვინახავს, სადაც არის ის მოდელი, რომელიც შემოთავაზებულია ალტერნარტიული პროექტის სახით. როცა საქმე ეხება უსაფრთხოების თემას და ადამიანის პირადი ცხოვრების და ადამიანის უფლებებს შორის საუკეთესო ბალანსის მოძებნას, აქ ექსპერიმენტის ჩატარება არის უკიდურესად სახიფათო “,- აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრების შეფასებით, შემოთავაზებული ცვლილებები არ შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. გიორგი ტუღუშის თქმით, ახალი სტრუქტურა ვერ იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან და ასევე, მოხდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის იქნსპექტორის როლის შესუსტება.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისფლების ამოცანაა, პირველ რიგში, ადამიანის სიცოცხლის და უსაფრთხოების დაცვა და ის, რაზეც ოპონენტების მხრიდანაა საუბარი, ნამდვილად ვერ დაიცავს ადამიანების სიცოცხლეს მომავალში და ვერც სახელმწიფო ინტერესებს.
„ის რაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების გარშემო ბოლო ორი წლის განმავლობაში ხდება, ძალიან არასერიოზულად გამოიყურება ჩვენი მოკავშირეების, საერთაშორისო თანამეგობრობის გადმოსახედიდან და იმ კონტექსტში, როდესაც საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო, მტკიცე მოკავშირე როგორც უსაფრთხოების, ასევე საერთაშორისო სამშვიდობო გლობალური მისიის თვალსაზრისით“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
საკანონმდებლო პაკეტის განხილვის დროს, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით შენიშვნები გამოითქვა, რომელთა გაზიარებითაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები