სოფელ სერგიეთში საფეხბურთო სკოლის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში, ძველი კოლმეურნეობის შენობის ბაზაზე, საფეხბურთო სკოლას აშენებს.
მშენებლობაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია და სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელოს რეგიონში ლევან შონია იმყოფებოდნენ.
მიმდინარე წლის გაზაფხულიდან, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ფეხბურთით დაინტერესებულ მოზარდებს, საშუალება ექნებათ კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და ჩაატარონ საფეხბურთო ტურნირები.
შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის აშენება, კანალიზაციის, გათბობისა და ვენტილაციის სისტემების დამონტაჟება.
საფეხბურთო სკოლაში იქნება სავარჯიშო დარბაზიც, მედპუნქტი, სასადილო, სამრეცხაო და რვა ოთახი ჩამოსული სპორტსმენებისთვის. ასევე გათვალისწინებულია ეზოს კეთილმოწყობა.
ამ ეტაპზე, კომპლექსურად მიმდინარეობს სადემონტაჟო სამუშაოები, კედლებისა და ტიხრების მშენებლობა, ფანჯრებისა და ვიტრაჟების მონტაჟი, ელექტრობის, ვენტილაციისა და გათბობის სამუშაოები.
ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის ღირებულება 700 000 ლარზე მეტია, მისი დასრულება 2017 წლის გაზაფხულზე იგეგმება. მშენებლობაზე 30 ადამიანია დასაქმებული.