„იმ ფონზე, როცა მსოფლიოს სახელმწიფოები სპეცსამსახურების განმტკიცებას ცდილობენ, საქართველოში გარკვეული ძალები ამ სამსახურის შესუსტებისკენ მოგვიწოდებენ“ (ვიდეო)
“იმ ფონზე, როცა მსოფლიოს სახელმწიფოები, არსებული ვითარების გათვალისწინებით, ცდილობენ სპეცსამსახურების გაძლიერებას, საქართველოში გარკვეული ძალები ამ სამსახურის შესუსტებისკენ მოგვიწოდებენ”, – ამის შესახებ ბრიგადის გენერალმა , ანალიტიკოსმა სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც სალუქვაძემ აღნიშნა, მსოფლიოში არ არსებობს ისეთი მოდელი, რომელსაც ე.წ. ფარულ მოსმენებთან საქართველოში არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლები გვთავაზობენ. ბრიგადის გენერალმა ამ მიმართულებით მსოფლიოში არსებულ პრაქტიკაზე ისაუბრა.
„დღევანდელ სიტუაციაში, მსოფლიოში არსებული რეალობის გათვალისწინებით, ყველა მუშაობს იმისთვის, რომ პირიქით, განამტკიცოს ქვეყნის სპეცსამსახურები, ჩვენ კი რატომღაც გვინდა, რომ შევასუსტოთ. მე ყველაფერს კამერების წინ ვერ ვიტყვი, არსებობს უამრავი სიტუაცია, როცა სპეცსამსახურმა მყისიერად უნდა იმოქმედოს. აქ საუბარი საათებზეც კი არ არის, ეს არის ანაბანა, ნებისმიერი სახელმწიფოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს შეეკითხონ. მსოფლიოში არ არსებობს ისეთი მოდელი, რომელსაც გვთავაზობენ. ნებისმიერი ევროპული ქვეყანა, ავიღოთ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია. ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებსაც მოსმენებთან დაკავშირებით არ აქვთ ცალკე გამოყოფილი სტრუქტურა, დღეს ნატოში, ევროკავშირში არიან, მაგრამ მსგავსი რამ იქ არ არის, ყველგან არის სხვადასხვაგვარად – ზოგან თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაშია, ზოგან შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაშია, სტრუქტურები და სახელმწიფოები ყველგან სხვადასხვაგვარია, მაგრამ აბსოლუტურად ყველგან, შედის იმ სტრუქტურებში, რომლებიც ასევე ახორციელებენ საგამოძიებო საქმიანობას“, -განაცხადა ამირან სალუქვაძემ.
მისივე თქმით, პასუხისმგებლობა დაკვეთაზე და უკანონო მოსმენებზე მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს.
„მაქსიმალურად უნდა გავამკაცროთ პასუხისმგებლობა დაკვეთაზე და უკანონო მოსმენებზე, ეს არის აუცილებელი. რატომღაც ამ მიმართულებით არ ვმუშაობთ, მხოლოდ იმაზეა საუბარი, ვის უნდა მივცეთ ეს ე.წ. გასაღები“, -აღნიშნა სალუქვაძემ.