დეპუტატის თქმით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების სააგენტო დამოუკიდებელი უნდა იყოს
მაჟორიტარმა დეპუტატმა ილია წულაიამ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვისას, კომიტეტების სხდომაზე სტრუქტურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაზე ისაუბრა.
“თქვენ რომ დასწრებოდით ჩვენი სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ნამდვილად დაინახავდით იმას, რომ ჩვენი მიზანი იყო ერთადერთი – მივიღოთ ოპტიმალური სისტემა. ერთი მხრივ, დავიცვათ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მეორე მხრივ, დავიცვათ ბალანსი უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებებს შორის. თითოეულ ჩვენგანს გვეხება და საკმაოდ მწარედ გვეხებოდა წლების განმავლობაში ეს საკითხი და ყველას გვაწუხებდა. ამიტომაც დგას დღესაც ასე მძაფრად ამ საკითხის გადაწყვეტა, ეს ფარული მოსმენები იქნება თუ ფარული საგამოძიებო ღონისძიებები. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, პირადად ჩემთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, დარწმუნებული ვარ, ეს იქნება უმრავლესობა, უმცირესობა თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ მივიღოთ ისეთი სისტემა, ვიღაცამ უკანონოდ არ შემოაღწიოს ჩვენს პირადში, მაშინ, როდესაც ეს არ არის საჭირო, მაგრამ ეს არ უნდა იყოს საფუძველი იმისა, რომ ჩვენი უსაფრთხოება შეირყეს. ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა. მოდით, ამ თემას ნუ შევხედავთ სასპეკულაციო კუთხით იმის გამო, რომ ვიღაცას რაღაც ცუდის გაკეთება უნდა. ჩვენი მიზანია, რომ დავიცვათ ერთი მხრივ, უსაფრთხოება, მეორე მხრივ, არ მოხდეს უკანონოდ შეღწევა ჩვენს პირადში მაშინ, როდესაც ეს არ არის საჭირო. ღმერთმა დაგვიფაროს და უსაფრთხოების კუთხით რამე რომ შეირყეს, მაშინ უკვე წამოვა ისრები იმისკენ, რომ სახელმწიფომ, ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო უსაფრთხოება.
მე პირადად, მომხრე ვარ, რომ გაძლიერდეს საპარლამენტო კონტროლი. დეტალებში კიდევ ვიმსჯელოთ. ჩვენი პოზიცია ასეთია: მეორე მოსმენის დროს დავაფიქსიროთ რა შენიშვნებია და ტექნიკურად უზრუნველვყოთ, რომ უფრო დამოუკიდებელი იყოს ეს სტრუქტურა”, – განაცხადა ილია წულაიამ.