ირაკლი ბათიაშვილი: მოსამართლე უნდა წყვეტდეს, რატომ სჭირდება ფარული საგამოძიებო მოქმედება სპეცსამსახურებს
”მოსამართლე უნდა წყვეტდეს, რატომ სჭირდება ფარული საგამოძიებო მოქმედება სპეცსამსახურებს”, – აცხადებს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ბათიაშვილი მოსმენების შესახებ და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას არ იზიარებს.
ბათიაშვილი მიიჩნევს, რომ ისინი, ვინც ამ საკითხს აპროტესტებენ, უბრალოდ, თემას სიღრმისეულად არ იცნობენ:
“მრჩება შთაბეჭდილება, რომ არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ ვინც ამ თემაზე მსჯელობს, საკითხში კომპეტენტური არ არის. ამ საკითხს არასერიოზულად ეკიდებიან, სიღრმისეულად არ იციან, რა რას ნიშნავს – ეს ეხება ოპერატიულ–ტექნიკურ ღონისძიებებს, სპეციფიკურ ღონისძიებებს და როდესაც მსჯელობ ამ თემაზე, მეტ–ნაკლებად კომპეტენტური უნდა იყო და სიღრმისეულად უნდა იცოდე, რას ნიშნავს ეს თავის თავში. წვდომა გასაღებზე – მავანს და მავანს შეიძლება ჰგონია, რომ არსებობს გასაღები–ნივთი, რომელზეც ვიღაცას ექნება წვდომა. გასაღები არის მეტაფორული გამოთქმა, რის უკანაც იგულისხმება სავსებით სპეციფიკური პროცედურები. ამიტომაა საჭირო ცოდნა, რა პროცედურები იგულისხმება.
ფარული მოსმენები თავის თავში გულისხმობს მთელ რიგ სპეციფიკურ სახეობებს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა იგულისხმება გასაღებთან წვდომაში. უნდა გავერკვეთ, რა სახის სფეციპიკურ–ოპერატიულ ღონისძიებებზეა საუბარი. საკითხის დაყენება, რომ უნდა არსებობდეს სხვა შუალედური რგოლი –დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელსაც ექნება წვდომა ამ გასაღებზე, სწორედ ეს არის საკითხის ირგვლივ გაუგებრობა და უცოდინრობა“, – განაცხადა ბათიაშვილმა “მარშალპრესთან”.
შეკითხვაზე – როგორ აფასებს დღევანდელ მოდელს და როგორია საერთაშორისო პრაქტიკა მოსმენების თვალსაზრისით, ირაკლი ბათიაშვილი პასუხობს:
„ფარული საგამოძიებო მოქმედებები რომ იყოს კანონიერი, ამის ერთადერთი გარანტი არის სასამართლო. ყველაფერი უნდა ხდებოდეს სასამართლოს თანხმობით. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, მთელი მსოფლიოსთვის ნათელი გახდა ედუარდ სნოუდის მაგალითი, ნაციონალური უშიშროების სააგენტო, რომელიც სწორედ ტექნიკურ დაზვერვას ახორციელებს, უსმენდა არა მხოლოდ აშშ-ს მოქალაქეების ძალიან დიდ რაოდენობას, არამედ აშშ-ს მოკავშირე ქვეყნების ლიდერებსაც. სენატში, კონგრესში ატყდა ერთი ამბავი. უნდა ხდებოდეს ყველა ფარული მოქმედების წარმართვა მოსამართლის ნებართვით, ეს არის ყველა ქვეყანაში მიღებული. დღევანდელი მოდელი, რომელზეც საუბარია, აბსოლუტურად ზედმეტად მეჩვენება. მთავარი გარანტი უნდა იყოს არა სიპის, დამოუკიდებელი ორგანიზაციის შექმნა, არამედ გარანტი უნდა იყოს დამოუკიდებელი სასამართლო. მოსამართლე უნდა ეცნობოდეს მასალებს, რატომ სჭირდება ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელება სპეცსამსახურებს, მასალების საფუძველზე უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას. თუ ჩვენ სასამართლოს ნდობა არ გვაქვს, ეს სხვა პრობლემაა. ასევე, შეიძლება ნდობა არ გვქონდეს სხვა დამოუკიდებელი ორგანიზაციებისაც!“ – აცხადებს ბათიაშვილი „მარშალპრესთან” საუბრისას.