ეკა ბესელია ე.წ. ფარულ მოსმენებზე – გვაქვს ხუთი დონის კონტროლი

„თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ხედავს, რომ პროცესის განხორციელების დროს ადგილი აქვს რაიმე მანიპულაციას, რომ ეკას მაგივრად, სოფოს ტელეფონი ჩაირთო, რაზეც სასამართლოს ბრძანება არ არის, ამას სისტემა აჩვენებს და მას აქვს გამორთვის ფუნქცია“, – აღნიშნული განმარტება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენისას გააკეთა.
ბესელია ირწუნება, რომ პარლამენტში ინიცირებული პროექტით, ახალი უწყება – ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო დამოუკიდებლობის მაქსიმალური გარანტიებით არის აღჭურვილი და მკაცრად განსაზღვრულ გარე კონტროლს ექვემდებარება.
”თუკი ხდება ისე, რომ მოსამართლის ბრძანება არ სრულდება ან ხდება მანიპულაცია, რაც ასევე არის გასათვლელი რისკი, ასეთ შემთხვევაში, კანონი ხუთი დონის კონტროლს ითვალისწინებს. პირველი, გამოძიების ხელმძღვანელი პროკურორი მიმართავს სასამართლოს, როცა საჭიროა ვინმეს მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედება და მოსამართლე გასცემს ბრძანებას. ამის შემდეგ, მოსამართლის ბრძანება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან მიდის. ბრძანების მეორე ასლი მიდის ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოში. ორივე ბრძანებას ინსპექტორი ადარებს – ეს არის სპეციალური სისტემა, რომელიც მასთან არის დამონტაჟებული. ხდება ინფორმაციების დადარება და ამის შემდეგ იწყება ფარული საგამოძიებო მოქმედება. იმ შემთხვევაში, თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ხედავს, რომ პროცესის განხორციელების დროს, ადგილი აქვს რაიმე მანიპულაციას, რომ ეკას მაგივრად, სოფოს ტელეფონი ჩაირთო, რაზეც სასამართლოს ბრძანება არ არის, ამას სისტემა აჩვენებს და მას აქვს გამორთვის ფუნქცია. მას შეუძლია, გამორთოს ისეთი ტექნიკური წუნის შემთხვევაშიც, როცა მოსამართლის განჩინებაში ან პროკურორის დადგენილებაში მონაცემები არასწორად წერია. პროექტით შემოდის პრემიერ-მინისტრის კონტროლის მექანიზმი, რომლის წინაშეც სააგენტოს უფროსი ვალდებულია, წარუდგინოს ანგარიში. შემოდის პარლამენტის კონტროლი – ჩვენ პარლამენტის ნდობის ჯგუფს ვაძლევთ სააგენტოზე კონტროლის განხორციელების მანდატს. კონტროლის კუთხით, შემოდის სიახლე – ეს არის მესამე გასაღები, რომელიც უზენაეს სასამართლოში ერთ მოსამართლეს ექნება, რომელიც კონტრდაზვერვითი საქმიანობის კონტროლზე იმუშავებს. მასთან, იქნება სისტემა, რა სისტემაც აქვს ინსპექტორს და მოსამართლეს, რომელიც კონტრდაზვერვით საქმიანობას გააკონტროლებს და აქვს გამორთვის ფუნქცია. კიდევ ერთი კონტროლია აუდიტის სამსახური, რომელიც აკონტროლებს სააგენტოს ანუ გვაქვს ხუთი დონის კონტროლი – ეს ციფრი ზოგს უყვარს, მე მაინცდამაინც არ მომწონს, მაგრამ კონტროლის სახეობების სიმრავლის თვალსაზრისით, კარგია. არ ვიცი, კიდევ რა მაკონტროლებელი შეიძლება ჩავრთოთ”, – განაცხადა ბესელიამ ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.
ბესელიამ, ინიცირებული კანონპროექტის წარდგენამდე, ვრცლად ისაუბრა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ევროპულ სახელმწიფოებსა და აშშ-ში არსებულ მოდელებსა და პრაქტიკაზე.
ცნობისთვის, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში იქმნება. სატელეფონო კომუნიკაციის, კავშირგაბმულობის და კომპიუტერული სისტემების მეშვეობით, ფარული მოქმედებების განხორციელების ექსკლუზიური უფლებამოსილება სწორედ აღნიშნულ სააგენტოს ექნება. კანონპროექტით, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შემდეგი ღონისძიებების განხორციელება ეკისრება: – სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა; კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოპოვება; კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვება; გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა; საფოსტო სატელეგრაფო გზავნილთა კონტროლი; ფარული აუდიო და ვიდეოჩაწერა, ფოტოგადაღება; ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა.
საკანონმდებლო პაკეტის ავტორები და ინიციატორები არიან უმრავლესობის დეპუტატები: ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი, სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ხატიძე, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები