თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვაშინგტონში 6-8 თებერვალს გამართული შეხვედრების შემდეგ აცხადებს, რომ აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში საქართველოს, როგორც ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორს, ცალსახა მხარდაჭერა აქვს და ორმხრივი ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
თამარ ჩუგოშვილმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, თამარ ხულორდავასთან ერთად, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის დასასრულს, 8 თებერვალს, შეხვედრები გამართა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ წამყვან საპრეზიდენტო კანდიდატთან, სენატორ ტედ კრუზთან, “რესპუბლიკელ” სენატორებთან, რონ ჯონსონთან, როჯერ ვიკერთან და ტომ კოტონთან, ასევე, “დემოკრატ” სენატორებთან, კრის მერფისთან და ჯეკ რიდთან. ვიზიტის ბოლო დღეს, საქართველოს დელეგაცია ასევე შეხვდა “რესპუბლიკელ” კონგრესმენებს, სტივ ჩაბოს და მარკ მიდოუს.
სამდღიანი ვიზიტის განმავლობაში, ქართველი პარლამენტარები საერთო ჯამში, აშშ-ის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის 20-ზე მეტ კოლეგას შეხვდნენ.
ამერიკელი კანონმდებლების უკლებლივ ყველა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელების აუცილებლობა და საქართველოს მაქსიმალურ მხარდაჭერას დაჰპირდა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატების კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. მან იმედი გამოთქვა, რომ ამერიკელი კოლეგები პოზიტიურ როლს შეასრულებენ, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ლობირების კუთხით.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეების განმავლობაში, შესაძლებლობა მოგვეცა, შევხვედროდით ძალიან ბევრ კონგრესმენს და სენატორს, მათაც, ვინც არიან გამოცდილი საქართველოსთან ურთიერთობის კუთხით და მათაც, ვინც არიან შედარებით ახლად არჩეულები. იყო ცალსახა მხარდაჭრა, როგორც “რესპუბლიკური”, ასევე “დემოკრატიული” პარტიის წარმომადგენლებისგან. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველოს აქვს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სტარატეგიული პარტნიორის მნიშვნელობა და ეს ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გარღმავდება. კონგრესიც და სენატიც ასევე გარკვეულ პოზიტიურ როლს შეასრულებსენ ახალ ადმინისტრაციასთან, საქართველოს საკითხის ლობირების კუთხით, რაც  ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, -აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, თებერვლის ბოლოს კონგრესის დელეგაცია ვიზიტით საქართველოს ეწვევა.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წლის განმავლობაში, კიდევ არაერთხელ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ კონგრესის და სენატის წარმომადგენლებს შევხვდეთ ჩვენს ქვეყნაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ურთიერთოებების გაღრმავებისთვის”,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, ყველა კონგრესმენი და სენატორი შეხვედრებზე ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ ურთიერთობას აქვს ორმხრივად სასარგებლო მნიშვნელობა და ხაზს უსვამდნენ საქართველოს, როგორც სტრატეგიული პარტნიორის, როლს ამერიკისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები