„მე უფრო იგავ-არაკის გმირი ვარ“ – რამ გაახსენა ნოდარ მგალობლიშვილს ცხოველთა სამყარო?

ყოველთვის  ყველგან – თავისებურად მოკრძალებული… არანაირ ჩინ-მედალზე რომ არ უოცნებია და არც მოუნდომებია…  ცხოვრობდა და საყვარელი საქმე ჰქონდა… 50-ზე მეტი როლი ითამაშა თეატრში – გამორჩეული ინტელექტუალური ხედვით  და ნიჭიერებით… აღიარებამაც არ დააყოვნა, მოუთმენლად ელოდნენ სცენაზე მისაბაძ მსახიობსა და პიროვნებას… ალბათ, დიდი ღირსებაა, უდიდესი რეჟისორის, კოტე მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობა და მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატობა, იმავდროულად… – მსახიობ ნოდარ მგალობლიშვილის პერსონა.

10857908_654480951330073_6893701696211341706_n

– უცნაურად დარჩა თქვენს ბიოგრაფიაში სოფელი გომბორი. ყველგან წერენ, რომ კახეთის ამ ულამაზეს სოფელში დაიბადეთ, სინამდვილეში კი ქუთაისია თქვენი დაბადების ადგილი…
– მამამ და დედამ გომბორში გაიცნეს ერთმანეთი. მამა ფარმაცევტი იყო, იქ მუშაობდა იმ ხანად, დედა კი – საავადმყოფოში – მეანად. დედაჩემი ქუთაისელი იყო. მამა – დიდი ჯიხაიშიდან. მე რომ უნდა დავბადებულიყავი, დედაჩემი წაიყვანეს  ქუთაისში  და… იქ დავიბადე, მაგრამ დაბადების მოწმობაში მიწერია გომბორი… მერე დედა თბილისში ჩამოიყვანა მამამ და ვცხოვრობდით სოლოლოკაში, მამიდასთან ერთად, გაერთიანებული  ოჯახები გვქონდა.
– დედისერთა იყავით
– კი, დედისერთა… წყნარი, მორჩილი ბავშვი ვიყავი.  მაგრამ 30-იანი წლების რეპრესიებმა,  შიშმა ჩემი ხასიათიც თავისებურად ჩამოაყალიბა. ჩვენი გვარი ამოწყვიტეს, გარკვეველი მიზეზით მამაჩემის ბიძაშვილი – გერმანე მგალობლიშვილიც დააპატიმრეს. მისით დაიწყო და დახვრიტეს სხვა ნათესავებიც… 1939 წელს მამაჩემიც დააპატიმრეს, აბრეშუმის ქარხნის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა… უსამართლობისადმი პროტესტი აქედან გამიჩნდა, პრინციპულობა და შეუპოვრობა შემმატა…
– მსახიობობა რატომ გადაწყვიტეთ?ojaxi
– ბავშვობიდან მომღერლობა მინდოდა. ამბობდნენ, რომ კარგი ხმა მქონდა. მერე, სკოლას რომ ვამთავრებდით, 1950-ში, იმ წელიწადს მამა უკვე ძალიან ცუდად იყო, ბებიამ, მისმა დედამ, სადილობის დროს გვითხრა, ცოტას წამოვწვებიო, ღვინო დალია და თქვა: –  ჩვენ გაგვიმარჯოსო. წამოწვა ტახტზე, ვერ იყო კარგად… მითხრეს, ჩადი, ექიმი ამოიყვანეო, მეხუთე სართულზე ვცხოვრობდით, პირველ სართულზე ჩავედი და ამასობაში ბებია უკვე აღარ იყო. მამას არაფერი გაუგია, ბებია დავასაფლავეთ და მეხუთე დღეს მამაც გარდაიცვალა.
სკოლა 2 თვეში დავამთავრე. მინდოდა კონსერვატორია, მაგრამ ხმა დავკარგე. ჩემმა პედაგოგმა მითხრა, ცოტა ხნით დავისვენოთ და მერე ისევ დავიწყოთ მეცადინეობაო. მაგრამ აღარ აღდგა ხმა და სკოლა რომ დავამთავრე, სადღაც ხომ უნდა ჩამებარებინა? ჰოდა, წავედი „გეპეიში“. პირველივე გამოცდაში – მათემატიკაში ჩავიჭერი. წამოვედი იქიდან და მერე შემთხვევით შემხვდა ჯემალ ანჯაფარიძე, ზურიკოს ძმა. მოდი, შემოდი თეატრალურშიო, – მითხრა… მე ვუთხარი, რა მინდა, არ გადამრიო-მეთქი…  აბა, ასე ხომ არ ივლიო და… იმან სარეჟისოროზე ჩააბარა და მე – სამსახიობოზე. ასე იყო ეს ამბავი.
აქ კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ. მე და ირაკლი უჩანეიშვილი ერთ უბანში ვცხოვრობდით. ის – ლერმონტოვზე, მე – ენგელსის ქუჩაზე. ველოსიპედი გვქონდა, იმაზე „ვკატაობდით“ ხოლმე, „კანკები“ და რაღაცები. ცეკვაზე დავდიოდით ერთად და მოკლედ, სულ ერთად ვიყავით.
1941 წლის  22 ივნისს ერთად მოვისმინეთ ლევიტანის ხმა,  როგორ აცხადებდა თავისუფლების მოედანზე რადიო ომის დაწყებას.
მე და ირაკლი ერთად ვცეკვავდით. იმ დღესაც ცეკვაზე უნდა მივსულიყავით, ახლანდელი თავისუფლების მოედანზე, ყოფილი უნივერმაღის შენობის ეზოში იყო ცეკვის სექცია.  წავედით, მაგრამ ცეკვის გაკვეთილი ჩაიშალა, მასწავლებელმა გამოგვიცხადა: წადით, ბიჭებო, სახლში წადითო… ხალხი შეკრებილი და გაოცებული იყო, ჩვენ კი ეს ყველაფერი ისე მივიჩნიეთ, როგორც კინოში რომ მოხდება რაღაც.
იმ დღეს დავცილდით მე და ირაკლი.  ის მერე წავიდა სადღაც, საავიაციო ტექნიკუმი დაამთავრა. და უცებ, წლების მერე, პლეხანოვზე, ქუჩაში შევხვდით ერთმანეთს:  ერთ შენობაში იყო გადატანილი თეატრალური ინსტიტუტი. იქ იყო მისაღები გამოცდები.
337724_174698419308331_1529856595_oგავიხედე, ვიღაც კაცი მიდის, მაღალი განსხვავებულქუსლიანი ფეხსაცმელებით, დიდი თმით. შემომხედა, ირაკლი უჩანეიშვილი ვიცანი… გადავეხვიეთ ამდენი ხნის უნახავები… ირა, სად მიდიხარ-მეთქი, და აგერ ახლოს, საქმე მაქვს, პლეხანოვზეო. შენ სად მიდიხარო? ვუთხარი, მეც აქვე მივდივარ-მეთქი (ამ სიუჟეტის მიხედვით შეიძლება მართლა კარგი რაღაც ააგო). აქეთ მივდივარო, მეც აქეთ მოვდივარ-მეთქი… მივდივართ, მივდივართ და რომ მივუახლოვდით ეზოს, ეზოში უნდა შევიდე და იქ  გაჩერდა ირაკლი…
აქ რატომ გაჩერდი-მეთქი და მე ამ ეზოში შევდივარო. იმას კი არ მეუბნება, სად მიდის. შენ აქ რა გინდაო და მეც შევდივარ-მეთქი. შენცო? – მე ვუთხარი, მე რა, შენ თუ შედიხარ… მე რატომ არ უნდა შევიდე-მეთქი?!
რაო, ინსტიტუტში შედიხარო, მე ვუთხარი, აბა რა ვქნა-მეთქი. ერთი ლექსი ვისწავლე, ერთი იგავ-არაკი და ერთი მოთხრობიდან ნაწყვეტი.
ოთარიც იქ იყო, მეღვინეთუხუცესი… ისიც ჩვენთან ერთად აბარებდა…
ეს მაღალი ვინ არიო, – იკითხა ირაკლიმ. რა ვიცი, ალბათ აბარებს-მეთქი. მერე დავძმაკაცდით.
ერთ ჯგუფში აღმოვჩნდით ოთარი, ირაკლი და ლია ელიავა…
ენგელსის და ლერმონტოვის კუთხეში იყო საბავშვო ბაღი. ახლაც არის ის ბაღი. ლიაც სწორედ იქ ცხოვრობდა. მერე, მეორე კურსზე ვიყავით, რომ ლია წავიდა მოსკოვში. ასე დავკარგეთ ერთმანეთი…
– პირველი როლი…
– სპექტაკლ „მაია წყნეთელში“, მე და ცუგო – გერონტი  ცაგარეიშვილი, ვხსნიდით სიმღერით, მერე რაიკომის მდივნის შვილს ვთამაშობდი რეზო თაბუკაშვილის სპექტაკლში. აი, ამ ორი როლით შევედი მარჯანიშვილის თეატრში.
– აკაკი ხორავა და აკაკი ვასაძე გასწავლიდნენ…431229_190111297767043_1772933405_n
–  დოდო ალექსიძე მესამე კურსზე, მერე აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე. სამივეს ჩვენი კურსი მიჰყავდა… ოსტატობას გვასწავლიდნენ…

…მერე იყო უამრავი შემოქმედებითი წელი, თეატრი, სპექტაკლები, ფილმები, თუმცა ქართველი კინორეჟისორები რატომღაც არ სწყალობდნენ… თავად ასე ხსნის – ქართველ რეჟისორებს არ მიაჩნდათ, რომ  კინოს ტიპაჟი იყო. არადა, რუსეთში, უკრაინაში წარმატებას წარმატება მოჰყვა… მარკ ზახაროვის ფილმში სიყვარულის ფორმულა გრაფ კალიასტროს როლი, ასევე რუსულ ტელესერიალში  -“სახელად ბარონი”, ბარონის როლი… ედმონდ სეშანის “ზღვის მაშვრალში”…   ითამაშა. გიული ჭოხონელიძის “ანთიმოზ ივერიელში”… გურამ პეტრიაშვილის ფილმში – „რად სტვენს ბულბული“… ქართულ ფილმებში, მისთვის, ძირითადად, ეპიზოდური როლები გაიმეტეს.

ნინო ჩხიკვიშვილი, მეუღლე:
„გურამ პეტრიაშვილს ფილმში „რად სტვენს ბულბული“ ითამაშა.  ბატონი გურამი იგონებს: მაშინ სარეჟისოროზე ვსწავლობდი, ერთხელ კინოსტუდიის ეზოში  ნოდარი და მისი მეგობრები იდგნენ, ნოდართან მივედი და ვუთხარი, თქვენ ხართ ჩემი საყვარელი მსახიობი, რომ დავამთავრებ, თქვენ გათამაშებთ ორ როლს ჩემს ფილმებში-მეთქი. ნოდარმა ისე შემომხედა, თითქოს ამბობდა, ვინ არის ეს ეს უცნაური კაციო?!
არ ვიცი, რამდენად კარგი გამოვიდა ჩემი ფილმი, მაგრამ ნოდარმა რომ კარგად ითამაშა იმ ფილმში, ეს ნამდვილად ვიციო…
ერთი კურიოზიც მინდა გავიხსენო. თეიმურაზ კვანტალიანის ფილმში „ბიძინა“ ნოდარი ბიძინას როლს ასრულებდა… ბაზარში მიმდინარეობდა გადაღებები… ნოდარს  ამ ეპოზოდში უნდა ეთამაშა ნასვამის როლი, რომელიც ბაზარში დებოშს ტეხს…  ჩაუარა ერთმა, მეორემ… მესამე გამოჩნდა და ნაცნობია, მაინც დაინახა… სოფლიდან ჩამოსულმა ციალას (ნოდარი პირველი მეუღლე) ნათესავმა შენიშნა. ციალას უთხრეს, შენი ქმარი ვნახეთ, ბაზარში მთვრალი იყო და ჩხუბობდაო…
მახსოვს, ერთხელ ვსხედვართ სახლში და ვიღაც ურეკავს,  ბატონო რეზო ჩხეიძე აღმოჩნდა, ახლა რუსეთში ვარ და შენ აქ რა დაფასებული ხარო, გაოგნებული ელაპარაკებოდა ნოდარს“…

1472755_370569009734508_673912427997833754_n– იალტაში ვარ გადაღებაზე, შესვენებაა და ტურისტების დიდი დელეგაცია მოვიდა, გამოქანდა ერთი ქალი და მოვიდა ჩემთან. შეიძლება, ერთი წუთითო? – მკითხა. მე გიცნობთ-მეთქი? არაო. მე გიცნობთ, თუ შეიძლება, ავტოგრაფი დატოვეთო. მაძლევს რვეულიდან ამოხეულ ფურცელს, წიგნზე დაადო და მოვუწერე ხელი. ამას რომ მოვუწერე, გავიხედე და რიგი დადგა. რეჟისორმა დაინახა… Освободите актера-ო, დაიძახა… ასეთ მდგომარეობაში ვიყავი ლამის მთელი თვე.
4 წელიწადში 6 ფილმში გადამიღეს…
რომ დამიძახებდნენ მოსკოვში და მაქებდნენ, ყურადღებას არ ვაქცევდი. „ვიცილებდი“ ამ ქებას… გიჟდებოდნენ, ყველას უკვირდა, რა არის ამისთანა ეს კაციო?!  რუსებიც გაოცებულნი იყვნენ, Какой ты своенравный-ო. ბოღმა, საერთოდ, ადამიანს აფუჭებს. რამდენი მსახიობი დაიღუპა, იმის გამო: იმას მისცეს და მე არ მომცესო!
ერთხელ  ლილი იოსელიანმა მითხრა, იცი, რაღაც გაკლია, როგორც ადამიანს და განსაკუთრებით, როგორც მსახიობსო… როლების განაწილება რომ არის და  კედელზე აკრავენ  სიას,  ვაკვირდები და ყველას ეტყობა სახეზე, განაწილებული არის თუ არაო, შენ ვერ გატყობ ვერაფერსო.  აი, ეს გაკლია, როგორც მსახიობს – ჟინიო…  ეს მერე ბევრ რამეში მომეხმარა კიდეც. შურიანი არ გავხდი…
– ბედი ხელოვანისა დღევანდელ საქართველოში…
– ვფიქრობ, მაინც გაჭირვებული… როგორც შორიდან ვუყურებ.
– „ჯაყოს ხიზნებს“ არ გაგონებთ დღევანდელობა?
– საზოგადოებას ეს პრინციპი ამოძრავებს, – მე უფრო ძლიერი ვარ!
შური და ბოღმა, ფეხის დადება, წაქცევა … საზოგადოება ასე ცხოვრობს.
ღმერთი ფიქრობს, აბა, ვნახოთ, ამ საზოგადოებაში ეს ხალხი როგორ მოიქცევა, მერე რომ მოვა ჩემთან, ამისდა მიხედვით მოვექცევიო. ამიტომ სიკეთით სავსე უნდა იყო, რომ არ გაუკეთო სხვას  ცუდი….
10891570_662639110514257_7907000866561882682_n– წავიკითხე მომღერალ ნანა ქავთარაშვილის სტატუსი, რომელმაც გულდაწყვეტილმა დატოვა საქართველო… უკვე კარგა ხანია საზღვარგარეთ მოღვაწეობს.  ამას წინათ, ჩამოსული იყო და წერდა აქაურ ყოფასა და დამოკიდებულებაზე, რომ ვუყურებ, გული მტკივაო, ძალიან დიდ წინააღმდეგობებს წავაწყდი, რომელმაც მორალურად გამანადგურა და, რომელმაც ჩემს შემოქმედებით მოღვაწეობაზეც უარყოფითად იმოქმედა, რასაც ვერ ვაპატიებ ვერავისო
ნაძალადევში რომ ვცხოვრობდი, ჩემი მეზობელი იყო. არაჩვეულებრივი ხმის პატრონი აღმოჩნდა, მერე გავიგე, რომ წავიდა საზღვარგარეთ და იქ მოღვაწეობს.  ჩვენში ნამდვილ მონაცემსა და შემოქმედს გზა ფართო და დაფასება არ აქვს. საწყენია, ძალიან საწყენი… თუ არა გაქვს რქები… მაგარი რქები, რომლითაც დაეტაკები და მოერევი იმას, ვიღაცას… წარმატება არ გექნება. ამიტომ არის, ადამიანთა საზოგადოებას ცხოველთა სამყარო ჯობია, იქ იციან მაინც, უფროსი ვინ არის და უმცროსი…
ამას წინათ, ანრი ჯოხაძის შემოქმედებით საღამოს ვუყურე ტელევიზიით, ბათუმში ჩატარდა… არაჩვეულებრივი საღამო ვნახე, ასე არ მომწონებია კარგა ხანია რამე. მიმაჩნია, რომ ნამდვილად დასაჯილდოვებელია, ისეთი საღამო იყო.   ძმა ჰყოლია ოპერის მომღერალი იტალიაში. ისიც საოცარი ხმის პატრონი.258639_1784771266898_1468003447_31535630_4317338_o
რა მიკვირს, იცით? ანრი ჯოხაძის დარი მომღერალი გყავდეს და არ დააფასო ჯეროვნად???
არაჩვეულებრივი, ღმერთისგან დალოცვილი ვოკალი აქვს.
ახლა რაც შეეხებათ მასახიობებს: რა არის, იცით? ერთი როლის გულისთვის არ უნდა გააგიჟო მსახიობი. ერთ როლს რომ ითამაშებს კაცი და მერე იმას მიანიჭებ ყველაფერს და სხვა გრჩება უმუშევარი, ასეც არ შეიძლება…
– რამდენად აქტუალურია დღევანდელი სპექტაკლები?
– მაინცდამაინც ჩახედული მაგ საქმეში არ ვარ. იმიტომ რომ აღარ მაინტერესებს…. ისეთ უბრალო რამეზე იტყვიან, აუ, ეს რა არისო და ისეთ კარგზე, ეს რა დაუდგმასო… აღარ მაინტერესებს!
ხალხი უკვე ყველაფერზე  ტაშს უკრავს,  იმდენად შეუგნებელი პროცესი მიმდინარეობს. ერთმანეთს უყურებენ, ვინ მაგრად დაუკრავს ტაშს. ისეთ სპექტაკლს გამოარჩევენ,  როგორ უნდა დადგა ის პიესა საერთოდ? ერთმანეთის მიბაძვაა ადამიანში, რაც დამღუპველია… თუ ვინმე წარმატებულია, სხვაც ბაძავს, მეც უნდა ვიყოო. როცა გგონია, რომ შენ ყველაზე ძლიერი ხარ, ეს დაგღუპავს. ვინც ასე ფიქრობდა, ყველა დაიძირა..
აბა,  ჩაუფიქრდი, ჩაღრმავდი და თქვი, ხარ ამის ღირსი? ეს შეგნება რომ აღარ არის, მორჩა.  საზოგადოება იღუპება.
– როლი რომ შემოგთავაზონ, უარს იტყვით?
– არა, არსად აღარ  ვითამაშებ.

„… მეწყინა გუშინ, როდესაც გავიგე, რომ ერთერთ უდიდეს ქართველ მსახიობს და ადამიანს, ვისაც პატივს სცემს მთელი საქართველო, მიართვეს საახალწლო ძღვენი და იცით, როგორ მიართვეს 85 წლის კაცი, რომელმაც გადაიტანა სერიოზული ავადმყოფობა და პირველად გავიდა გარეთ, მიიყვანეს თეატრში და გადასცეს საჩუქარი, რომელსაც ზედ ეწერა მისი სახლის მისამართი330446_115040035274170_1572883225_o
ანუ, სახლში მაინც უნდა მიეტანათ, მაგრამ, როგორც ჩანს, „უფრო მნიშვნელოვანი პირებისთვისსაახალწლო საჩუქრების დარიგებით ვერმოცლილმა ხალხმა, მისი შეწუხება ამჯობინა
არადა, ეს ის კაცია, რომელსაც არავინ არასდროს არ შეუწუხებია და მთელი ცხოვრება წუხდებოდა სხვებისთვის
ერთ რამეს გთხოვთ მხოლოდ, – არ მკითხოთ, იმ საჩუქარში რა იდო… 
ჯობია, არ იცოდეთ
ოდა, სანამ ასეთი დამოკიდებულება გვექნება საქართველოს კულტურის მართლა კორიფეების მიმართვერც ევროკავშირი ვერ გვიშველის და ვერც ნატო“… – წერს ლელა ანჯაფარიძე თავის სტატუსში…

ნინო ჩხიკვიშვილი:
„ახალი წლის წინა დღეებში, თეატრიდან დარეკეს, ბატონო ნოდარ, კულტურის სამინისტროდან თქვენს სახელზე არის საჩუქარი, მობრძანდით, წაიღეთო.
ბოლო დროს,  ხომ იცი, ავადმყოფობს. ძლივს წავიდა, ისე ცუდად იყო…  მივიდა და ქაღალდის ჩანთა გამოატანეს,  რომელზედაც ჩვენი  სახლის მისამართი ეწერა…“

ნოდარ მგალობლიშვილი: იმდენად შეურაცხყოფილი ვიყავი, ლამაზი ჩანთა კი იყო. მაგრამ შიგ არ ჩამიხედია…
– ბიოგრაფიული ფოტოალბომის გამოცემა უნდა მისი შემოქმედების მკვლევარს ნანა ჭრელაშვილს, რომელსაც დიდი წინააღმდეგობა შეხვდა… მისი სტატუსი ვნახე: დღეს დილიდან ბატონი ნოდარის ბიოგრაფიულ ფოტოალბომზე ფიქრი ამეკვიატა. როგორ გადაიდო და გადაიდოთავი მოვიკალი, რომ დროულად დამემთავრებინა, რომ ბატონი ნოდარისთვის 85- დღეობა ამ სულ მცირედი საჩუქრით მიმელოცა, მაგრამ რამდენი მაგრამ არის, რამდენი მაგრამ და რატომ მაგრამიმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში რაღაცები და ვიღაცები უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ნამდვილი, ღირსეული ადამიანები! და რატომ? იმიტომ რომ სკანდალური და გაქნილი ადამიანების დროა!… აბა, ,,მაღალიწრეებისთვის, სახელმწიფო მესვეურთათვის, რომელთაც ,,ცრუ მაქებარი“, მათთვის ,,გამოსადექიადამიანები უფრო ,,უყვართ“, ვიდრე სიმართლის მთქმელი, ღირსეული ადამიანები… აბსოლუტურად მართალია, რასაც წერს ქალბატონი ნანა…

ნინო ჩხიკვიშვილი:
„ნოდარის შემოქმედებითი ბიოგრაფიის ალბომის პროექტია. ამ ალბომის გამოსაცემად განაცხადის შეტანა უნდოდა ნანა ჭრელაშვილს  კულტურის სამინისტროში, არ მიიღეს, ფიზიკური პირისგან არ ვიღებთო, ეტყობა, წესია ასეთი, რა ვიცი, აბა?!
ამ ასაკში ნოდარს გული  რამდენჯერმე ატკინეს… მეგრამ მე ეს არ მიკვირს, უფრო ლოგიკურიც კი მგონია, ასე იყო და ასეც დარჩება: ესა ჩვენში დაუწერელი კანონი!“
14608706_1462879107062018_3616376748013079704_o– თბილისის საპატიო მოქალაქეობა მოგანიჭეს…   თბილისში რას შევცვლიდით?
ცხოვრების წესი შეიცვალა.  სხვა საუკუნეა. სხვა ფასეულობები…
ახლა ჩემ თვალწინ ახალი თბილისი იბადება, ახალი ურთიერთობებით, რაც ჩემთვის, უბრალოდ, გაუგებარია. გრიშაშვილისა არ იყოს: ჰო, როგორაა.. „ძველო თბილისო, გტოვებ, მშვიდობით!“
– ქვეყნის მომავალი?
–  თაობა უნდა მოვიდეს, სადაც დაახლოებით 50 კაცი ისეთი მოაზროვნე იქნება, როგორიც იყო ილია ჭავჭავაძე, თავის ქვეყანაზე რომ ფიქრობდა…
– ღირსება… შევარდნაძის დროს ორდენი უკან დაუბრუნეთ, იმის მერე დრო გავიდა და დღეს რა სიტუაციაა? ღირსება რით იზომება?
– ეგ  ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული… მიმაჩნია, რომ ადამიანი ყველა დროში ცუდისკენ იცვლება. საზოგადოება, დრო გადის და… იგივე რჩება. შურსა და ძლიერებაზეა აგებული საზოგადოება.
– და მაინც, რატომ არ ჩანან ღირსეული ადამიანები?
– დროა ისეთი. დრო…337693_111976998913807_1261604087_o
– დღეს რომ მოეცათ ღირსების ორდენი, მაინც დაუბრუნებდით უკან?
– კი, კაცო, უდიდესი შეცდომა იყო მაგის დაწესება. შეცდომა კი არა, ეს იყო ღალატი ადამიანის მიმართ. იმიტომ რომ დააპირისპირა ადამიანები ერთმანეთს.

– ლექსი არავის მოუძღვნია თქვენთვის?
– ლექსი არა, არა ვარ ეტყობა ლექსის თემა. მე უფრო იგავ-არაკის გმირი ვარ. იგავ-არაკში მინიშნებებია და… იმიტომ!
– გავიგეთ, რომ  მარჯანიშვილის თეატრიდან, სადაც უამრავი წელი მუშაობდით, მიდიხართ…
– კი, ვფიქრობ და ვნახოთ, ალბათ, ჯობს, პენსიაში გავიდე… არ უნდა ინერვიულო და არც სხვა ანერვიულო, რადგან არაფერს  იძლევა ეს არც ადამიანისთვის, არც საზოგადოებისთვის.
სხვა რა გითხრა, ქე იცი ყველაფერი, აგერ ვარ და ვარ… გული მწყდება რაღაცებზე, რაღაცების გამო  ბრაზი მომდის ჩემს თავზე. რაღაცებით დატვირთულიც ვარ…

… ვემშვიდობები ბატონ ნოდარს და რატომღაც ერთი ამბავი მახსენდება, რომელიც ქალბატონმა ქეთევან კიკნაძემ დაწერა ფეისბუქში და ამ სტატუსს ბოლოს უკომენტაროდ გთავაზობთ:
ბრავო, რუსთაველის თეატრს! ყოჩაღ რობიკომსახიობებს ხელფასი არ დააკლეს, ის მსახიობები, რომლებიც ვეღარ თამაშობენ, დაავადებულია ზოგი, ისინიც კი შეინახა. შენი გვარი და სახელი, ოქროს ასოებით შევა ქართული თეატრის ისტორიაში და არა მარტო მაგისათვის. შენი შემოქმედებით.
ამ ამბებთან დაკავშირებით, ერთი ამბავი მახსენდება.Nioradze_Ia-097 სესილია თაყაიშვილმა ერთხელ დარეკა, გიგა არ იყო სახლში, ტელეფონზე მე შევხვდი:
ქეთინო! გიგა რომ მოვა, გადაეცი, მე არაფერს არ ვთამაშობ, ამიტომ გამანთავისუფლოს თეატრიდან, ჩემი ხელფასი კი გადაანაწილოს ახალგაზრდებზე, რომლებიც გაჭირვებულები არიანო“, მე ძალიან დავიბენი, რა თქმა უნდა, გადავეცი, მაშინ გიგამ აიღო ყურმილი და დაურეკა:ქალბატონო სესილია! თქვენ მარტო იმაში გეკუთვნით ხელფასი, თეატრში ხანდახან გამოჩნდეთ და გაიარგამოიაროთო.” ეს იყო კაცური და სამაგალითო პასუხი.
დიდ შემოქმედს, დიდსულოვნება მოეთხოვება“…

 

 თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები