მამუკა მდინარაძე ოპონენტებს: მოსამართლეები წლების განმავლობაში, მითითებებს პროკურატურიდან იღებდნენ

“თქვენ შეგიძლიათ ორი ადამიანის ახლობლურ დამოკიდებულებაზე ააგოთ ნეგატიური პიარკამპანია და არ დაინტერესდეთ კონკრეტული მოსამართლეების უეცრად შეძენილი ქონებით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ ოპონენტების მისამართით სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მდინარაძემ ყოფილი ხელისუფლება მოსამართლეებზე განხორციელებული ზეწოლის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ კონკრეტული მოსამართლეები წლების განმავლობაში, მითითებებს პროკურატურიდან იღებდნენ.
„თქვენ შეგიძლიათ ორი ადამიანის ახლობლურ დამოკიდებულებაზე ააგოთ მთელი საქმე და ნეგატიური პიარკამპანია. ამავდროულად, გაავრცელოთ სიცრუე. თავს დაესხათ კოლეგებს უაპელაციოდ, მაგრამ არ გინდათ, ყურადღება მიაქციოთ ავთენტურობა დადასტურებულ ლაპარაკს მილიონებზე მოსამართლეებთან. მოსამართლეებთან გვარების ხსენებას სხვადასხვა ჩანაწერებში. არ გინდათ, ამას ყურადღება მიაქციოთ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ეს არ გაწყობთ. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც თქვენ ამაზე არ საუბრობთ. არ გინდათ ყურად იღოთ მოწოდება, სადაც საუბარია იმაზე, რომ დაინტერესდეთ კონკრეტული მოსამართლეების უეცრად შეძენილი ქონებით, იმიტომ, რომ აქ არის ტენდენცია და გასაგებია თქვენი პოლიტიკური მიზნები. საქართველოში აღარასდროს აღარ უნდა განმეორდეს ის 8-9-წლიანი ანომალია, რაც ჩვენ დაგვემართა. ეს იყო ის მოდელი, რომელიც თქვენ შესთავაზეთ ჩვენს ქვეყანას და იმისათვის, რომ ეს არ განმეორდეს, ვაპირებთ რეფორმები განვახორციელოთ.
2012 წლამდე ჩვენ გვქონდა სასამართლო და დღეს ბატონმა ნიკა მელიამაც ნაწილობრივ აღიარა, რომ კონკრეტული მოსამართლეები პროკურატურაში დადიოდნენ და იქ იღებდნენ მითითებებს. ესეც არ განმეორდება საქართველოში არასოდეს, იმიტომ, რომ ჩვენი პოლიტიკური ნებაა, სასამართლო იყოს თავისუფალი და როგორც გასულ წლებში, ასევე მომდევნო წლებშიც, აუცილებლად ნახავთ ამას. სასამართლო, რომელიც იყო რეკეტის იარაღად ქცეული – ეს დაგვიტოვეთ თქვენ, ეს დაგვახვედრეთ. 2012 წლის შემდეგ ვერ დაასახელებთ ვერცერთ საქმეს, სადაც ტენდენციურობაზე იქნება საუბარი, თუ ეს არ არის თქვენი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, თუ ეს არ შეეხება თქვენს ტელევიზიას და პოლიტიკურ ლიდერებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები