დეპუტატისთვის გაუგებარია, რატომ შეიცვალეს პოზიცია “ნაციონალებმა” ვეტოდადებულ კანონპროექტზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილისთვის გაუგებარია, რატომ შეიცვალა პოზიცია “ნაციონალურმა მოძრაობამ”, საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით.
პლენარულ სხდომაზე კანონპროექტზე მსჯელობისას, დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ დაახლოებით თვენახევრის წინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი განიხილეს და იმ სახით, რა სახითაც პრეზიდენტს გადაეგზავნა ხელმოსაწერად, “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მხარდაჭერილი იყო.
“თუკი ეს არ არის შედავება შედავებისთვის და აუცილებლად წინააღმდეგობის გაწევა უმრავლესობის მიერ თავის დროზე მხარდაჭერილი კანონპროექტისთვის, მაშინ რას ნიშნავს ის, რომ დაახლოებით თვენახევრის წინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი განხილულ იქნა და იმ სახით, რა სახითაც პრეზიდენტს გადაეგზავნა ხელმოსაწერად, პრინციპების დონეზეც, მუხლობრივად განხილვის დონეზეც და ა. შ. იყო “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მხარდაჭერილი. მაშინ ჯერ კიდევ ერთ ძალას წარმოადგენდა ეს პარტია. რა შეიცვალა ამ თვენახევრის განმავლობაში ისეთი, რომ ვეტოდადებულ კანონპროექტზე უკვე აღარ არის თანხმობა და თქვენ პრინციპების დონეზე არ მოგწონთ ეს ყველაფერი. ამიტომ, მე მგონია, რადგანაც უმრავლესობა მხარს უჭერს ამ კანონპროექტის პირვანდელ ვარიანტს, მხოლოდ ამიტომ ხდება ის წინააღმდეგობა და რეპლიკები, რაც ჩვენ მოვისმინეთ. სხვა მოტივი არ არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამაზე აპელირება თვენახევრით ადრეც მოხდებოდა”,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საქართველოს პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებებსა და თანმდევ კანონპროექტებზე მსჯელობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები