ვანო ზარდიაშვილი ირმა ნადირაშვილის განცხადებას ცინიზმს უწოდებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვანო ზარდიაშვილი სასამართლოს დასუსტების შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, ირმა ნადირაშვილის განცხადებას ცინიზმს უწოდებს.
ვანო ზარდიაშვილი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უმცირესობის წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელსაც პოლიტიკური სპეკულაცია უწოდა.
“სრული ცინიზმია ქალბატონი ირმას მხრიდან ან სავსებით არაკომპეტენტურობა, როდესაც ის დღეს დღევანდელ სასამართლოზე საუბრობს, რომ სასამართლო დასუსტდა და დასუსტება გვინდა ჩვენ. ამაზე კომენტარის გაკეთებაც არ შეიძლება, სასაცილო მდგომარეობაა. რაც შეეხება ბატონი კაკო ბობოხიძის გამოხმაურებას, რომ ეს კანონი ვინმეს ერგება, თუ მეტად კომპეტენტურები იქნებიან და მეტად დაინტერესდებიან, მაგრამ ამის სურვილი, რა თქმა უნდა, არ აქვთ, რომ ამ ეტაპისთვის გამოსაცდელ ვადაში მყოფი მხოლოდ 14 მოსამართლე გვყავს და 14-ვე გადაინიშნა და დაინიშნა მოსამართლედ. აქ ეს შეზღუდვა და ეს პრობლემა არ არსებობს. ამიტომ, ეს ცალსახად კიდევ ადასტურებს, რომ ეს არის სუფთა წლის პოლიტიკური სპეკულაციების საგანი.
რაც შეეხება ჩემი სახელის და გვარის ტრიალს ამ სასამართლოსთან მიმართებაში, ეს ადასტურებს იმას, რომ ნიკა გვარამიას შეთქმულების თეორიას ავრცელებენ, რომ ჩემი გვარი იყოს რაღაცა კონკრეტულ ქეისთან დაკავშირებული. გუშინ “რუსთავი2” პრინციპულად ამტკიცებდა, რომ ჩემი ინიცირებული იყო ეს კანონი. სრული სისულელე და აბსურდია ესეც. რაც შეეხება ერთ პრინციპს, პატივცემულო, თუ რაღაცა ოდნავ მაინც სინდისის ზღვარი გაგვაჩნია, პირდაპირ გეუბნებით, რომ მამუკა ახვლედიანის ქონება შეადგენს რამდენიმე მილიონს. მან თავის შვილის ქორწილი გადაუხადა „კაჭრეთის ჩემპიონში“ და გადაიხადა ასი ათასი ლარი. იგი დადის ჯე და ეს კლასის “მერსედესებით”, ახვლედიანი მამუკა, მამუკა ახვლედიანი…
თუ გაქვთ ინტერესი, კონკრეტულად მოცემულობა გვაქვს, რომ გაგვიჩნდა ყოფილი მოსამართლე, რომელიც ყველაზე სწრაფად გახდა მილიონერი. თქვენ იხილეთ კადრები, რომლის ავთენტურობაშიც მე დარწმუნებული ვარ, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ გვარამიამ თვითონ ჩაწერა, რომ მიზანი მამუკა ახვლედიანის და გვარამიას შეხვედრისა იყო მისი სკანდალურად წასვლა და სასამართლო სისტემის სპეციალურად იმიჯის გაფუჭება იმისთვის, რომ თქვენ მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებებს ჰქონდეს ნაკლები პოლიტიკური ფასი. ძალიან გთხოვთ, ცოტა ზომიერები იყოთ სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში, იმიტომ, რომ თქვენ მუშაობდით აღმასრულებელ ხელისუფლებაში, თქვენ იცით, რაოდენ მნიშვნელოვანია ნდობის ხარისხი სასამართლოსთან მიმართებაში და იმიტომ, რომ თქვენ რაღაცა არ გაწყობთ, ამიტომ სისტემა ჩამოშალოთ და ზიანი მიაყენოთ, ეს არის ძალიან დიდი საშინელება, მაგრამ თქვენთვის არ აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა.
მთავარია, ერთი კაცის ხუშტური შეასრულოთ და პირდაპირ თავს დაესხათ სახელმწიფო ინსტიტუტებს და განადგურების გეზი აიღოთ. გასაგებია? თუ გასაგებია, კი ბატონო, თუ გინდათ, კიდევ ცალკე ლექციას ჩაგიტარებთ ამ საკითხთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ბატონ კაკო ბობოხიძეს. მიშა სააკაშვილთან მუშაობა აღარ შეგიძლიათ და რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს, ქალბატონი ირმა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელია. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი არ არის ხო? თქვენც კი, მისმა პოლიტიკურმა გუნდმა, ვერ გაუძელით”,- განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვანო ზარდიაშვილმა.
საქართველოს პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებებსა და თანმდევ კანონპროექტებზე მსჯელობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები