ნინო გოგუაძე: დევნილთა სტატუსი არ იცვლება, ვიდრე ჩვენი მოქალაქეები არ დაბრუნდებიან თავიანთ საცხოვრებელ ადგილზე

დევნილთა სტატუსი არ იცვლება, ვიდრე ჩვენი მოქალაქეები არ დაბრუნდებიან თავიანთ საცხოვრებელ ადგილზე“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო გოგუაძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ნინო გოგუაძემ დევნილთა საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ცრუ უწოდა.
„დევნილთა სტატუსი არ იცვლება, არ შეიცვლება დევნილთა სტატუსი, ვიდრე ჩვენი მოქალაქეები არ დაბრუნდებიან თავიანთ საცხოვრებელ ადგილზე. ეს არის ძალიან ცალსახა. მეორე, ძალიან კარგად იცით თქვენ, რომ არსებული მხარდაჭერის სისტემა დევნილების მიმართ, სწორედ რომ არ არის საკმარისი, რომ ამ ადამიანების საჭიროებებს იყოს მორგებული.
ამიტომაც, ჩვენ კი არ ვაუქმებთ, ძალიან მალე გვექნება რეალური მხარდაჭერის სისტემა, რომელიც ამ ადამიანების საჭიროებებზე იქნება მორგებული და ეს არის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ნაწილი იმისი, რასაც ჩვენ დევნილების მიმართ ვახორციელებთ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან უხერხულია თქვენი მხრიდან, თქვენ ნამდვილად გემახსოვრებათ პრეზიდენტ სააკაშვილის სპეციალური ბრძანება, რომლითაც პირდაპირ აიკრძალა თბილისში მცხოვრები დევნილებისთვის ბინების გადაცემის პროცესი.
ამის პარალელურად თქვენ შეაფასეთ, რა ხდება ახლა. ამ ხელისუფლების პირობებში ამ ხალხმა პირველად იგრძნო მხარდაჭერა სახელმწიფოსგან და იცით, რომ 13 500-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა უკვე გადაეცა საკუთრებაში დევნილ მოსახლეობას. ეს ფაქტია, ამისი მონაცემები არის სამინისტროში. შემდეგი პროცესი არის, რომ მომავალ თვეებში 400 ბინა გადაეცემა სხვა ოჯახებს ქუთაისში, 420 ბინა გადაეცემა ზუგდიდში, 200 ბინა გადაეცემა თბილისში, 60-დან 100-მდე საცხოვრებელი სახლები გადაეცემათ სოფლებში.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გამოცხადებული სახელმწიფოს მხრიდან. შეუძლებელია ამისი არ დანახვა და მითუმეტეს შეფასება იმისი, შედარება, რა ხდებოდა წინა ხელისუფლების პირობებში“,-განაცხადა ნინო გოგუაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები