რუსეთში ჰომეოპათია ცრუ მეცნიერებად აღიარეს
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ცრუ მეცნიერებასთან და სამეცნიერო კვლევების ფალსიფიცირებასთან ბრძოლის კომისიამ მემორანდუმი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ჰომეოპათია ცრუ მეცნიერებად არის შეფასებული. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
დოკუმენტის მიხედვით, 200 წლის განმავლობაში, იყო არაერთი მცდელობა, რომ ჰომეოპათიის მეცნიერული დასაბუთება მომხდარიყო, მაგრამ ყველა ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ასევე, ამ მეთოდით მკურნალობას შეუძლია ადამიანისთვის ზიანის მიყენება, ვინაიდან სამკურნალოდ პაციენტები ნაკლებად შესწავლილ პრეპარატებს იყენებენ, რომელთა მოქმედება, უმეტეს შემთხვევაში, არაეფექტურია, ხოლო შემოწმებულ სამკურნალო საშუალებებს არ იღებენ.
კომისია რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ურჩევს, რომ მან ჰომეოპათიური პრეპარატების სამედიცინო გამოყენება აკრძალოს
ჰომეოპათია – ალტერნატიული მედიცინის სახეობაა, რომლის მიხედვითაც დაავადების სამკურნალოდ საჭიროა ხშირად და მცირე დოზით ისეთი წამლების მიღება, რომელთა დიდი დოზა ჯანმრთელ ადამიანში ამ დაავადების მსგავს სიმპტომებს გამოიწვევდა . მისი ფუძემდებელია, გერმანელი ექიმი სამუელ ჰანემანი.
რუსეთში ჰომეოპათიის გამოყენება 1993 წლიდან არის დაშვებული.