„ლიტვური საცხობის” დამფუძნებელი პურის ღებვასთან დაკავშირებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს – „ჩვენ ნატურალურ პროდუქტს ვაწარმოებთ“

საქართველოში შპს „ლიტვური საცხობის” დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი არუნას მეშკაუსკასი დეზინფორმაციას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ  „ლიტვური საცხობის“ მიერ წარმოებული ჭვავის პური იღებება. „ლიტვური საცხობის“ დამფუძნებელმა აღნიშნულ საკითხზე პრესკონფერენცია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, ლიტვის ელჩთან და ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილესთან ერთად გამართა.
როგორც მეშკაუსკასმა განაცხადა, „ლიტვური პური“ არის ნატურალური და აკმაყოფილებს ყველა შესაბამის სტანდარტს. მისივე თქმით, საქართველოში არსებული რიგი კომპანიები ახდენენ „ლიტვური პურის“ ნიშნის, დიზაინის და მარკის უკანონოდ გამოყენებას, შესაბამისად „ლიტვური საცხობი“ ვერ ახორციელებს მონიტორინგს როგორ და რა პრინციპით ცხვება აღნიშნული კომპანიების მიერ პური.
ამასთან, „ლიტვური საცხობის“ დამფუძნებელი სიცრუეს უწოდებს იმ ინფორმაციასაც, რომ პურის საწარმოებელი ფქვილი იმპორტირებული არ არის. მისი თქმით, კომპანია „ლიტვური საცხობი” ჭვავის პურის, ჭვავის ფქვილის, ალაოსა და ხორბლის ფქვილის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი და იმპორტიორია საქართველოში.
„ჩვენ გვიყვარს მუშაობა და არა ლაპარაკი, თუმცა სამწუხაროდ, მიწევს ახსნა-განმარტების გაკეთება იმ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, რაც შავი შეფერილობის პურის ღებვასთან დაკავშირებით გავრცელდა. შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ ჩვენი პროდუქტი ნატურალურია. ამ პურს მივირთმევ მე, ამ პურს ვაჭმევ ჩემს შვილებს. გავრცელებული ინფორმაცია, რომ პურის ზოგიერთი სახეობა იღებება, სიმართლეს არ შეესაბამება
ჩვენი კომპანია ინგრედიენტების იმპორტირებას ახორციელებს, ჭვავის ფქვილი, ჭვავის ალაო – არის მთავარი ინგრედიენტი იმისათვის, რომ გამოცხვეს ნამდვილი, ტრადიციული ლიტვური ჭვავის პური, რა თქმა უნდა, შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებით. ჩვენ გვაქვს ჰიგიენის სამსახური, ვთანამშრომლობთ ლაბორატორიასთან, რათა მაქსიმალურად იყოს უმაღლესი ხარისხი გარანტირებული.
სამწუხაროდ, ზოგიერთი კომპანიის მიერ ხდება ჩვენი პროდუქტების კოპირება, ბათუმსა და თბილისში არსებული ზოგიერთი კომპანია, ახორციელებს ჩვენი პროდუქტის ფორმის, იარლიყის, დიზაინის უკანონოდ გამოყენებას, მე ვერ ვისაუბრებ რას და როგორ იყენებენ ისინი პურის წარმოებისას, მე შემიძლია ვისაუბრო იმაზე, რას ვაკეთებთ ჩვენ. თუმცა ჩვენი იურისტი მუშაობს, სწავლობს აღნიშნულ ფაქტებს და ვამზადებთ საქმეს“, – განაცხადა „ კვირას“ პრესკლუბში „ლიტვური საცხობის“ დამფუძნებელმა.
კითხვაზე, აღნიშნული ფაქტორის გარდა, რით შეიძლება იყოს გამოწვეული, ის ბრალდება, რომ „ლიტვური პური“ იღებება, არუნას მეშკაუსკასი აცხადებს, რომ შესაძლოა, გაუგებრობა საცხობში დაშვებულმა ტექნიკურმა შეცდომამ გამოიწვია, როდესაც სხვადასხვა შეფერილობის ცომი – ერთ-ერთ დასაქმებულს ერთმანეთში აერია და რამდენიმე ერთეული პური, რომელიც ნაწილობრივ თეთრი იყო, ნაწილობრივ კი შავი, სარეალიზაციო ქსელში მოხვდა.
„ჩვენი ტექნოლოგია დაფუძნებულია შესაბამისი ფერმენტაციის პროცესზე, 300 თანამშრომელი გვყავს კომპანიაში დასაქმებული და მე ამით ძალიან ვამაყობ. ერთ-ერთ დასაქმებულს მოუვიდა მექანიკური შეცდომა, როდესაც თეთრი და მუქი შეფერილობის ცომი აერია ერთმანეთში და შედეგად მივიღეთ ე.წ. ზებრა პური, ეს პური (რამდენიმე ერთეული) მოხვდა სარეალიზაციო ქსელში და შესაძლოა, მომხმარებელმა ჩათვალა, რომ პური იღებება, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს იყო შეცდომა. ადამიანები ვართ და შეცდომა ყველას მოსდის, მე ვამაყობ ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქტით და იმით, რომ ლიტვური ტრადიცია აქაც დავნერგეთ“, – განაცხადა „ლიტვური საცხობის“ დამფუძნებელმა.
მისი თქმით, ყოველი დეზინფორმაცია გავლენას ახდენს მომხმარებლის განწყობაზე და ეს უარყოფითად აისახება კომპანიაზე.
„ლიტვური საცხობის“ დამფუძნებელმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში „ლიტვური პურის“ კიდევ ორი სახეობის გატანა იგეგმება ქართულ ბაზარზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები