რა ღონისძიებები იგეგმება საგზაო უსაფრთხოების მიზნით – არჩილ თალაკვაძე რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს

საგზაო მოძრაობის სფეროში რისკები ნამდვილად არის გაზრდილი, რასაც სჭირდება ძალიან დროული, მაგრამ ზუსტი და გაბედული რეაგირება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ  განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საკანონმდებლო ორგანო საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე შეუდგება აღნიშნული მიმართულებით  ცვლილებების პაკეტის  და იმ რეფორმის განხილვას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით არის შემუშავებული და მთავრობის მიერ  მხარდაჭერილი.

თალაკვაძის შეფასებით, შემოთავაზებულია ძალიან საინტერესო კომპონენტები, რომელმაც უნდა შეამციროს ის სამწუხარო შემთხვევები და ის სტატისტიკა, რომელიც საქართველოს აქვს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ხელისუფლების მიერ უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ვრცლად ისაუბრა.

„პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ რეფორმის განხორციელების პროცესში დავკარგოთ დრო, ამიტომ საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე შევუდგებით ცვლილებების პაკეტის და იმ რეფორმის განხილვას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით არის შემუშავებული და მთავრობის მიერ  მხარდაჭერილი.  ძალიან საინტერესო კომპონენტებია შემოთავაზებული, რომელმაც უნდა შეამციროს ის სამწუხარო შემთხვევები და ის სტატისტიკა, რომელიც საქართველოს აქვს.

საქართველოში ავტოპარკი დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი ბოლო 4-5 წლის განმავლობაში. ასევე, გაზრდილია საგზაო ინფრასტრუქტურის მოცულობაც, საერთაშორისო ტრანზიტი. შესაბამისად, საგზაო მოძრაობის სფეროში რისკები ნამდვილად არის გაზრდილი. ამას სჭირდება ძალიან დროული, მაგრამ ზუსტი და გაბედული რეაგირება.

ჩვენ ვაპირებთ საგაზაფხულო სესიაზე, რომ განვიხილოთ და მხარი დავუჭიროთ ამ სფეროში ახალი თაობის რეგულაციებს. ეს არის პირველ რიგში ადმინისტრირების გამკაცრება იმ მიზეზებზე, რომლებიც ავარიების მთავარი გამომწვევია, ეს არის სიჩქარის გადაჭარბება, ეს არის ავტომობილის ტარება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. თუმცა, დღესაც საკმაოდ მკაცრი სასჯელია ამ მიმართულებით და პირდაპირ მართვის მოწმობის ჩამორთმევა მოხდება და ასევე, აქ არის არასწორი მანევრირება და სხვა მიზეზები, რომლის ანალიზი უკვე გაკეთებული აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენადაც მე ვიცი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მან 100 ქულიანი სისტემის შემოღების თემაზეც ისაუბრა.მისი  თქმით, აღნიშნული სისტემა თანაბარ რეჟიმში ჩააყენებს, მათაც, ვისაც ჯარიმების გადახდა ადვილად შეეძლოთ დღემდე.

„ასევე საუბარია და შესაძლოა ჩვენ მხარი დავუჭიროთ 100 ქულიანი სისტემის შემოღებას, რომელიც ყველა მძღოლს პასუხისმგებლობის თანაბარ რეჟიმში ჩააყენებს, მათაც, ვისაც ჯარიმების გადახდა ადვილად შეეძლოთ დღემდე. ასევე, საუბარია უკონტაქტო პატრულირებაზე, რომელიც პრევენციულ ეფექტს მოგვცემს და მაშინაც კი, როდესაც საპატრულო ეკიპაჟი ირგვლივ არ ჩანს დამრღვეველი მძღოლებისთვის იქნება დამაკავებელი ეფექტი.

ასევე, ვფიქრობთ მხარი დავუჭიროთ მობილური დეტექტორების შემოღებას. დღეს იცით, რომ ეს არის სტაციონალურ ბოძებზე განთავსებული და ყველა დამრღვევმა იცის, რომ იქ უნდა შეანელოს მოძრაობა, მაგრამ, მომავალში შესაძლოა დეტექტორები სხვადასხვა პერიოდულობით სხვადასხვა ადგილას განთავსება და ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ მხარს ვუჭერთ მართვის მოწმობების ტესტის გადატანას რეალურ მოძრაობაში. ეს ერთი ორად გაზრდის მძღოლების საწყის  კვალიფიკაციას. შესაბამისად, ავტოსაგზაო შემთხვევების რისკებს შეამცირებს. ეს არის კონკრეტული რეფორმა.

მასში ასევე შედის ქვეითთა უსაფრთხოების საკითხები, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ამ სფეროში და რა თქმა უნდა, შესაბამისად თემას აქვს სრული მხარდაჭერა, როგორც საზოგადოების ასევე, არასამთავრობო სექტორის მხრიდან. და ჩვენ სწორედ აი ამ მხარდაჭერით ვაპირებთ ცვლილებების განხორციელებას ამ სფეროში. და კიდევ დამატებით გეტყვით, რომ ამ რეფორმას მოჰყვება სავარაუდოდ რამდენიმე სხვა საკითხის აქტუალიზებაც, ეს არის პირველ რიგში ავტოსკოლების საკითხი. ავტოსკოლებში საერთო სტანდარტის შექმნა და მხარდაჭერა, რომ ერთხელ და სამუდამო იყოს ხედვა და პოლიტიკის განვითარება ამ სფეროში. ასევე, მოჰყვება ტექნიკური რეგლამენტის შემოღება, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს გზებზე უსაფრთხოებას და ბუნებრივია ამას მოჰყვება პოლიტიკის განვითარება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, რაზეც თბილისის მერია მუშაობს და სხვა მუნიციპალიტეტებიც, ბუნებრივია კომპლექსურად საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას ხელს შეუწყობს, რომ მოძრაობა გახდეს უსაფრთხო.

ეს რეფორმა ჩვენ სიმბოლურად უნდა მივუძღვნათ იმ ადამიანებს, რომლებიც სამწუხაროდ დაზიანდნენ ან შეეწირნენ ავტოსაგზაო შემთხვევებს. ეს არის ჩვენი პირდაპირი მოვალეობა და  ამას უმოკლეს დროში გავაკეთებთ. ჩვენ გვქონდა ამაზე საუბარი და ზუსტად მაშინ მოხდა შემუშავება ამ პროექტის. ამ პროექტს დღეს აქვს დიდი მხარდაჭერა და ჩვენ „ქართული ოცნების“  გუნდი ვაპირებთ, რომ საგაზაფხულო სესიაზე პირველივე დღეებიდან დავიწყოთ მისი განხილვა და უმოკლეს ვადაში მოვახდინოთ ის ცვლილებები და გავატაროთ რეალურ ცხოვრებაში, რომელიც საჭიროა.

თუ რამ შეუშალა ხელი, ამაზე პასუხის გაცემა არ არის რთული. თქვენ გახსოვთ გასული წელი ეს იყო საარჩევნო წელი, რამდენიმე მოსმენა ჩატარდა და შემდგომში უკვე დაემთხვა არჩევნები. პრაქტიკულად, მე-8 მოწვევის პარლამენტმა ვეღარ მოასწრო ამ ცვლილებების მიღება, ხოლო მე-9 მოწვევის პარლამენტი შეუდგა თუ არა საქმიანობას, გახსოვთ წლის ბოლოს დეკემბერში იყო ძალიან გადატვირთული რეჟიმი, საკანონმდებლო აქტები, დაკომპლექტება სხვადასხვა პოზიციების და მიღება მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხების, მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება, ამიტომ, ჩვენ ამ რეფორმის განხილვას შევუდგებით  საგაზაფხულო სესიის პირველივე დღეებში  და აუცილებლად მოკლე დროში მივიღებთ რეფორმის შედეგებს.

პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცვლილებები მის ეფექტურ განხორციელებასთან ერთად საქართველოს, ხელისუფლებას, მთავრობას, პარლამენტს უკვე მისცემს შესაძლებლობას, რომ რეფორმის პოზიტიური შედეგები პირველი 6 თვის, პირველი წლის თავზე უკვე დაინახოს და ეს საზოგადოებისთვისაც გახდება ნათელი. ეს არის განხილვის საგანი. არის სამუშაო ჯგუფში სხვადასხვა ვერსიები, არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ უფრო გამკაცრებას დავუჭიროთ მხარი. თუმცა, რა მოდელი უნდა  იყოს ამას  კიდევ სჭირდება გონივრული მიდგომა. ბუნებრივია მხოლოდ სასჯელით ვერ მოხდება პრობლემების მოგვარება, საჭიროა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ცნობიერების ამაღლება, გამოცდის კიდევ უფრო დახვეწა, სამოქალაქო პასუხისმგებლობის განვითარებაც“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები