„ისინი ჩვენ ბრალს გვდებენ სამხედროების უპატივცემულობაში, როდესაც 2008 წლის კონფლიქტის მონაწილე თითქმის ნახევარი ჯარი ციხეში ამოალპეს“

ისინი ჩვენ ბრალს გვდებენ სამხედროების უპატივცემულობაში, როდესაც 2008 წლის კონფლიქტის მონაწილე თითქმის ნახევარი ჯარი ციხეში ამოალპეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინაში ქართველი ოფიცრის, გია ცერცვაძის დაკავების საკითხზე ოპოზიციის მხრიდან გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერის შეფასებით, ხელისუფლების ოპონენტების სურვილია მმართველი ძალა მუდმივად თავის მართლების რეჟიმში იმყოფებოდეს. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად ამისა, მთავრობა დღის წესრიგს არ შეცვლის.
„ჩვენს ოპონენტებს აქვთ სურვილი, მუდმივად ვიმყოფებოდეთ თავის მართლების რეჟიმში. მათ აიყოლიეს საკუთარი ტელევიზია, მათი პარტნიორი ტელევიზიები, არასამთავრობო სექტორის ნაწილი და უნდათ, ამოგვაგდონ მთავარი დღის წესრიგიდან და მუდმივად ვიმყოფებოდეთ თავის მართლებაში, რომ ჩვენ არ ვართ ქვეყნის დამაქცევარნი. ეს ხდება იმ პოლიტიკური ძალის მიერ, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ათწლეულობით პერიოდის განმავლობაში დაზიანებაში, რომელმაც ქვეყანა წამოაგო უმძიმეს პროვოკაციას – რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების განხორციელებას მწვანე შუქი აუნთო. უფრო მეტიც, ისინი ჩვენ ბრალს გვდებენ სამხედროების უპატივცემულობაში, როდესაც 2008 წლის კონფლიქტის მონაწილე თითქმის ნახევარი ჯარი ციხეში ამოალპეს, ჩახოცეს ციხეში, გვამებიც კი არ გამოასვენეს კონფლიქტის ზონიდან; უმძიმესი პროვოკაცია მოაწყვეს კოდორის ხეობაში და იქ მყოფი გმირი ადამიანები ჩახოცეს; კრიალაშვილი, რომელიც უკვე გვამი იყო, სკამზე მიაბეს და შემდეგ კიდევ ერთხელ დახვრიტეს. ეს ადამიანები დღეს ჩვენ გვდებენ ბრალს სამხედროების უპატივცემულობაში.
მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდო, კარგად დაფიქრდნენ იმ ადამიანების შიგთავსსა და წარსულზე, რომლებმაც დღეს ჩვენ ქვეყნის სიყვარულის ნაკლებობასა და ლამის მოღალატეობაში დაგვდეს ბრალი; კარგად დაუკვირდნენ, ვინ ვინ არის, ვინ რას აკეთებს ამ ქვეყნისთვის და ვის სურს ამ ქვეყნისთვის მართლა კარგი. ამ ყველაფრის მიუხედავად, მინდა ვთქვა, რომ ისინი ჩვენს დღის წესრიგს ვერ შეცვლიან. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ თანმიმდევრულად იმ გზაზე სიარულს, რასაც ჩვენი ქვეყნის ამ უბედურებიდან ერთხელ და სამუდამოდ გამოყვანა და სწორი განვითარების გზაზე დაყენება ჰქვია. ეს არის ჩვენი შეუცვლელი დღის წესრიგი და ამაში დღეს ჩვენი ქვეყანა გვერდით გვიდგას, მიუხედავად იმისა, ვინ დომინირებს მედიასივრცეში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ, ქვეყნის სიყვარულში, ეს უღირსი ადამიანები ნუ შეგვეჯიბრებიან!“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები