ნინო გოგუაძე: ევროპის საბჭოს რეზოლუციის პროექტში პირველად გაჩნდა პოზიტიური ჩანაწერი საქართველოსთან მიმართებაში

“ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო გოგუაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ წარმოდგენილ რეზოლუციის პროექტს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ რეზოლუციაში პირველად გაჩნდა პოზიტიური ჩანაწერი.
“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 2015 წლიდან შექმნილია პლატფორმა, რომელიც ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში მედიის თავისუფლების და ზოგადად ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტების შესახებ ინფორმაციას სწავლობს. დღეს წარმოდგენილი იყო საპარლამენტო ასამბლეაზე რეზოლუციის პროექტი, რომელიც შეეხებოდა ევროსაბჭოს წევრ რამდენიმე ქვეყანაში არსებულ ვითარებას, გაუმჯობესებებს, სირთულეებს, გამოწვევებს მედიის თავისუფლების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენმა დელეგაციამ მოახერხა, რომ ჩვენს სხვა დელეგაციის წევრებთან ერთად მუშაობის შედეგად ის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რომელიც მედიათავისუფლების, მედიაპლურალიზმის თვალსაზრისით არის საქართველოში, ასახულიყო რეზოლუციაში და მნიშვნელოვანია, რომ ბევრმა ჩვენმა პარტნიორმა ქვეყანამ დაგვიჭირა ამაში მხარი. არის საკითხი რეზოლუციაში, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებოდით საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა, ვინაიდან ამ რეზოლუციაზე დიდი ხნის წინ იყო მუშაობა დაწყებული, საკმაოდ ცოტა აღმოჩნდა დრო იმისთვის, რომ უფრო მეტ ადამიანთან შესაძლებელი ყოფილიყო რეზოლუციის ამ ნაწილის დეტალებზე საუბარი და ამიტომ, ეს ჩანაწერიც დარჩა რეზოლუციაში. საერთო ჯამში, ვფიქრობ, რომ გაუმჯობესების თვალსაზრით, ტენდენციების თვალსაზრისით პოზიტიურია რეზოლუცია. პირველად გაჩნდა პოზიტიური ჩანაწერი საქართველოსთან მიმართებაში ამ რეზოლუციაში” , – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები