საპარლამენტო მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო დელეგაციის წევრები, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, ვოიცეხ სავიცკის შეხვდნენ. შეხვედრაზე სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, ქართულმა მხარემ საქართველოს მონიტორინგის ეტაპის დასრულების შესაძლებლობებზე ისაუბრა და ყურადღება ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე გაამახვილა.
„საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან შეხვედრისას, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან თემას, საქართველოს მონიტორინგის ეტაპიდან პოსტმონიტორინგის ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხი წარმოადგენდა. საქართველოში განხორციელებული რეფორმებით და დემოკრატიული პროცესებით ვფიქრობთ, რომ საპარლამენტო ასამბლეის დონეზე მონიტორინგის ფაზის დახურვას საქართველო ცალსახად იმსახურებს, რაზეც საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები გვეთანხმებიან”, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე განცხადებით, ვოიცეხ სავიცკისთან შეხვედრისას საუბარი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის განახლებული შემადგენლობის და ქართველი კანონმდებლების ერთიან სამუშაო პროცესში მონაწილეობის სტრატეგიის განხილვასაც დაეთმო. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი და დელეგაციის წევრები სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრებს აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები