ჩუგოშვილი აგრამუნტის განცხადებაზე: მე მექნება შესაძლებლობა, კარგად გავარკვიო ეს ადამიანი, რა დანაშაულების გამო იხდიდა სასჯელს უგულავა
სტრასბურგში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეული პრეზიდენტის, პედრო აგრამუნტის მიერ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას თაობაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ჩუგოშვილმა პედრო აგრამუნტთან აუდიენციამდე განაცხადა, სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ არსებობს წარმოდგენები ისეთ სტრუქტურებში, როგორიც არის საპარლამენტო ასამბლეა, რომ სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემები, შეიძლება, რომელიმე უცხოელი თუ ქართველი პირის ზეწოლის შედეგად იღებდეს ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
ჩუგოშვილი ინფორმაციის ნაკლებობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის აპირებს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიაწოდოს ინფორმაცია, რატომ იყო დაკავებული გიგი უგულავა და როგორ ხდება პირების გათავისუფლება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.
„რაც შეეხება გიგი უგულავას საკითხს , როგორც ჩემთვის კარგად არის ცნობილი ქართულმა სასამართლო სისტემამ და ქართულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ასე ვთქვათ, მისი გათავისუფლების თაობაზე მას შემდეგ, რაც მან ნაწილობრივ აღიარა ჩადენილი დანაშაული. ბატონი აგრამუნტის გუშინდელ განცხადებას რაც შეეხება, უგულავასთან დაკავშირებით, ჩვენი მთავარი ამოცანა პრინციპში, არის ის, რომ ბატონმა აგრამუნტმა ისევე, როგორც მთლიანად საპარლამენტო ასამბლეამ, იცოდეს ძალიან კარგად, რომ საქართველოში ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ არა სხვადასხვა პოლიტიკური პირების მოწოდების შედეგად და შემდეგ, არამედ იღებს მართლმსაჯულება და იღებს სასამართლო სისტემა მას შემდეგ, რაც შესაბამის პროცედურებს გაივლის და შესაბამის გადაწყვეტილებამდე მივა ჩაურევლად. ეს არის ის სისტემა, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ და დემოკრატიის და მართლმსაჯულების ის ხარისხი, რომელიც ამ ქვეყანას ეკუთვინის და რომელიც ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს. ძალიან სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ არსებობს წარმოდგენები ისეთ სტრუქტურებში, როგორიც არის საპარლამენტო ასამბლეა, სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემები, შეიძლება რომელიმე უცხოელი თუ ქართველი პირის ზეწოლის შედეგად იღებდეს ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ასეთი რამ ჩვენს ქვეყანაში არ ხდება და არ მოხდება .
ჩვენი ამოცანა არის, რომ ეს კარგად ავუხსნათ ჩვენს აქაურ მეგობრებს. როგორც ჩანს, ინფორმაციის ნაკლებობაა, როგორც ჩანს, მათ არ აქვთ სათანადო წარმოდგენა ქვეყანაში ინსტიტუციების მდგომარეობის თაობაზე და ჩვენი ამოცანაც სწორედ ეს არის, რომ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ ისე, როგრც საჭიროა და ადეკვატური აღქმა ჰქონდეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. სწორედ ამისთვის ვართ აქ. დღეს იმართება ჩემი პირადი შეხვედრა აგრამუნტთან, ასევე სხვა თანამდებობის პირებთან და მე ნამდვილად მექნება შესაძლებლობა, უფრო კარგად გავარკვიო ეს ადამიანი იმაში, თუ როგორ მუშაობს ქართული მართლმსაჯულების სისტემა, რა დანაშაულების გამო იხდიდა სასჯელს გიგი უგულავა (საკმაოდ მძიმე დანაშაულების გამო) და როგორ ხდება პირების გათავისუფლება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან ისეთ ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო“, -განაცხადა ჩუგოშვილმა.
“ვითხოვდი ნადია სავჩენკოსა და გიორგი უგულავას გათავისუფლებას. ამ ნაბიჯებმა, რაშიც მარტო არ ვყოფილვარ, შედეგი გამოიღო. რუსეთსა და საქართველოში ქალბატონი სავჩენკო და ბატონი უგულავა გაათავისუფლეს”, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პედრო აგრამუნტმა განაცხადა.