„მანანა ანუა – ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე“ – აფხაზურენოვანი თარგმანის წარდგინება გაიმართება

31 იანვარს, 18:30 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში გამომცემლობა „არტანუჯი“ მართავს შორენა ლებანიძის დოკუმენტური რომანის „მანანა ანუა – ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე“ აფხაზურენოვანი თარგმანის წარდგინებას.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, რომანი პირველ პირშია დაწერილი და მანანა ანუას მიერ მოთხრობილ რეალურ ამბებს ეფუძნება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმის და თვითმხილველის ჩვენებას, თუ რა მოხდა 1993 წლის ივლის-აგვისტოში, აფხაზეთის დედაქალაქთან ახლომდებარე სოფელ კომანში.
მთავარი გმირი, მანანა ანუა, ცნობილი აფხაზი ქველმოქმედის, პოლიტიკურად გავლენიანი მაღალჩინოსნის, მოწამეობრივად აღსრულებული იური ანუას ქალიშვილია.
ამ გახმაურებულმა ამბავმა ომის დროსვე შეძრა არა მხოლოდ ქართველები, არამედ აფხაზები, ვინაიდან საქმე არა ომის სისასტიკესთან, არამედ ყოველგვარ ეთნორელიგიურ, პოლიტიკურ თუ სოციალურ მრწამსზე მაღლა მდგომი ადამიანების თავგანწირვის მაგალითთან გვაქვს: იური ანუამ და მისმა ქართველმა მოძღვარმა, 27 წლის მამა ანდრიამ (ყურაშვილმა) თავი ქართველებისა და აფხაზების ერთობის იდეას შესწირეს.
დედით ქართველი და მამით აფხაზი, 27 წლის მანანა ანუას ტყვეობის 52-დღიანი ქრონიკა სავსეა ომის შემზარავი შთაბეჭდილებით, მძაფრი და ექსტრემალური მოვლენებით, თუმცა სწორედ ამ სისასტიკეში იკვეთება მთავარი ადამიანური ფასეულობები, რომლებიც რომანის გმირების ცხოვრებას ცვლის, მათ დიდი სულიერი გარდატეხისკენ უბიძგებს, თავგანწირული საქციელებისთვის ამზადებს.
წიგნი აფხაზურად თარგმნა ირმა ოსიამ.  გამოიცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები