სალომე ზურაბიშვილი: ჩემი მთავარი ინიციტივა, რომელზეც უკან არ დავიხევ, ეხება მოქალაქეობის საკითხს

საქართველოს პარლამენტის წევრი, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობიდან 25 წლისა და კონსტიტუციის მიღებიდან 22 წლის შემდეგ, დროა, კონსტიტუციამ დასრულებული ფორმა მიიღოს და დეპუტატი ამ მიზნით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომიის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში აქტიურ მუშაობას გეგმავს. საკუთარ წინადადებები მან მედიას და საზოგადოებას დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნო.
დეპუტატის განცხადებით, მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხი იქნება.
„ჩემი მთავარი ინიციტივა, რომელზეც უკან არ დავიხევ, ეხება მოქალაქეობის საკითხს. ეს არის საკითხი, რომელიც მე-12 მუხლის მე-2 პუნქტშია მოქცეული და რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს ეკრძალება, იმავდროულად იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე. ამ მუხლის გაუქმებზეა მოთხოვნა. თუ ეს მოხდა და უთუოდ უნდა მოხდეს ქვეყნის დემოგრაფიული და სხვა ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მოქალაქეობის შეწყვეტის და ჩამორთმევის საფუძველი გაუქმდება, უცხო ქვეყნის მიერ პასპორტიზაციას სარჩული გამოეცლება და გზა გაეხსნება ყოფილ მოქალაქეებისთვის და მათი შვილებისთვის მოქალაქეობის უმარტივესი ფორმებით აღდგენას”, – განმარტა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, საქართველოს კონსტიტუციაში განსაზღვრული იყოს სახელმწიფოს დამოკიდებულება თავის უცხოეთში მყოფი მოქალაქეების მიმართ.
„როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ერთი მეოთხედი იმყოფება საზღვარგარეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვით კონსტიტუციაში იყოს ასახული სახელმწიფოს ზრუნვა მათ მიმართ და მათი ინტერესების დაცვის ვალდებულება იყოს აღიარებული, როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთი ვალდებულება. ასევე დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, ქვეყნის გარეთ მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც ვერ მონაწილეობენ ადგილობრივ არჩევნებში, უნდა მიეცეთ უფლება აირჩიონ თავიანთი წარმომადგენელები პარლამენტში”, – აღნიშნა დეპუტატმა.
ერთ-ერთ პრიორიტეტად სალომე ზურაბიშვილმა უცხოელებზე მიწის გაყიდვის საკითხი დაასახელა და განაცხადა, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, შეზღუდვების დაწესება აუცილებელია, თუმცა ამ საკითხს კონსტიტუციის ნაცვლად კანონი უნდა არეგულირებდეს. „კონსტიტუცია კანონით შეზღუდვის უფლებას უნდა ცნობდეს საკუთრების ხელშეუხებლობისა და თანასწორობის პრინციპებთან ერთად, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს არ ჰქონდეს საფუძველი გააუქმოს მორატორიუმი ან სხვა ფორმის შეზღუდვა”, – განმარტა პარლამენტის წევრმა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დეპუტატი აქტიურ მუშაობას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომიის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში გეგმავს, ქვეყნის ტერიტორიულ მოწყობას ეხება.
„კონსტიტუცია უნდა ემსახურებოდეს აფხაზეთის და სამაჩაბლოს საქართველოში მომავალ რეინტეგრაციას და ტერიტორიული მოწყობის საბოლოო განსაზღვრას. ტერიტორიულ მოწყობის თემას უკავშირდება მე-4 მუხლით განსაზღვრული პარლამენტის შემადგენლობაში ორი პალატის შექმნა. ქვეყნის რეგიონალურ განვითარებაზე – ეკონომიურ თუ პოლიტიკური კუთხით – ორპალატიანი სისტემა მხოლოდ პოზიტიურად აისახება. ასევე პარლამენტის ადგილსამყოფელის საკითხი მარტივად გადაწყდება”,- განაცხადა დეპუტატმა.
ქვეყნის პრეზიდენტისა და მისი არჩევის წესი იქნება სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჯგუფის შემადგენლობაში მუშაობისას. დეპუტატის აზრით, პრეზიდენტის უფლებებისა და კომპეტენციების არსებული გადანაწილება მისაღებია. მისივე შეფასებით, არის ხარვეზებიც, რომლებიც გამოსწორებადია.
„მე მიმაჩნია, რომ არსებული გადანაწილება პრეზიდენტის კომპეტენციების, უფლებების და საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას შორის, არის საკმაოდ მისაღები დღეს და საჭიროა, რომ შენარჩუნდეს ამ ტიპის ბალანსი. ასეთი ბალანსი შენარჩუნდება მხოლოდ ზოგიერთი ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში. ერთი ხარვეზი ისაა, რომ რეალურად, გვაქვს ორი უშიშროების საბჭო.
უშიშროების საბჭო, იმ ქვეყნებში, სადაც ასეთი ორგანოები არსებობს, ყოველთვის არის იქ, სადაც არის რეალური მართვა ქვეყნის, და ამდენად, ჩვენი დღევანდელი სისტემის გათვალისწინებით, ის მთავრობას უნდა ექვემდებარებოდეს. თუ გვინდა, რომ დღეს არსებული ბალანსი შენარჩუნდეს, თუ გვინდა, რომ პრეზიდენტმა შეინარჩუნოს ის ლეგიტიმაცია, რომელიც მას აძლევს საშუალებას, იყოს რეალურად გარანტი ადამიანის უფლებების, კონსტიტუციური პრინციპების და ქვეყნის მთლიანობის ან ორიენტაციის, ეს ყველაფერი მოითხოვს, რომ შევინარჩუნოთ არჩევის წესიც. ეს არის ჩემი მოსაზრება ამ საკითხზე. ეს იქნება ის საკითხები, რომელზეც მე ვიმუშავებ საკონსტიტუციო კომისიის პირველ ჯგუფში და სხვა ჯგუფებში, თუ ეს საჭირო გახდა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა 21 იანვარს დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები