1700 მეტრის სიმაღლიდან ჩამოტანილი პირიმზეები -„ცხოვრებას ახლიდან რომ ვიწყებდე, მაინც არაფერს შევცვლიდი“

ხუთი წელია მეუღლესთან ერთად ხევსურეთში ცხოვრობს. ბარისახოს ამბულატორიის ხელმძღვანელი  34 სოფელს ემსახურება, – მთელ პირაქეთა ხევსურეთს და კავკასიონს გადაღმა, არხოტის თემსაც
ექიმობა მამამ ანდერძად კი დაუბარა, მაგრამ მედიცინა ბავშვობიდან მისი მოწოდება და  ორგანული ნაწილი იყო… ლექსების წერაც ბავშვობიდან დაიწყო, ამბობს, რომ
პოეტობა ექიმობას არაფერს აკლებს, პირიქითმატებ.
„ასე მოხდა, რომ ჩემი ცხოვრება და ყოველდღიურობა ხევსურეთს დაუკავშირდა. მთავარი ცვლილებაც სწორედ ეს იყო პირველი კრებულიდან – „ყამარის ლექსიდან” მეორე წიგნამდე: „ბუბაილომდე”… ბუბაილო ხევსურეთში დაბადებული ლელა გაბურია… ჩემი ახალი, სხვანაირი, უცნაური „მე”… – ექიმისა და პოეტის, ლელა გაბურის პერსონა.

170933_101095346633183_4804003_o– ბავშვობა განსაკუთრებული დროა ადამიანის ცხოვრებაში… ზოგიერთი ფსიქოლოგიური სკოლის მიხედვით, თითოეული პიროვნება ბავშვობაში მთელ სიცოცხლეს გადის მიკრომასშტაბით, ხოლო დანარჩენი ცხოვრება ამ ბავშვობის ე. წ. „დროში გაშლაა“ მხოლოდ… ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო აზრია… ყველაფერი მახსოვს, მიყვარს და მენატრება ჩემი ბავშვობიდან: ღარიბულად ვცხოვრობდით, დედიკო ოთხ ობოლს გვზრდიდა და მახსოვს, ძალიან შევნატროდი ბავშვებს, რომლებსაც ახალ წელს „ნაყიდი“  ნაძვის ხე ჰქონდათ…

ჩვენი ახალი წელი ასე იწყებოდა: ჩემი ძმა ლოჭინის ხევში წავიდოდა, პატარა ნაძვს მოჭრიდა, ქვაბში ჩავრგავდით, ქვაბს გაზეთებს შემოვახვევდით ლამაზი რომ ყოფილიყო და მერე სათამაშოებით ვრთავდით…
რატომღაც (ეტყობა, ძმამ გვასწავლა ასე) სათამაშო ჯერ აუცილებლად გოჩიკოსთვის უნდა მიგვეწოდებინა დებს და მას უნდა დაეკიდა ნაძვის ხეზე, რომ ჩვენ ხელიდან არ ჩაგვვარდნოდა და არ გაგვტეხოდა… დები უმცროსები ვიყავით, ყველაფერს ვუჯერებდით გოჩას… ახლა ჩვენი ძმა ჩვენთან აღარ არის… 25 დეკემბერს, ქრისტეშობას გარდაიცვალა… ჰოდა, ძმის სიკვდილით სიყვარულში გაზრდილ დებს – მე, ნინოს და მანოს სულ უფრო მეტად გვენატრება ის, რაც ბავშვობაში იყო და არასოდეს დაბრუნდება…

12524262_953875388021837_6814104637996969199_nმახსოვს  როგორ წავიდა დედიკო ამქვეყნიდან… მახსოვს ჩემი ბებო, რომელსაც ბავშვობაში თავისი დაქალი ხორა ბებო ჩამოუვლიდა საჭორაოდ… დასხდებოდნენ აივანზე, კბილები არცერთს აღარ ჰქონდა, ჰოდა, დარჩეულ ნიგოზს, ჯერ კაბის კალთაში გამოკრულს, ქვით დანაყავდნენ და მერე ასე დანაყილს და დარბილებულს მიირთმევდნენ… ეეჰ, ბევრი, კიდევ ბევრი ტკბილი რამ არის ბავშვობა…
მწარე რამეც მახსოვს… ჩემი ბავშვობიდან. გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვების სკოლაში დავდიოდი, ობოლ ბავშვებს სახელმწიფო ეხმარებოდა, ძალიან მძიმე ყავისფერ „ბათინკებს“ გვჩუქნიდნენ ყოველ წელს… შემოვიდოდა კლასის დამრიგებელი და გამოაცხადებდა: აბა, ობლები ვინც ხართ, გამოდითო… ოჰ, როგორ განვიცდიდი ამ ამბავს, მრცხვენოდა,  რომ ობოლი ვიყავი… წაგვიყვანდნენ სამასწავლებლოში და გადმოგვცემდნენ ტანსაცმელს… ფორმის კაბებს,  კიდევ რაღაცებს და ამ ყავისფერ, მძიმე ბათინკებს… როგორ განვიცდიდი ამ „ბათინკებით“ კლასში შესვლის მომენტს, ვერ წარმოიდგენთ… სულ იმას ვნატრობდი, ან ობოლი არ ვყოფილიყავი, ან კიდევ ობლების დახმარებაში ამ საშინელი, ყავისფერი „ბათინკების“ ნაცვლად სხვა რამე ყოფილიყო…
– სოფელ გამარჯვებაში დაიბადეთ?
– ერთადერთი გოგო ვიყავი, ვინც გამარჯვების საავადმყოფოში 8 მარტს გაჩნდა, მერე აღარ იყო საავადმყოფო, რაიონში გადაიტანეს. აცრებზე ექთნები შემოივლიდნენ ხოლმე და მახსოვს, როცა მოდიოდნენ, ჩემი დაბადების დღეს, 8 მარტს ყოველთვის საგანგებოდ აღნიშნავდნენ..
 მამა  ადრე გარდაიცვალა…176288_111971388878912_5630856_o
– მამა – დავით გაბური განსაკუთრებულად მიყვარდა… მესამე კლასში ვიყავი, როცა გარდამეცვალა… 7 წელი პოლიტიკურ სასჯელს ციმბირში იხდიდა, ფილოსოფიური ფაკულტეტის აქტიური სტუდენტი დისიდენტური მოძრაობის მონაწილე იყო… ციმბირიდან ტუბერკულოზით დაავადებული დაბრუნდა და დიდხანს აღარ უცოცხლია…
მამასთან ურთიერთობა რამდენიმე შემთხვევით მახსოვს… როდესაც მისი მეგობრები მოდიოდნენ სტუმრად, და-ძმებიდან რატომღაც მე გამომარჩევდა, სკამზე დამაყენებდა და მთხოვდა, სტუმრებისთვის რომელიმე ლექსი წამეკითხა…
რა თქმა უნდა,  მეც ვასრულებდი მამას თხოვნას… კიდევ მახსოვს, დედას ეუბნებოდა, საშინაო საქმეები ლელას არ დაავალო, სხვებს დაავალე, ლელას საქმე მხოლოდ წიგნებიაო, ასე ფიქრობდა, არ ვიცი, რატომ… პაპა ხევსურეთიდან გამარჯვებაში რომ ჩამოსახლდა, ვენახი გააშენა, აივნის გვერდით მიწაში ჩაფლული ქვევრი იყო,  რომელსაც გარშემო წარწერა ჰქონდა: ,,თითო იმასაც შაუნდნას, ვინაც იჭერდა ეშმასა“… აი, გავიდა მრავალი წელი და მე მინდა ვუთხრა მამას და პაპას: „ამინ! შაუნდნას!“ (იცინის).
–  ლექსებს ადრეული ბავშვობიდან წერთ…
– კი, ლექსების წერა ბავშვობის ასაკში დავიწყე… ჩემი პარალელურკლასელი ბიჭუნა მიყვარდა… იმ დროს შეყვარებულზე პირდაპირ ლაპარაკი და წერა არ იყო მიღებული… რომელიმე გოგონა, რომელიმე ბიჭს თუ გაებუტებოდა და აღარ ელაპარაკებოდა, იმით ვხვდებოდით, რომ უყვარდა… იმ ბიჭს დათო ერქვა… ჰოდა, მეც ალეგორიულად დათვის ბელზე  პირველი ლექსი დავწერე…1933581_111970265545691_4569791_o
–  პოეტური და შემოქმედებითი ნიჭით გამორჩეულმა მაინც სამედიცინოზე ჩააბარეთ… 
– არა, არაფერს შევცვლიდი… მედიცინა ჩემი ორგანული ნაწილია, ექიმობა – შინაგანი მოწოდება! თუმცა ამ პროფესიის არჩევაში ორმა ფაქტორმა მოახდინა გადამწყვეტი მნიშვნელობა… ერთი იმან, რომ მამას უნდოდა, ექიმი გავმხდარიყავი და გადაწყვეტილი მქონდა, აუცილებლად შემესრულებინა მამას სურვილი. მეორე ის იყო, რომ იმ დროს სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარება ყველაზე ძნელი იყო. ჰოდა, მე მიყვარდა ძნელი, რთულად დასაძლევი მიზნების დასახვა და მიღწევა…
– ყოველთვის სტუდენტური ცხოვრების შუაგულში იყავით… 9 აპრილსაც  დემონსტრანტებთან იდექით…
– ვფიქრობ, ჩემი სტუდენტობა სრულიად გამორჩეული დრო იყო, არა მარტო ჩემთვის, არამედ საზოგადოდ… ეს იყო 90-იანი წლები… საქართველოს ისტორიის განსაკუთრებული პერიოდი, როცა დაიწყო ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ახალი ტალღა. ჩემი თაობის სტუდენტური წლები სწორედ ამით იყო ყველაზე ღირსშესანიშნავი, აქტიურად ვმონაწილეობდით საბჭოთა კომუნისტური რეჟიმის საწინააღმდეგო აქციებში…
მახსოვს პირველი მიტინგი ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში მოაწყვეს.  მეორე მიტინგი კი, სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში ჩემი და ჩემი მეგობრების ინიციატივით გაიმართა. ეს იყო მაღალი იდეალებისათვის ბრძოლის, შრომის, გაჭირვების, ამავე დროს, ქართველი ხალხის საოცარი ერთსულოვნებისა და ურთიერთსიყვარულის წლები, რამაც ჩემი ცხოვრების სულიერი საგზალი მოამზადა…
ეს იყო წლები, როცა ხალხს ლუკმა-პურის შოვნა უჭირდა, როცა ერთ ოჯახში ადუღებულ ჩაის მთელი კორპუსი ინაწილებდა. ამ დროს მახსოვს ხევსურეთში, მამიდასთან ჩავდიოდი,  კარტოფილი მომყავდა და მერე პატარა პოლიეთილენის პარკებით მთელ თბილისში დავდიოდი და მეგობრების ოჯახებში მიმქონდა, რომ როგორმე ერთმანეთი გადაგვერჩინა.11062712_845460558863321_8185333599196348052_n
არასოდეს დამავიწყდება სამედიცინო უნივერსიტეტის პედაგოგების ცრემლით და სიყვარულით ანთებული თვალები, როცა ისინი მოდიოდნენ 9 აპრილის წინა დღეებში მოშიმშილე სტუდენტებთან და გვთხოვდნენ, დაგვეშალა აქცია: „თქვენ არ იცით, რით შეიძლება ეს დამთავრდეს, შვილებო, ჩვენ ვიცით, დაგვიჯერეთ!” ამ წლებმა გვასწავლა დიდი სიყვარული, ქვეყნის, უფროსი თაობის, ერთმანეთის… დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო, სტუდენტობის მოგონებები დაუვიწყარი და შთამბეჭდავია… ვამაყობ, რომ სტუდენტური ცხოვრების შუაგულში ვიყავი.
– ლექსის წერის პროცესი…
– ლექსის დაწერის პროცესი  რაღაც საკრალური, არაჩვეულებრივი მოვლენაა… ემოციური პროცესების სიმძაფრე, რაც პოეტის თანდაყოლილი თვისებაა, ვფიქრობ, არის ნიადაგი ლექსის დაბადებისთვის… აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა შემოქმედებითი პროცესის აღძვრისთვის… აქ კიდევ რაღაცაა, იმპულსი… კოსმიური ინიციაცია, თუნდაც დავარქვათ ზეზღურბლოვანი განწყობილებისმაგვარი რამ… როგორც ნაპერწკალი, ალი ,,გრაალი”… ამ ნაპერწკალის გარეშეც წერენ ლექსებს, ეს ლექსს ეტყობა ხოლმე… მაგრამ მე ასე არ გამომდის… შესაბამისად ე.წ. „პროდუქტიული” მწერალიც არ ვარ… ყველა ლექსის ისტორია საინტერესოა… იმიტომ რომ თითოეულ ლექსში ჩემი ცრემლის და სისხლის ნაწილია, ჩემი სიკვდილის და სიცოცხლის გზაა, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე… მიჭირს, რომელიმე ლექსის ისტორია გამოვყო, გამოვარჩიო… 11148852_694800627332987_3268721721761647825_o
ჩემი ძმა რომ გარდაიცვალა, მაშინ დაიბადა ერთი ლექსი, რომელშიც არის ეს სტრიქონი:
,,ლექსით ვუწამლებ წამებად
ოხვრას სხეულში მიმალულს…
როგორც ყოველთვის, უფალო,
სიკვდილით ვსწავლობთ სიყვარულს“…
სიკვდილის თვალებით დანახული სიცოცხლე სულ სხვა ხარისხის არის… უფრო ნაღდია, ასპროცენტიანია…
ამიტომ Memento mori („გახსოვდეს, რომ სიკვდილი გელის“) სიყვარულის და სიცოცხლის მარადიული გაკვეთილია ადამიანის ცხოვრებაში… აუცილებელი გაკვეთილი, აუცილებელი გამოცდილებაა…
– „ყამარის ლექსი“ და „ნუ დაღონდები, ბუბაილო“, – ამ ორ კრებულს შორის ათ წელზე მეტია შუალედი. რა შეიცვალა პირველი კრებულიდან მეორე კრებულამდე?
– ყველაფერი შეიცვალა. უფრო სწორად, არაფერი შეცვლილა. გააჩნია, საიდან და როგორ შევხედავთ დროს, ცხოვრებას… შინაგანად, ჩემში, როგორც შემოქმედში, ადამიანში არსებითი ცვლილება არ მომხდარა, იგივე დავრჩი, რაც ვიყავი. მრავალჯერ სურვილი მქონია, რაიმე შემეცვალა, რაიმეზე სხვანაირად მეფიქრა, რაღაც გადამეფასებინა, გავმხდარიყავი უფრო „ადაპტირებული“ და „პრაგმატული… არა და არა! ,,მე იგივე ვარ, მარად და მარად! არ ვსდევ ჟამთა ცვლას“ „არ ” კი არა, „ვერ” ვსდევ… ასე გამომდის, უნებურად…
ყოველთვის ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა, რა გზით უნდა მევლო… არაბუნებრივი რაც არის ჩემთვის, ის ვერაფრით  გავითავისე და არც ვნანობ! პირიქით, მიხარია, რომ ასე ვიარე…
– დრო რომ დაბრუნდეს  უკან, რამეს შეცვლიდით?13528409_1027061940703181_1123168363291030613_o
– ძალიან რთული, საშინელი მონაკვეთები მქონია ცხოვრებაში,  როცა ჯოჯოხეთშიც კი ჩადიხარ… მაგრამ ცხოვრებას ახლიდან რომ ვიწყებდე, მაინც არაფერს შევცვლიდი! იცით, რატომ? ვინც ერთხელ მაინც არ ჩასულა ჯოჯოხეთში, მან არ იცის, რა არის სამოთხის სიტკბო და სიხარული… ვინც არ წაქცეულა, ვერასოდეს იგრძნობს მკვდრეთით აღდგომის ბედნიერებას.
– თქვენს ლექსებზე სიმღერები შეიქმნა… პოპულარულია სიმღერა: „არ დაიჯერო“... როგორ შეიქმნა სიმღერა ამ ლექსზე?
 საერთოდ, ტრადიციულ, რითმიან ლექსს ვწერ. შიგადაშიგ – ვერლიბრსაც, მაგრამ ეს მცირე ნაწილია ჩემი შემოქმედების… შესაბამისად, რითმა და მუსიკა უკვე დევს ლექსებში და ეს მომღერლებმაც შეამჩნიეს. „არ დაიჯერო“  ჩემს სატრფიალო ლირიკაში ერთ-ერთი ლამაზი და ემოციური ლექსია. ჩემს მეგობარს ფოლკლორის მომღერალს – დათო კენჭიაშვილს მოეწონა ეს ლექსი და ისე შეიქმნა სიმღერა, მე არც გამაგებინეს… ანუ სიურპრიზი მომიწყვეს. სასიამოვნოა, როცა შენი ლექსები ამღერდებიან, ან ითარგმნებიან… როცა მკითხველს უყვარდება შენი ლექსი… ახალ სიცოცხლეს იწყებს…
– დღეს ყოველი მეორე წერს ლექსებს… რა არის ნამდვილი პოეზია?
– ნაწილობრივ ამ კითხვას უკვე ვუპასუხე… კი, ყველა მეორე ლექსს წერს, მაგრამ ამდენი პოეტი, რა თქმა უნდა, არ არის. ეს ყველამ იცის… ნამდვილი პოეზია ერთადერთი კრიტერიუმით ფასდება ჩემთვის… მკითხველის გულს უნდა „მოხვდეს” და ეს ეყოფა „გამოსარჩლებად”… აი, ამ ახალი სიცოცხლის, მკითხველის გულის „გამოსარჩლების” გარეშე თუ რჩება ლექსი და შემოქმედი, მეეჭვება, ნამდვილი იყოს… დრო ყველაზე უკეთ აფასებს ხარისხს, ნამდვილობას… რაც დროს გაუძლებს და დროსთან, ჩინ-მენდლებთან ერთად არ მოკვდება, ესე იგი მის შექმნაში „უკვდავების ნაწილი“ იდო. ესე იგი, იგი მარადიულია…13072741_992971207445588_4303700215534870661_o
მხატვრული გემოვნება სხვადასხვაა და, როგორც ამბობენ, გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ, ვფიქრობ,  ქართველ ხაალხს, რაც უნდა სხვადასხვა გემოვნება ჰქონდეს, პოეზიის დეგუსტაციის და მისი მხატვრული ღირებულების შეფასების ღვთივმომადლებული „მეექვსე გრძნობაც“ აქვს… ასე რომ, როცა შემოქმედი ,,თავს იმართლებს” მასკულტურის და სალონური კულტურის ცნებებით, პოეზიასთან მიმართებაში, ჩემი აზრით, ეს წაგებულის, არანამდვილობის პოზიციაა.
– ხევსურეთი… მაინც ბოლოს თქვენი ბედი ამ ულამაზეს და მივიწყებულ მხარეს დაუკავშირდა. მეუღლესთან ერთად ბარისახოში ცხოვრობთ და ასრულებთ პროფესიულ საქმიანობას… რა უნდა შეიცვალოს, რომ ხევსურეთში ვითარება გამოსწორდეს?
– კი, ასე მოხდა, ჩემი ცხოვრება და ყოველდღიურობა ხევსურეთს დაუკავშირდა… მთავარი ცვლილებაც სწორედ ეს იყო – „ყამარის ლექსიდან” „ბუბაილომდე”… ბუბაილო ხევსურეთში დაბადებული ლელა გაბურია… ჩემი ახალი, სხვანაირი, უცნაური „მე”…
ჩემი ყოველდღიურობა იმით იწყება, რომ დილას ჩემი მეუღლე ფინჯან ყავას მიდუღებს… ეს ფინჯანი ყავა მთელი ჩემი ცხოვრებაა, მთელი ჩემი საციცოცხლო ენერგია აქედან მოდის… მერე მე ვასაუზმებ გოგის, ვისტუმრებ სამსახურში და მეც მივდივარ ამბულატორიაში… მრავალ ადამიანს ვჭირდები, ჩემი პაციენტებიდან მე თვითონაც ვიღებ ისეთ ენერგიას, რაც მაძლიერებს, მაძლებინებს…
უკვე ყველას ვიცნობ, ამ 5 წლის განმავლობაში  თავიდან ბოლომდე გავიცანი ხევსურეთი, თავისი ავ-კარგით, დარდით და სიხარულით, ჭირ-ვარამით… ჰოდა, ვშრომობ, რომ მათი ცხოვრება უკეთესისკენ შევცვალო…
– ეს ცვლილება როგორ უნდა მოხდეს?15781378_1189423407800366_8999518379534773250_n
– ბევრი რამის შეცვლაა საჭირო იმისთვის, რომ აქაურების ცხოვრება უკეთესი გახდეს… ხშირად წერენ იმის შესახებ, რა უნდა გაკეთდეს, რომ ხალხი მთაში დაბრუნდეს… ჩემი აზრით, ჯერ ის არის საფიქრალი, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვინც მთაში ცხოვრობს, იქ დარჩეს და არ გამოიქცეს… ამაზე არც წერენ და არც საუბრობენ.
აი, მაგალითად, სოფელი გუდანი, მისი საცხოვრებელი სახლები მთლიანად ედუარდ შევარდნაძემ ააშენებინა და საჩუქრად გადასცა მოსახლეობას, ასევე გაკეთდა შატილში კომუნისტების დროს… მოსახლეობა დარჩა და შენარჩუნდა გუდანშიც, შატილშიც… დღესაც ასეთი მოქმედებაა საჭირო, მთაში მოსახლეობას უნდა აუშენონ სახლები და აჩუქონ, გაიყვანონ გაზი, რომ მათი შვილები იქ დარჩნენ და აღარ წამოვიდნენ… მთაში მცხოვრების სტატუსის მინიჭება და აქედან მიღებული 200 ლარი საქმეს ვერ უშველის… თუ მართლა გვინდა ამ კუთხის გადარჩენა, პრობლემები კარგად უნდა შევისწავლოთ და ინდივიდუალურად მოვაგვაროთ თითოეული ოჯახის საქმე…
დავეხმაროთ თითოეულს, ვკითხოთ, რა სჭირდება იმისთვის, რომ დარჩეს მთაში და იქიდან არ გამოიქცეს.
არსებობენ ოჯახები, რომლებსაც სამი ვაჟი ჰყავს, მეტი შანსია, რომ ამ სამი ვაჟიდან, ვინც ხევსურეთში იზრდება, სამივე თუ არა, ორი მაინც დარჩეს იქ საცხოვრებლად, თუ ამის პირობებს შევუქმნით… ეს მეტად ალბათურია, ვიდრე ის, რომ დაბრუნდეს ბარიდან ოჯახი, რომელსაც მთაში საერთოდ არ უცხოვრია… ამ სამ ვაჟს რომ ერთი ჩამონგრეული სახლი აქვს, გაიზრდება და წავა უცხოეთში ლუკმა-პურის საშოვნელად… წავა, აბა რას იზამს…
მაგრამ თუ სახელმწიფო მათ დაეხმარება, სამივეს სახლებს აუშენებს, მეტი შანსია, რომ დარჩება ხევსურეთში, იქ შეირთავს ცოლს და გააგრძელებს სიცოცხლეს ეს კუთხე…
არ შეიძლება კანონები იწერებოდეს იმ ხალხის მიერ, ვინც ერთხელ არ ყოფილა მთაში… ასეთი კანონი ვერ იმუშავებს, მკვდარია… ასეთი მკვდარი დადგენილებები და ღონისძიებები ვერ გააცოცხლებს ხევსურეთს, საჭიროა ხალხთან მეტი კომუნიკაცია, იმათი მოსმენა ხევსურეთში, ვისაც ჭკუა აქვს და ეკითხება და, შესაბამისად, მოქმედება….15252567_1154724974603543_7224106945247069836_o
– ექიმის პრობლემა ხევსურეთში. როგორც ვიცი, პირიქითა ხევსურეთსაც ერთი ექიმი ემსახურება… და ისიც პოეტია…
– პირიქითა ხევსურეთსაც და პირაქეთასაც ისეთი ექიმები ვემსახურებით, რომლებიც პოეტები ვართ… მაგრამ ეს ჩვენი პოეტობა ექიმობას კი არაფერს აკლებს, პირიქით, ჰმატებს… ასე ვართ მეც და შატილის ექიმი მიხეილ ჭინჭარაულიც… ზოგადად, ხევსურებისთვის პოეტობა, ასე ვთქვათ, „თანდაყოლილი დიაგნოზია” (იცინის) და ეს ნიჭი პაციენტთან ურთიერთობაში ძალიან გვეხმარება…
ძველად უფრო მაღალი სტანდარტი არსებობდა სამედიცინო საქმეში… ჰიპოკრატე წერდა, რომ ყველა ექიმია. ამავე დროს ფილოსოფოსიც უნდა ყოფილიყო… და ექიმს, რომელმაც მედიცინის გარდა აღარაფერი იცოდა, ჰიპოკრატეს აზრით, შეუძლებელი იყო მედიცინაც სცოდნოდა სრულფასოვნად… ეს მეტად საგულისხმო ფაქტია… და სიმართლეა…  თუ ექიმს არ გააჩნია გლობალური აზროვნება, კონკრეტული ნივთიერებათა ცვლის საკითხების ცოდნით ადამიანს ვერ უმკურნალებს… ასე რომ, გულწრფელად რომ გითხრათ, ამ თვალსაზრისით, ხევსურ პაციენტებს ძალიან გაუმართლათ…
– მეუღლე…
– მეუღლეზე ვერაფერს გიამბობთ… იმიტომ რომ ხევსურული წესით, მეუღლეზე საუბარი სირცხვილია, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ გიორგი ლიქოკელი მთავარსარდალია და კარგი ბიჭია (იცინის).
და კიდევ იმას გეტყვით – გოგი რომ არ მყავდეს, ერთი დღე ვერ გავძლებდი ხევსურეთში, ალბათ ამით ყველაფერი ვთქვი.
– რას ნიშნავს პოეტისთვის სიყვარული?205659_123780064364711_854571_n
– რასაც საერთოდ ნიშნავს სიყვარული, პოეტისთვისაც იგივეს ნიშნავს. თვისობრივად ეს ასეა… თუმცა, პოეტი უფრო ფაქიზი, მგრძნობიარე  არსებაა, მისი სამყარო არაორდინალურია, შეგრძნებები  – მძაფრი… აქედან გამომდინარე, პოეტს გამორჩეული სიყვარულით უყვარს. მე ასე მგონია…
როგორ დაიწერა „ყამარის ლექსი“?
– ,,ყამარის ლექსს” ადრე სხვა სახელი ერქვა: „მზის ტაძარში”. ასეთი დასახელება ჩემი უფროსი მეგობრის, მხატვარ თენგიზ მირზაშვილის დამსახურებაა. თენგიზმა ჩემი ლექსები რომ წაიკითხა, მან მირჩია, კრებულისთვის „ყამარის ლექსი” დამერქმია… ასეც მოვიქეცი… ძალიან მიყვარდა და ახლაც მიყვარს ეს ადამიანი, საოცარი პიროვნება იყო… შემდეგ, უფრო მოგვიანებით, ჩემი საბავშვო მოთხრობების კრებულიც თენგიზის მხატვრობით გამოიცა… ბედის ნებიერა ვარ ამით…
–  ამ ბოლო დროს ახალი რა დაწერე? ერთი ლექსი ჩვენი მკითხველისთვის..,
ბოლო ხანებში დაწერილი ლექსებიდან მოდი, ამას გეტყვით:

სამანი

გმადლობ, რომ ფერით ციცინათელის12794945_956815997727776_3131339766649617771_o
ამივსე სუნთქვა და დღე ამინთე,
რომ აღარ მაკრთობს დინება დროის
და აღარც მისი ჭრელი ამინდი…
რომ გავუსწორე მზერა წავარნას
და ბეწვის ხიდზე არ ვარ დახრილი,
გმადლობ, რომ მთების წყაროსთვალივით
სავსეა შენი ხმა და ძახილი…
რომ ვერ მეწევა სიტყვა ჯაბანი
და სანთლად ვძერწავ სიშმაგეს ლაფის…
გმადლობ, დაეტყო შენით სამანი
სიკვდილ-სიცოცხლის ულმობელ ნაპირს…
ოცნება…
– მაქვს ერთი ოცნება, მაგრამ საიდუმლოა… ვერ გავამხელ…
–  ბოლო დროს საქართველოს ბიზნესრეიტინგების კვლევის ნაციონალურმა ცენტრის ორი ჯილდო მიიღეთ…
– ეს გასულ წელს იყო, დამაჯილდოვეს, როგორც ,,წლის ხელმძღვანელი“ – ხევსურეთის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურში გამოჩენილი აქტივობებისათვის და ასევე ყაზახეთში ბიზნესდაჯილდოების ცერემონიაზე გადმომეცა სიგელი: „მედიცინის სიამაყე“… ეს ძალიან სასიხარულო და საპასუხისმგებლო ჯილდოებია ჩემთვის, რამაც კიდევ უფრო მეტი სტიმული მომცა პროფესიული საქმიანობის მხრივ…
– 2006-10 წწ. გამოეცი წიგნები: „ძველი აღთქმა და ხევსურთა წეს-რწმუნებანი“, “რა არის სწორფრობა?!“ და „ხევსურეთი ახალი აღთქმის შუქზე“ – ამ ნაშრომებში ხევსურთა რელიგიური შეხედულებები და ადათ-წესები ბიბლიის შუქზეა შესწავლილი…
– ჩემი დისერტაციის თემა სამედიცინო ეთიკის საკითხები იყო მედიცინის ისტორიაში. ვიკვლევდი, ბუნებრივია, ფოლკლორული მედიცინის, კერძოდ, კი ხევსურული ფოლკლორული მედიცინის საკითხებსაც. ამ სამუშაოს დროს წავაწყდი ძალიან ბევრ წყაროს, რომელიც აბსოლუტურად შეუსწავლელი იყო ხევსურთა ადათ-წესების ჭრილში… აი, აქედან გაჩნდა პირველი იმპულსები ამ კვლევებისათვის. საერთოდაც, ფოლკლორი ჩვენი ოჯახური ინტერესის სფეროა, პაპა- ბესარიონ გაბური ფოლკლორის ერთ-ერთი მოამაგე და ამაგდარი იყო, უმცროსი დაც ფოლკლორისტია. მეც წამძლია სულმა.14107899_1065891736820201_3306509847251361495_o
სპეციალისტების აზრით, საინტერესო კვლევები გამოვიდა, განსაკუთრებით მაღალი შეფასება მიიღო სწორფრობის თემის ჩემეულმა ინტერპრეტაციამ. მიხარია, თუ შევძელი და ერთი აგური ამ სამეცნიერო ნაშრომებითაც შევმატე ჩემი კუთხის ისტორიის შესწავლას.
ფერები… ყვავილები…
– მიყვარს პასტელური ფერები, მუქი მწვანე, ხაკისფერი… წითელ-ყვითელიც…რა ვიცი… გამორჩეულად არცერთი… ფერების შეხამება უფრო მნიშველოვანია ჩემთვის ახლა, ვიდრე, ერთი რომელიმე ცალკე აღებული ფერი…
ყვავილებიდან პირიმზეები მიყვარს გამორჩეულად… ჩემი შემოქმედებითი საღამო იყო ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, რომელსაც ჩემი მეუღლე სამსახურებრივი საქმის გამო ვერ ესწრებოდა… დავურეკე ბარისახოში და ვთხოვე, ხევსურული ქათიბი მჭირდება საღამოსთვის და გთხოვ, მძღოლს გამოატანე-მეთქი… როდესაც ქათიბი ჩამომიტანეს და გავშალე. პირიმზეებით იყო სავსე… 1700 მეტრის სიმაღლიდან ჩამომიტანა გოგიმ ამ საღამოსთვის. ეს საჩუქარი დაუვიწყარია…11412319_756349717806708_8398351481305646235_n
– ბუბაილო, თქვენი ლექსიდანაა. რატომ დაირქვი „ბუბა ბუბაილო“?
– ბუბაილო, – ეს სახელი ჩემმა მეუღლემ დამარქვა, აღარც მახსოვს პირველად, როდის და რანაირად დამიძახა… უკვე ისე ვარ ამ სახელს შეჩვეული, რომ მგონია, მთელი სიცოცხლე მერქვა… ბუბაილო შოთა არაბულის ერთ-ერთი მოთხრობის პერსონაჟი, მონადირის ცოლი… გოგის ძალიან უყვარს ეს მოთხრობა ,,სოფლის ჭირისუფალი და ბერხენი”, ჰოდა, მაგ მოთხრობის მიხედვით დამარქვა ბუბაილო… აი, ასე იყო ეს… ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა…

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები