რა რეაქცია ჰქონდა პატრიარქს 7 ნოემბრის აქციის დარბევაზე და ითვალისწინებდა თუ არა მის რჩევებს წინა ხელისუფლება

წინა ხელისუფლების დროს პატრიარქთან ხშირად მოდიოდნენ რჩევის საკითხავად ხელისუფლების უმაღლესი პირები, მაგრამ, რასაც პატრიარქი ეუბნებოდა, არაფერს ითვალისწინებდნენ, – ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საქართველოს პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი აცხადებს.
ის ასევე, 2007 წლის ნოემბრის მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ როდესაც რუსთაველზე მიტინგი დაარბიეს, პატრიარქმა ძალიან ინერვიულა.
ოხანაშვილი 2007 წლის ნოემბერში კოჯრის სპეცდანიშნულების სკოლის ხელმძღვანელი იყო.
მისი თქმით, მას სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად ქუჩაში გამოსვლა დაავალეს, რაზეც უარი განაცხადა, უარის საპასუხოდ კი სამსახურიდან დაითხოვეს.
„წინა ხელისუფლების დროს პატრიარქთან ხშირად მოდიოდნენ რჩევის საკითხავად ხელისუფლების უმაღლესი პირები, მაგრამ, რასაც პატრიარქი ეუბნებოდა, არაფერს ითვალისწინებდნენ. 2007 წლის ნოემბერში მე კოჯრის სპეცდანიშნულების სკოლის ხელმძღვანელი გახლდით და 8 ნოემბრამდე შვებულებაში ვიყავი. 7 ნოემბერს, როდესაც რუსთაველზე მიტინგი დაარბიეს, პატრიარქმა ძალიან ინერვიულა. მოგვიანებით, სანაპიროზე მორიგი დარბევის დროს, უამრავი ნაცემ-ნაბეგვი სამებას მოაწყდა თავშესაფრის ძიებაში. მახსოვს სპეცდანიშნულების რაზმები ეზოში შემოვიდნენ, თუმცა ტაძარში შემოსვლა ვერ გაბედეს. 8 ნოემბერს გამომიძახეს და მითხრეს, სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად 8-ში ქუჩაში გამოვსულიყავი. უარი განვაცხადე, რადგან ვთვლიდი, რომ მომიტინგე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სპეცდანიშნულების ძალების გამოყენება უკანონობა და უზნეობა იყო. ამის გამო 15 ნოემბერს სამსახურიდან დამითხოვეს“, -აცხადებს სოსო ოხანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები