რა პროექტების განხორციელებას გეგმავს მონაცემთა გაცვლის სააგენტო 2017 წელს და გაგრძელდება თუ არა კიბეროლიმპიადა

იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტომ 4-წლიანი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2012 წლის ნოემბრიდან 2016 წლის ნოემბრამდე განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს მოიცავდა. დავინტერესდით, თუ რა გამოწვევებთან უწევდა მას ამ დროის განმავლობაში გამკლავება, როგორ აპირებდა ელექტრონული მმართველობის განვითარებასა და კიბერსივრცის გაძლიერებას.
„კიბერ კვირა“ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარეს ირაკლი გვენეტაძეს, ამავე სააგენტოს იურიდიული სამმართველოს უფროს ნატა გოდერძიშვილს და CERT. GOV. GE-ს მენეჯერ დავით ქვათაძეს ესაუბრა. გარდა 2016 წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა, მათ 2017 წელს დაგეგმილ პროექტებზე და ელექტრონულ არჩევნებზეც ისაუბრეს, რომლის ჩატარებაც, როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ რეალურია.

– ბ-ნო ირაკლი, მოდით, საუბარი მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ანგარიშით დავიწყოთ, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა. 4 წლის განმავლობაში რომელ მნიშვნელოვან პროექტებს გამოყოფდით?

– ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, კადრების მომზადება იყო. მოგეხსენებათ, ამ კუთხით პროფესიონალების ნაკლებობაა. ამიტომ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ იმისათვის, რომ კვალიფიციური კადრები გვყავდეს. ვახდენთ როგორც ჩვენი, ისე გარე კადრების გადამზადებას. ამ ეტაპზე არ გვაქვს იმის რესურსი, რომ საზღვარგარეთ გავუშვათ, თუმცა, ორგანიზაციის დამსახურებაა იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. ჩვენ ვუზრუნველყოფთ მათ შესაბამისი ლიტერატურით და საერთაშორისო გამოცდის ჩაბარების ანაზღაურებით, რომელიც საქართველოში არ ბარდება.

ამას გარდა, ვცდილობთ, საქართველოში მეტი კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი გვყავდეს. სწორედ ამ მიზნით ხშირად ვატარებთ ტრენინგებს. საერთო ჯამში, ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის კურსები 400-მდე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენელმა გაიარა. ამას გარდა, გვაქვს კიბერინციდენტების იდენტიფიცირების კურსები, რომლებიც 150-მდე ტექნიკურმა პერსონალმა გაიარა. აღსანიშნავია რისკების მართვის ტრენინგი, აუდიტისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ტრენინგი და ისეთი საინტერესო კურსი, როგორიც კიბერკლასია. სისტემატიურად ვცდილობთ, დავაინტერესოთ ახლაგაზრდები და ეს მიმართულება მათთვის კიდევ უფრო სასურველი გავხადოთ. კიბერკლასი უკვე ორჯერ ჩატარდა. საკმაოდ დადებითი გამოხმაურება აქვს და ახალგაზრდების ჩართულობაც საკმაოდ მაღალია.

– პოპულარობით სარგებლობს კიბერუსაფრთხოების იმიტირებული სავარჯიშოები “CYBER-EXE საქართველო 2016”. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ პროექტის შესახებ? გაგრძელდება 2017 წელს?

– რა თქმა უნდა, ამ პროექტს საკმაოდ კარგი გამოხმაურება აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ორი პროექტი უცხოელ კოლეგებთან ერთად ჩავატარეთ, წელს კი ჩვენი ძალებით ვცადეთ და საკმაოდ წარმატებით.

15941419_1191269984255333_4989194272659569629_nროგორც იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფის CERT.GOV.GE-ს მენეჯერმა დავით ქვათაძემ აღნიშნა, პროექტ CYBER-EXE-ის მიზანი სხვადასხვა უწყებების და ორგანიზაციების ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტების გადამზადება იყო. მისივე განმარტებით, წლევანდელმა პროექტმა საკმაოდ დადებითი გამოხმაურება მოიპოვა.

-როგორც უკვე აღინიშნა, პროექტი მესამედ ჩატარდა. ამჯერად ჩვენ ჩავატარეთ – დამოუკიდებლად. სცენარებიც და ამოცანებიც ჩვენი სპეციალისტების მიერ იყო შედგენილი. თემატიკა განსხვავებული იყო. მათ შორის: კრიპტოგრაფია, ვირუსების ანალიზი, ქსელური ტრაფიკის ანალიზი, სოციალური ინჟინერია და ე.წ. ლოგ ფაილების ანალიზი.

პროექტის მიზანი კიბერშეტევების კრიზისული სიტუაციებისთვის საჯარო და კომერციული ორგანიზაციების ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტების მომზადება იყო, რაც ქვეყნის და, შესაბამისად, მოქალაქეების დაცულობას კიდევ უფრო აამაღლებს. ღონისძიებაში, საერთო ჯამში, 18 გუნდი მონაწილეობდა. თითოეული მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ სამი წევრისგან შედგებოდა. მონაწილეებს შორის იყვნენ როგორც საჯარო, ისე კერძო სტრუქტურების შესაბამისი მიმართულების სპეციალისტები.

– რა შეგიძლიათ მითხრათ ონლაინ რესურს http://checknet.ge/-ზე, რომელიც ერთი წლის წინ შეიქმნა? რამდენადაც ვიცი, დღეს საკმაოდ პოპულარულია…

– http://checknet.ge/ საქართველოში მყოფ ნებისმიერ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეამოწმოს და გაიგოს, გატეხილი იყო თუ არა ესა თუ ის ვებგვერდი, იყო თუ არა მათში ე.წ. მავნე კოდი, რაც სახიფათოს ხდიდა როგორც კომპიუტერის დავირუსების, ისე სხვადასხვა ოპერაციის, მაგალითად, ონლაინ შესყიდვების განხორციელების საშუალებას. ეს ვებგვერდი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მსურველმა შეამოწმოს საკუთარი IP მისამართები და მიიღოს ინფორმაცია მათი ინფიცირების ან სხვადასხვა შავ სიაში მოხვედრის შესახებ, გადახედოს აქტივობების ისტორიას და იმას, თუ რა სახის უსაფრთხოების პრობლემები ფიქსირდებოდა მათზე სხვადასხვა დროს. ამას გარდა, ჩვენ გვაქვს ჩექნეტის ანალოგიური პროგრამაც, რომელიც უშუალოდ ორგანიზაციებისთვის არის განკუთვნილი. 30-ზე მეტი ორგანიზაცია მოწმდება, რა თქმა უნდა, მათივე თანხმობის საფუძველზე. თუმცა, ეს ინფორმაცია, შესაძლოა, გამოყენებული იყოს მხოლოდ შესაბამისი მიზნით. კომერციული მიზნები აქ არ არის.

15977416_1191269974255334_393925480530701794_nმონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლებთან საუბარისას, ასევე, აღინიშნა, რომ ბოლო დროს ელექტრონული არჩევნების ჩატარების საკითხი საკმაოდ აქტუალური იყო და თუ წლების წინ რიგი პრობლემების გამო არჩევნების ასეთი გზით ჩატარება შეუძლებელი იყო, დღეს ამ საკითხს ხშირად განიხილავდნენ…

მონაცემთა გაცვლის სააგენტოს იურიდიული სამმართველოს ხელმძღვანელმა ნატა გოდერძიშვილმა განგვიმარტა, რომ მსგავსი მზაობის შესწავლა სწორედ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს დახმარებითა და უცხოელი კოლეგების ჩართულობით მოხდა.

-ჩვენ გავაკეთეთ კვლევა, რათა შეგვესწავლა, თუ რამდენად მზად იყო საქართველო არჩევნების ამ გზით ჩატარებისთვის როგორც ადმინისტრაციულად, ისე სამართლებრივად და ტენქიკურად. შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მაგალითად, მომავალ წელს ან გარკვეული პერიოდის შემდეგ ელექტრონული არჩევნები ჩაატაროს. დღეს არის იმის შესაძლებლობა, რომ ტექნიკურად, თუმცა იურიდიული ცვლილებების განხორციელების შემდეგ საქართველომ მომავალში ელექტრონული არჩევნები ჩაატაროს.

-რა საკანონმდებლო ცვლილებებია ამისთვის საჭირო?

– ჩვენი საარჩევნო კოდექსი ტრადიციულ არჩევნებზეა მორგებული, სადაც ადამიანი საარჩევნო უბანზე ფიზიკურად მიდის და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში აფიქსირებს მის ხმას. შესაბამისად, ცვლილებების შემთხვევაში საჭირო იქნება, რომ ისინი კოდექსშიც აისახოს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ვერ გაკეთდება არჩევნებამდე ერთი თვით ადრე. საჭიროა რიგი პროცედურების გავლა. მაგალითად, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სწავლება და შესაბამისი ზედამხედველობის მექანიზმების შემოღება, რათა შეუძლებელი იყოს სისტემის კომპრომეტირება.

– როგორც ფიქრობთ, დღევანდელი გადმოსახედიდან ყველაზე რეალური რა ვადაა?

– ეს მთავრობის და პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია, თუმცა, ჩვენ ვამბობთ, რომ თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჩვენ შეგვიძლია, ამ ამოცანას თავი გავართვათ. საჭირო იქნება შესაბამისი ზომების გატარება და ამას ერთი წელი დასჭირდება. ეს არ არის მხოლოდ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს პრეროგატივა. ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება. თუმცა, მას გვერდით დაუდგება იუსტიციის სამინისტროს ისეთი სსიპები, როგორიც არის მონაცემთა გაცვლის სააგენტო და სერვისების განვითარების სააგენტო, რომლებსაც აქვთ ის ტექნიკური საშუალებები და ჰყავთ ის ადამიანები, რომლებიც ამ მიმართულებით სამართლებრივი და ტექნიკური საკითხების გადაწყვეტას შეძლებენ. ეს ერთობლივი მუშაობით და ცენტრალური საარჩევნო კომისიის უშუალო ხელმძღვანელობით უნდა განხორციელდეს და ერთი წლის პერიოდში ნაანგარიშები გვაქვს, რომ ეს შესაძლებელია. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

საუბრის დასასრულს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ხელმძღვანელს ირაკლი გვენეტაძეს სააგენტოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და 2017 წელს დაგეგმილ პროექტებზეც დავეკითხეთ.15894518_1191270007588664_2679456530741662088_n

– გამოწვევები, რა თქმა უნდა, არსებობს და იქნება კიდეც, თუმცა, ვფიქრობთ, რომ სათანადოდ ვუმკლავდებით. რაც შეეხება პროექტებს, პირველი, რისი განხორციელებაც გვსურს, ეს არის რეგიონული სწვალებისა და კვლევების ცენტრის ჩამოყალიბება. კერძოდ, ნატოს პროექტის – “მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვისთვის” ფარგლებში. მეორე პროექტი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გულისხმობს აღმოსავლეთ ევროპის 16 ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობით “Сyber exe”-ს სავარჯიშოების ჩატარებას. ეს ჩვენთვის ძალიან საამაყო საქმეა. მესამე პროექტი კიბეროლიმპიადაა, თუმცა, ამას გარდა, კიდევ სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც არის, რომელზე საუბარიც ახლა ნაადრევია.
წყარო : http://cyber.kvira.ge/17767/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები