ტორესა მოსისთან შეხვედრა გაიმართება
13 იანვარს, 20:00 საათზე, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“ ტორესა მოსისთან შეხვედრას უმასპინძლებს. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, შეხვედრაზე ახალგაზრდა მწერალი ახალი რომანის, ,,იყოს” შესახებ ისაუბრებს. ავტორი ტრადიციას არც ამჯერად ღალატობს და მოქმედება კვლავ პატარა ქალაქ თელავში ვითარდება.
წიგნში დრამას ძველი მითების სამყარო, დეტექტივი და ტრილერი ენაცვლება. რეაქციონერული გაზეთი „ალაზნის სიო“ ანონიმი ავტორით „ღვარძლიანი ელიკო“, „ნემცების“ ოჯახი ელექტრონული მუსიკის წვეულებებით და „მენაპირე ბერების საძმო“ ერთ სივრცეში იყრის თავს და როცა წარსული აწმყოს გადაეჯაჭვება, იქ, სადაც განსხვავებული იდეები დომინანტობისთვის იბრძვიან, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მართლაც, ყველაფერი მოხდება, რაც შეიძლება, რომ მოხდეს და ისიც, რაც რთულად წარმოსადგენია.