„თბილისის მერიის ნებართვებით მოჭრილ ხეებს შორის, წინა წლებთან შედარებით, მინიმუმ 5-ჯერ მეტ ხეს მიენიჭა დაზიანებულის სტატუსი“

2016 წელს თბილისის მერიის ნებართვებით მოჭრილ ხეებს შორის, წინა წლებთან შედარებით, მინიმუმ 5-ჯერ მეტ ხეს მიენიჭა დაზიანებულის სტატუსი. ამის შესახებ ნათქვამია IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, IDFI-ის ცნობით, ნებართვების საფუძველზე მოჭრილი ხეების მთლიანი რაოდენობა არ გაზრდილა.
„2016 წელს თბილისის მერიის ნებართვებით მოჭრილ ხეებს შორის, წინა წლებთან შედარებით, მინიმუმ 5-ჯერ მეტ ხეს მიენიჭა დაზიანებულის სტატუსი. ამასთან, ნებართვების საფუძველზე მოჭრილი ხეების მთლიანი რაოდენობა არ გაზრდილა. ეს გარემოება აჩენს კითხვას, თუ რამდენად კეთილსინდისიერად ხდება დედაქალაქში ხეებისთვის დაზიანებული სტატუსის მინიჭება. მით უმეტეს, რომ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა 2016 წლის ზაფხულში გამოავლინეს ერთ-ერთი ასეთი ფაქტი. 2016 წლის ზაფხულში „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) თბილისის მერიიდან გამოითხოვა ინფორმაცია საცხოვრებელი კორპუსებისა და კომერციული ობიექტების მშენებლობაზე ხეების მოსაჭრელად გაცემულ ნებართვებზე, ნებართვების გაცემიდან ქალაქის ბიუჯეტში არსებულ შემოსავლის რაოდენობაზე და უნებართვოდ მოჭრილი ხეების რაოდენობაზე. თბილისის არქიტექტურის სამსახურის ცნობით, 2011 – 2016 წლებში (28 აგვისტოს ჩათვლით) სულ გაიცა 1,747 ნებართვა საცხოვრებელი კორპუსისა და მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობაზე. ყველაზე მეტი მშენებლობის ნებართვა გაიცა 2011 წელს – 375. 2012 წელს ეს ციფრი 142-მდე შემცირდა, თუმცა 2013 წლის შემდეგ გაცემული ნებართვების რაოდენობა კვლავ იზრდება და 2015 წელს მათი რიცხვი 334-ს გაუტოლდა. 2016 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით (255 ნებართვა), შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნებართვების გაცემის მზარდი ტენდენცია 2016 წელსაც შენარჩუნდა. მშენებლობის მიზნით ხეების მოჭრაზე გაცემული ნებართვების შესახებ IDFI-ის მოთხოვნის პასუხად, დამუშავებული სტატისტიკური მონაცემების ნაცვლად, თბილისის მერიამ წარმოადგინა „ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის“ მიერ 2011-2016 წლებში გაცემული ნებართვების ასლები. ამასთან, მერიის პასუხის თანახმად, 2011-2012 წლებში გაცემული ნებართვების ნაწილის მოძიება მათ მონაცემთა ბაზაში ვერ მოხერხდა. IDFI-ის მიერ დამუშავებული დოკუმენტაციის მიხედვით, 2013 წლიდან 2016 წლის 16 აგვისტომდე სულ გაიცა 583 ნებართვა 3,552 ხის მოჭრაზე, საიდანაც დაავადებული იყო 827 ხე.  მონაცემების ანალიზიდან ირკვევა, რომ 2016 წელს ხეების მოჭრის შესახებ გაცემულ ნებართვებში, წინა წლებთან შედარებით, 5-ჯერ გაიზარდა დაზიანებული ხეების რაოდენობა. კერძოდ, 2016 წელს (16 აგვისტოს ჩათვლით) ნებართვის საფუძველზე მოჭრილი 709 ხიდან 500-ს ჰქონდა მინიჭებული დაზიანებულის სტატუსი, 2015 წელს 1,088 ხიდან დაზიანებული იყო 111, 2014 წელს 809 ხიდან – 80, ხოლო 2013 წელს 946-დან – მხოლოდ 36.

სამწუხაროდ, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული ნებართვების ასლებიდან, ხშირ შემთხვევაში, არ ირკვევა, თუ რა მიზნით ითხოვდა განმცხადებელი ხის მოჭრის ნებართვას. შესაბამისად, IDFI-ის მიერ დოკუმენტაციის შესწავლით სრულყოფილად ვერ იქნა გამოვლენილი, თუ რამდენი ხის მოჭრაზე გაიცა ნებართვა უშუალოდ საცხოვრებელი კორპუსების და მრავალფუნქციური ობიექტების მშენებლობის მიზნით. მაგალითად, 2016 წლის 2 აგვისტოს შპს „ორბი ჯგუფი თბილისს“ ყაზბეგის ქუჩაზე მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე 44 ხის მოჭრის და 4 ხის მიმდებარე ტერიტორიაზე გადარგვის ნებართვა მიეცა. დოკუმენტაციით არ ირკვევა, თუ რა მიზნით მოიჭრა ეს ხეები, თუმცა კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხეების მოჭრა/გადარგვა უკავშირდება მშენებლობას“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

IDFI-ის ცნობით, ქალაქ თბილისში ხეების მოჭრაზე ნებართვების გაცემით თბილისის მერიამ 2011-2016 წლებში შემოსავლის სახით სულ მიიღო 1,947,282 ლარი, რაც წლების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: 2011 – 46,844 ლარი ; 2012 – 89,836 ლარი; 2013 – 184,207 ლარი 2014 – 263,813 ლარი; 2015 – 695,804 ლარი; 2016 (5 სექტემბრის მდგომარეობით) – 666,778 ლარი.

„მშენებლობის მიზეზით უკანონოდ მოჭრილი ხეების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნაზე თბილისის მერიამ IDFI-ის მიაწოდა მხოლოდ 2014-2016 წლებში მსგავსი შემთხვევების სააღრიცხვო დოკუმენტები. სამწუხაროდ, აღნიშნული დოკუმენტაციის შემთხვევაშიც, ინსტიტუტს არ ეძლევა საშუალება, მოახდინოს იდენტიფიცირება თუ რამდენი ხე იქნა მოჭრილი უკანონოდ უშუალოდ საცხოვრებელი კორპუსების და კომერციული ობიექტების მშენებლობებთან დაკავშირებით.

დოკუმენტაციის შესწავლით ირკვევა, რომ 2014-2016 წლებში თბილისის მერიის მიერ სულ აღრიცხულია 1,823 ხე-მცენარის უკანონოდ მოჭრის/დაზიანების შემთხვევა, საიდანაც 2016 წელს ფიქსირდება – 274, 2015 წელს – 839, ხოლო 2014 წელს – 710.

თბილისის მერიის შეფასებით, 2015-2016 წლებში (31 აგვისტოს მდგომარეობით) უკანონოდ მოჭრის/დაზიანების შედეგად ქალაქისთვის მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 1,104,713 ლარი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები