მათიკაშვილი – შაჰინისა და რიშის განცხადებაზე: ამ ორი სენატორის განცხადებიდან საქართველოში ზეწოლა იკითხება
“ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის განცხადებიდან საზოგადოება დასკვნებს მარტივად გამოიტანს, ქვეყნისგან რა უნდათ. ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
როგორც მან განმარტა, საქმე წარმოუდგენელ აბსურდთან გვაქვს, როცა იმაზე მსჯელობენ, “თითქოს, საქართველოში დემოკრატია ხელისუფლებას არ უნდა და რადიკალურ ოპოზიციას უნდა”.
“ამ ორი სენატორის განცხადებიდან საქართველოში ზეწოლა იკითხება.
საზოგადოება დასკვნებს მარტივად გამოიტანს, ქვეყნისგან რა უნდათ. ხელისუფლებას ხალხი ირჩევს და ამერიკელ სენატორებს რა უნდათ, საქართველოში აპართეიდი იყოს? მათ დემოკრატია არ მოსწონთ? არც უმრავლესობის მმართველობა? უნდათ, რომ ქვეყანა რადიკალების მცირე ჯგუფმა მართოს? ეს არის ნაქები ამერიკული დემოკრატია, რასაც შეერთებული შტატები ქადაგებს? ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია. მათ ქართველ ხალხს და მათ სურვილებს თვალი გაუსწორონ. ურთიერთობა იმ ხელისუფლებასთან იქონიონ, ვინც ქართველ ხალხს მოსწონს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ამერიკელი სენატორები – ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას და 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ – „მოვუწოდებთ ტრამპის ადმინისტრაციას, გაითვალისწინოს საქართველოს მთავრობის ბოლო ნაბიჯები, ვიდრე ურთიერთობის გადახედვაზე გადაწყვეტილებას მიიღებს”.