ენერგეტიკის მინისტრი: საქართველომ მალე შესაძლოა, ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყოს

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია შესაძლოა, თურქეთის გავლით ევროპაში ექსპორტზე გავიდეს.
კახა კალაძის თქმით, ოპონენტების საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა, საქართველოს მოსახლეობას დენი გრაფიკით მიეწოდოს, აბსურდია.
“მარეგულირებელმა კომისიამ, როდესაც მიმდინარეობდა ტარიფის განხილვა, გამოიტანა დადგენილება, რომ ტარიფის გაზრდა არ არის აუცილებელი. ჩვენს ოპონენტებს ეს ძალიან არ ესიამოვნათ, ვინაიდან ვიდრე ეს დადგენილება იქნებოდა გამოტანილი, ვისმენდით აბსოლუტურად არაპროფესიონალურ, არაადეკვატურ განცხადებებს “ნაციონალური მოძრაობისა” და თავიანთი ე.წ. ექსპერტების მხრიდან. ეს იყო პოლიტიკური დემაგოგიის ნაწილი. ისინი საუბრობდნენ, რომ ტარიფები აუცილებლად გაიზრდება, ენერგოსისტემა თავზე დაგვენგრევა, დენის მიწოდება იქნება გრაფიკით და სხვა ბრალდებები. მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუჯერონ ამ ადამიანებს. თუ იქნება მიღებული რაიმე გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ტარიფი უნდა გაიზარდოს, ამას ადგენს მარეგულირებელი კომისია. თუმცა ამის მიუხედავად, რადგანაც ეს არის სენსიტიური თემა, ჩვენ სამინისტროში გვყავს ადამიანები, ვინც ანგარიშობენ, ითვლიან და გარკვეული ანალიზი კეთდება, ტარიფის ზრდა მოხდება, თუ არ მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის “სემეკის” პრეროგატივა”,- განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, საერთაშორისო ბაზარზე ელექტროენერგიის ფასი მკვეთრად დაეცა, რის გამოც სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის საშიშროება თავიდან იქნა არიდებული.
“ტარიფი შედგება რამდენიმე კომპონენტისაგან, მათ შორის არის იმპორტირებული ელექტროენერგია. რამ მოგვცა ჩვენ იმის შესაძლებლობა, რომ არ გაძვირებულიყო ტარიფი – გათვალისწინებული იყო ელექტროენერგიის შესყიდვა 6,2–6,5 ცენტად. იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე მაქვს საუბარი.ზოგადად, საერთაშორისო ბაზარზე დაეცა ელექტროენერგიის ფასი და ჩვენ რასაც დღეს ვყიდულობთ მეზობელი ქვეყნებიდან გვიწევს გაცილებით ნაკლებად ყიდვა, ვიდრე ეს იყო ბალანსირებულ ელექტროენერგიაში გათვალისწინებული და იქ არის კიდევ პატარა შესაძლებლობები, რომელთა გამოყენების წყალობით არ მოხდა ტარიფის მატება”,- აღნიშნა კალაძემ.
ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, თუ იქნება საჭიროება, რომ გადაწყვეტილება შეიცვალოს “სემეკი” ამაზე იმსჯელებს.

“თუ იქნება იმის საჭიროება, რომ ენერგეტიკა ვერ გადაიტანს, კომპანიებს ექნებათ სერიოზული პრობლემები, რა თქმა უნდა, მარეგულირებელი ამას არ დაუშვებს, რომ გააკოტროს კომპანიები, ხალხი დაითხოვონ სამსახურებიდან, ქვეყანა ჩავაბნელოთ – ეს აღარ იქნება. საქართველოში არასდროს არ დაბრუნდება 90–იანი წლები. ეს მინდა ვუთხრა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და პირიქით, იმდენი კეთდება და იმდენი პროექტები ხორციელდება, რომ არამარტო ჩვენ გვექნება საშუალება, საქართველოში წარმოებული ელექტროენერგია, როგორც პროდუქტი, გავიტანოთ თურქეთში, თურქეთის გავლით ევროპულ ქვეყნებში, ამას საქართველო ძალიან მალე, რამდენიმე წელიწადში აუცილებლად მიაღწევს”,- განაცხადაკახა კალაძემ “იმედის”ეთერში.

კახა კალაძე აცხადებს, რო ენერგეტიკის სფეროში მომავალ 4 წელიწადში დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია იგეგმება.

“წელს 2 მნიშვნელოვანი პროექტი სრულდება, ეს არის დარიალის ჰიდროელექტროსადგური, და აჭარის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც წელს შევა ექსპლოატაციაში”,- აღნიშნა კალაძემ.

“სემეკის” გადაწყვეტილებით, 2017 წლისთვის სამომხმარებლო ტარიფი იგივე დარჩა, თუმცა ჰიდროელეტქროსადგურებს ტარიფები გაეზარდათ.
“თელასის” საყოფაცხოვრებო ტარიფები ამ დროისთვის ასეთია: 0 კვტ.სთ 101 კვტ.სთ 12.980 თეთრი; 101 კვტ.სთ 301 კვტ.სთ 16.992 თეთრი; 301 კვტ.სთ – 21.476 თეთრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები