დათა ახალაიას ბრალი დაუმძიმდა, კუდის მეხუთე სამმართველოს ყოფილი უფროსი კი დააკავეს

  საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, მოქალაქეების ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მათ მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეხუთე სამმართველოს ყოფილი უფროსი ვალერიან მეტრეველი დააკავეს. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. ხოლო ბრალდების შესახებ გამოტანილია დადგენილებები ყოფილი მაღალჩინოსნების: ამავე დეპარტამენტის უფროსის დავით ახალაიას და პირველი სამმართველოს უფროსის გერონტი ალანიას მიმართ. “გამოძიებით დადგინდა, რომ 2005 წლის სექტემბერში, ვინმე „დათო“ გაცნობისა და ურთიერთობის მიზნით მობილურ ტელეფონზე უკავშირდებოდა ვამეხ აბულაშვილის მეგობარ გოგოს, რაც ვ.აბულაშვილთან სიტყვიერი სატელეფონო შელაპარაკების მიზეზი გახდა. ხსენებული დათო შემდგომში აღმოჩნდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი დავით ახალაია. ამ საუბრიდან მალევე, 5 ოქტომბერს, ვამეხ აბულაშვილს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი ვალერიან მეტრეველი და წინასწარ შეთხზული მიზეზით იმავე დღეს, შეხვდა ვამეხ აბულაშვილს, რომელსაც ახლდა მეგობარი კახაბერ დაბრუნდაშვილი. შეხვედრისას ვალერიან მეტრეველმა სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად, ისინი ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე, ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს სოფელ ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ დახვდნენ: დათა ახალაია, გერონტი ალანია, და მათთან ერთად მყოფი ათამდე შეიარაღებული გამოძიებით დაუდგენელი პირი. დათა ახალაიამ შურისძიების მოტივით, მის წინაშე იძულებით მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში მყოფ ვამეხ აბულაშვილს, სახის არეში ფეხი დაარტყა, რის შემდგომაც დ.ახალაიამ მის თანმხლებ პირებთან ერთად მათი უმოწყალოდ ცემა დაიწყეს. მას შემდეგ რაც მათ გული იჯერეს ვ.აბულაშვილის ცემით და დამცირებით, დ.ახალაიამ საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა მის მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი, მიმართა დაჩოქილი აბულაშვილის და მისი მეგობრის დაბრუნდაშვილის მიმართულებით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და კითხა თუ რომელი მოეკლა პირველი, რის შემდეგაც მათ მიმართულებით მოახდინა გასროლა ჰაერში. ასევე კატეგორიულად გააფრთხილა ისინი რომ მომხდარი ფაქტის გახმაურების შემთხვევაში, მათ და მათი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელდებოდა ფიზიკური ანგარიშსწორება. აქვე გაცნობებთ, რომ ხსენებული ფაქტი გამოვლენილი იქნა სანდრო გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის საქმის განახლებული გამოძიების ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ როგორც სანდრო გირგვლიანის ისე ვამეხ აბულაშვილის შემთხვევაში დანაშაულის ადგილი იდენტურია, კერძოდ ორივე შემთხვევა მოხდა სოფელ ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში. საქმეზე გამოძიება გრძელდება სსკ-ის 333-ე, 143-ე, 144 პრიმა 1 და პრიმა 3 მუხლებით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 დან 15 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები