სოციალური მომსახურების სააგენტო თანამშრომლების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სოციალური მომსახურების სააგენტო საგამოძიებო სამსახურის მიერ თანამშრომლების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში თანხების მითვისების ფაქტზე საქმის აღძვრა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე მოხდა.
“მას შემდეგ, რაც სოციალური მომსახურების სააგენტოსა და „ლიბერთი ბანკში“ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში ადგილი ჰქონდა ფინანსურ დარღვევებს კონკრეტული პირების მხრიდან, სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტმა შეისწავლა მასალები და ახსნა-განმარტება ჩამოართვა საქმესთან დაკავშირებულ რამდენიმე პირს. მოპოვებული ინფორმაცია შესაბამისი რეაგირებისთვის გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი ღონისძიების შედეგად დაკავებულია იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ორი თანამშრომელი. სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად განაგრძობს მუშაობას მსგავსი, შესაძლო დარღვევების გამოსავლენად”,-ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივად გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი მინდობილობების გამოყენებით დიდი ოდენობით საპენსიო თანხების თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე, სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სპეციალისტები დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა იმ პენსიონერების სახელით, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ ან იყვნენ გარდაცვლილი, თუმცა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაში ფიქსირდებოდნენ აქტიურად და შეჩერებული ჰქონდათ პენსიის ჩარიცხვა, შეავსეს განაცხადებები პენსიის აღდგენის თაობაზე, რაც მათ მიერვე დაკმაყოფილებული იქნა. შემდგომ, “ლიბერთი ბანკში” წარადგინეს ყალბი მინდობილობები, მინდობილ პირებზე დამზადდა პენსიონერის ანგარიშზე მიბმული დამატებითი ბარათები.
აღნიშნული გზით ბრალდებულების და მათთან დაკავშირებული 8 პირის სახელზე გაიცა 29 პენსიონერის დამატებითი საპენსიო ბარათი, რომლის მეშვეობითაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საერთო ჯამში თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 115 985,5 ლარს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები