როგორ აღვადგინოთ თაობებს შორის კავშირი?!
ჟიული შარტავას სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლის ინიციატივით საქართველოს ტექნიკურ უნვერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო ჟურნალის „ქართული პოლიტიკა“ სპეციალური გამოცემების – ჯემალ გახოკიძის „გზა, რომელმაც არ მიგვიყვანა სამართლებრივ სახელმწიფომდე“; ვახტან ყოლბაიას „სამშვიდობო ინიციატივათა პროგრამები და ახალგაზრდობის როლი ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესებში“ – პრეზენტაცია.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, საზოგადოებას აგრეთვე წარედგინა რევაზ ჯაველიძის ბროშურა – „სამოქალაქო განათლების დამკვიდრება ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების გზით“.
პრეზენტაცია, რომელსაც უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, საზოგადოების წარმომადგენლები, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და სტუდენტები ესწრებოდნენ, სტუ-ის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა.
მოხსენება – „სამშვიდობო ინიციატივათა პროგრამები და ახალგაზრდობის როლი ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესებში“, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელმა (დევნილობაში) ვახტანგ ყოლბაიამ წარმოადგინა.
მოხსენება კვლევას ეყრდნობა, რომელიც აფხაზეთის ომის შემდგომი პერიოდის ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესწავლის შედეგია.
ვახტანგ ყოლბაია მიიჩნევს, რომ ქართულ-აფხაზური ჯერ კიდევ მოუგვარებელი კონფლიქტის დაწყებიდან 23 წლის შემდეგ მთავარი პრობლემა ქართველი და აფხაზი ახალგაზრდობაა, რომელთა შორის გაუცხოება დროთა განმავლობაში უფრო და უფრო აშკარა ხდება, რადგან მათ ერთიან ქართულ-აფხაზურ სივრცეში თანაცხოვრების გამოცდილება აღარ გააჩნიათ.
სწორედ ამიტომ, მისი თქმით, აუცილებელია ახალგაზრდობისთვის ერთობლივი სამშვიდობო პროგრამებისა და პროექტების ინტენსიურად ამოქმედება, რაც მათ გაუცხოების დაძლევის გზების ძიებაში დაეხმარება.
ვახტანგ ყოლბაიას აზრით, ამ მიმართულებით აუცილებელია სამთავრობო რესურსის, სამეცნიერო პოტენციალის, განათლებისა და ჯანდაცვის ინიციატივებისა და ახალი ხედვების გამოყენება, შერიგების სამშვიდობო რესურსების, ნდობის აღდგენისა და შერიგების შიდა სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება, თაობათა შორის კავშირის გასაძლიერებლად ახალგაზრდობის ფორუმებისა და სადისკუსიო ცენტრების ჩამოყალიბება, რომლის ფარგლებშიც დიალოგის ენა ქართულ-აფხაზური იქნება.
მოხსენება – „გზა, რომელმაც არ მიგვიყვანა სამართლებრივ სახელმწიფომდე“, სტუ-ის სრულმა პროფესორმა, წარსულში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ჯემალ გახოკიძემ წარმოადგინა.
მისი კვლევის მიზანია, გაარკვიოს, შეეძლო თუ არა საქართველოს იმდროინდელ ხელისუფლებას, შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით, კონფლიქტების თავიდან აცილება. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ავტორი მიიჩნევს, რომ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საქართველოს სახელმწიფოში და აფხაზებისა და ოსების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხარისხი იმ დროისთვის სასურველზე დაბალი აღმოჩნდა.
ამას გარდა, ვერ მოხერხდა სრულიად გასაგები და აშკარა პრობლემის აღმოსაფხვრელად თანამიმდევრული ქმედითი ღონისძიებების გატარება, რაც, ავტორის აზრით, კონფლიქტის გაღრმავებისა და ომის დაწყების წინაპირობა გახდა, შედეგად კი საქართველოსგან განდგომილი აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი მივიღეთ.
მესამე მოხსენება-პრეზენტაცია თემაზე „საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის საინფორმაციო მონაცემთა ბაზის შექმნა”, ჟიული შარტავას სახელობის სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლის დირექტორმა ზურაბ ჯიბლაძემ წარმოადგინა.
ერთიანი საინფორმაციო ბაზის არსებობა ის აუცილებელი წინაპირობაა, რის გარეშეც ძალიან რთულია ბოლო ათწლეულების მანძილზე მომხდარის სრულყოფილი ანალიზი და აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიალოგის აღდგენა.
ქართული მხარე მზად უნდა იყოს ამ დიალოგისთვის და ეს მზადყოფნა ვერ იქნება სრული, თუ არ მოხდა დეტალური შესწავლა იმ დოკუმენტებისა, რომლებიც არსებობს ამ კონფლიქტების გარშემო.
საინფორმაციო მონაცემთა ბაზის შექმნა ადვილად ხელმისაწვდომს გახდის როგორც ქართული, ისე რუსული და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ და მიღებულ დოკუმენტებს შესაბამისი პირებისა და სამსახურების მიერ მათი შემდგომი გამოყენების მიზნით.
შეხვედრის ბოლოს ზურაბ ჯიბლაძემ წარმოადგინა სამეცნიერო ჟურნალ „ქართული პოლიტიკის“ მიერ გამოცემული უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის წიგნის „ქართული იდეა.
მიმართულება – სახელმწიფოებრივი პატრიოტიზმი“ ელ-ვერსია.
წიგნში მოცემულია პატრიარქის მოსაზრებები სახელმწიფოებრივი პატრიოტიზმის შესახებ, რაც დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული იდეის განხორციელებისთვის, ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების წარმატებით გადასაჭრელად. წიგნი იმითიცაა საინტერესო და იშვიათი, რომ ის დაბეჭდილია თავად პატრიარქის ხელნაწერი შრიფტით, რაც სასიამოვნო სიახლეა ამ სფეროში.
პრეზენტაცია შემაჯამებელი სიტყვით დახურა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა.